ფეხბურთი

15:54 | 24.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სხვა იმედი, სხვა რეალობა...

რაღა დარჩა, ორი კვირაც და საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ახალი, მოლოდინით სავსე, იმედიანი, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაიწყება –“ჯვაროსნები” რუსეთში მიმავალ გზას 5 სექტემბერს, “დინამო არენაზე”, ავსტრიის ნაკრებთან შეხვედრით იწყებენ. იმ ავსტრიით, რომელმაც ევროპის 2016 წლის შესარჩევი ციკლი დაუმარცხებლად განვლო და ჩინებული ფეხბურთი აჩვენა. თუმცა, უშუალოდ ფინალურ ეტაპზე ცუდად გამოვიდა და ტურნირი სამ მატჩში მოპოვებული კინკილა ქულით დაასრულა. თუმცა ავსტრიელთა გასაჭირი იქეთ იყოს – ჩვენ, ჩვენი გაგვჭირვებია და მოდით ამაზე ვისაუბროთ...

ვლადიმირ ვაისის პირველი ოფიციალური მატჩი ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის მწვრთნელის რანგში. აქამდე სლოვაკის თაოსნობით ოთხი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა საქართველომ და ვერ ვიტყვით, რომ საქმე იდეალურად იყო. და მაინც, ესპანეთთან ისტორიულმა მოგებამ, ოდნავ მაინც, იმედის ნაპერწკალი გააჩინა, თორემ მანამდე ფრე ყაზახეთთან და უიმედო წაგებები რუმინეთთან და სლოვაკეთთან ფაქტობრივად უიმედოდაც გვტოვებდა. ვაისმა აღნიშნული მატჩისთვის, რომელსაც სხვათა შორის ის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ეს ბუნებრივიცაა, 28 ფეხბურთელი გამოიძახა. როგორც თვითონ თქვა, ეს გაფართოებული სიაა და ადვილი შესაძლებელია იგი 5 სექტემბრამდე შემცირდეს – ვარჯიშები ყველაფერს გამოაჩენსო.

მეკარე

უკვე გადაწყვეტილია, რომ ნაკრების კარს გიორგი ლორია დაიცავს. ამის შესახებ ვაისმა უკვე დააანონსა. სლოვაკის აზრით, ამჟამად გიორგი სხვებთან შედარებით ყველაზე კარგ ფორმაშია და არც ცდება. ლორიამ მიმდინარე სეზონი მართლაც ჩინებულად დაიწყო. არადა, რაც ვაისია ნაკრებში, გიორგის არ მისცემია თამაშის საშუალება. წინა ოთხ მატჩში კარში ან ნუკრი რევიშვილი იდგა, ანაც როინ კვასხვაძე. ახლა რევიშვილი უგუნდოდაა და ბუნებრივია, არც ფორმაში უნდა იყოს. ვაისი ნაკრებში იძახებს გიორგი მაკარიძეს, თუმცა ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ მის მიმართ ნდობითაა აღჭურვილი. თუ ახლო წარსულს გადავხედავთ, იგი უფრო ნაკრების მეოთხე მეკარედ მოიაზრება. არადა, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში თამაში ბევრ რამეზე უნდა მეტყველებდეს წესით... ყოველ შემთხვევაში ამ პოზიციაზე საქართველოს ნაკრებს ნამდვილად ყველზე მეტად ულხინს და დღევანდელი სიტუაციით, გიორგი ლორია ნამდვილად იმსახურებს, რომ პირველი ნომერი იყოს.

დაცვა

დაცვაში ძირითადად ნაცნობ სახეებს ვხედავთ, თუმცა ერთი დებიუტანტია – ოდესის “ჩერნომორეცის” 23 წლის მოთამაშე დავით ხოჭოლავა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ვაისმა ბოლო მომენტში იხმო, მას შემდგომ, რაც გაირკვა, რომ გიორგი ქვილითაია 5 სექტემბრამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდა. ხოჭოლავას უკრაინაში საკმაოდ კარგი პრესა აქვს და არც სათამაშო პრაქტიკის არქონას უჩივის. ბოლო ტურში კი გოლიც გაიტანა და ტურის სომბოლურშიც მოხვდა. მოკლედ, საინტერესო იქნება მისი ხილვა, ერთი ეგაა, ძნელად სავარაუდოა მას თამაშის საშუალება მიეცეს.

მოდით ვაღიაროთ და დაცვის ხაზში საგანგაშო მდგომარებაა! – უთამაშებელია სოლომონ კვირკველია, რომელიც ბოლო პერიოდში დაცვის ნათელი წერტილი იყო. საბას ყაზანის “რუბინში” კონფლიქტი აქვს და განაცხადსაც არ აკარებენ. ძნელი სათქმელია როგორ ფორმაშია გიორგი ნავალოვსკი, რომელიც “ვერიაში” გადაბარგდა და საკონტროლო მატჩებში ითამაშა კიდეც, მაგრამ ძირითადში მოხვედრა უჭირს. იგივე ითქმის კიდევ ერთ მარცხენა მცველ ზურაბ ცისკარიძეზე. მარჯვენა ფლანგზე კი ოთარ კაკაბაძე და უჩა ლობჟანიძე გვეყოლება – ლობჟანიძეს თბილისის “დინამოში” უცვლელად უწევს თამაში, მაგრამ რად გინდა?! რაც შეეხება კაკაბაძეს, “ხიმნასტიკში” საკონტროლო მატჩებში იასპარეზა, მაგრამ ლიგა ადელანტეს პირველ ტურში 18 კაცში ვერ მოხვდა. ესეც კიდევ ერთი სიგნალი... ალექსანდრე ამისულაშვილი ალბათ ისევ ნაკრების ძირითადში იქნება, რაც ქართველ გულშემატკივართა უმრავლესობას ნამდვილად არ გაეხარდება. საერთოდ, ვეტერანი ფეხბურთელი აშკარად დამძიმებულია და ეს კარგად გამოჩნდა ევროტურნირების მატჩებში. თუმცა, როგორც ვლადიმირ ვაისი ამბობს, ამ ეტაპზე ევროსარბიელზე “დინამოს” ცუდი ასპარეზობის მიუხედავად, იმ ფეხბურთელებს, ვინც ამ გუნდიდან იხმო, ვერ ჩაანაცვლებს, რადგან ელემენტარულად, მათ შემცვლელს ვერ პოულობს... რაღა უნდა ვთქვათ?! – დარჩა გურამ კაშია. ერთადერთი ნათელი წერტილი დაცვაში სხვების ფონზე მაინც. საერთოდ, ბევრი მიიჩნევს, რომ გურამმა უნდა უკაპიტნოს ნაკრებს მანამ, სანამ ჯაბა კანკავა გუნდში არ იქნება. ისე, რატომაც არა? – “ვიტესში” წლებია უკვე კაპიტანია...

ნახევარდაცვა

აქ რაღა თქმა უნდა, მთავარი მოულოდნელობა ჯაბა კანკავას არყოფნაა. როგორც ეროვნული ნაკრების კურატორმა ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა ჯაბას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ორ თვეზე მეტია, რაც არ უვარჯიშია. შესაბამისად, იგი ამჟამად ნაკრებისთვის მზად არაა. სხვათა შორის, აღნიშნული ინფორმაცია WORLDSPORT.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში უშუალოდ ფეხბურთელმაც დაადასტურა. თუმცა კითხვები რჩება – რატომ არაა ჯაბა ნაკრებშიო, მუსირებს სხვადასხვა აზრი გულშემატკივართა შორის... ამ ეტაპზე რასაც ორივე მხარე ახმაურებს, მხოლოდ ისაა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

და ვინ შეცვლის მას? – ვაისმა აღიარა, მისი შეცვლა გაგვიჭირდება, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ ეს ვაკუუმი ამოავსონო. ახსენა გიორგი აბურჯანია, რომელიც “სევილიას” მეორე გუნდში ახლახან გადავიდა და კარგა ხნის უვარჯიშებელია, თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ. ახსენა ბუბა დაუშვილი, რომელიც უნგრეთის ჩემპიონატში თამაშობს საკმაოდ კარგად, ნურც ნიკა კვეკვესკირს დავივიწყებთ, რომელიც ალბათ, დღეს ნახევარმცველთაგან ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაშია გასაგები მიზეზების გამო. საერთოდ, ამ რგოლშიც ვერ ვიქნებით მაინცდამაინც ოპტიმისტურად განწყობილი – ნაკრების ბოლო წლების ლიდერი და მთავარი შემოქმედი თორნიკე ოქრიაშვილი უთამაშებელია. მარტივი მიზეზის გამო – ახალ გუნდს ეძებს. გუნდშია, მაგრამ ისიც უთამაშებელია – გიორგი ჭანტურია. მისთვის “ურალის” 11 კაცში მოხვედრა სირთულესთანაა დაკავშირებული. სამაგიეროდ, სეზონის სტარტი ბრწყინვალე აქვს ჯანო ანანიძეს. ჩვენი “ტრეკვარტისტა” კარგ ფორმაშია მართლაც და ტრავმებმა თუ არ შეუშალა ხელი, შესაძლოა სწორედ ის აღმოჩნდეს მთავარი ჯოკერი. ვლადიმირ ვაისის რჩეულთა შორის ორი დინამოელიცაა – ჯაბა ჯიღაური, რომელმაც ესპანეთთან ისტორიულ გამარჯვებას დიდი წვლილი შეიტანა და გიორგი პაპუნაშვილი. აქ ცოტა გასაკვირადაა საქმე: პაპუნაშვილი “დინამოს” მაისურით ევროსარბიელზე მონდომებული იყო, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი ჰქონდა და ცოტა გასაკვირია მისი გამოძახება. თუმცა, ამ კითხვაზე ვაისის პასუხს ამ წერილში უკვე გავეცანით. მაგრამ, იმის დამატებაც შეგვიძლია, რომ სლოვაკმა, ამ ეტაპზე “დინამო” საქართველოს საუკეთესო გუნდია და ამიტომაც ვიძახებ ყველაზე მეტ ფეხბურთელს თბილისური კლუბიდანო...

თავდასხმა

ჯერ სეზონი არ დაწყებულა და ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია. სწორედ ამის გამო, ქართველს იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში არ უთამაშია. რთული, სათქმელია, როგორ ფორმაში იქნება 26 წლის შემტევი ავსტრიასთან მატჩისთვის. ლადო დვალიშვილი კი, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ “დინამოს” შემადგენლობაში ერთ-ერთი შესამჩნევი ფიგურა იყო ამ ზაფხულს. თუმცა, გოლის გატანის მხრივ ვერც ის დაიკვეხნის. ნაკრებში დააბრუნეს ოთარ მარცვალაძე, რომელიც ყაზახეთში წასვლის მერე შევამჩნიეთ – არადა, გორის “დილაში” თამაშის დროსაც ბლომად გაჰქონდა გოლები ოთარს, მაგრამ მაშინ ვაისს მისთვის შანსი არ მიუცია... დავით ხოჭოლავასი არ იყოს, დებიუტანტია დავით სხირტლაძეც დანიური “სილკებორგიდან”. სხირტლაძეს სკანდინავიურ ლიგაში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და ამ სეზონში მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო. ორივე შემთხვევაში ულამაზესი გოლები შეაგდო. ვაისს თავდაპირველ სიაში გიორგი ქვილითაიაც ჰყავდა, მაგრამ ტრავმის გამო მასზე უარის თქმა მოუწია.

რეზიუმე

მოკლედ რომ ვთქვათ, ახალ შესარჩევ ციკლს სახარბიელო მდგომარეობაში ნამდვილად ვერ ვხდებით. თავის მოტყუება არ გვინდა, უკვე კარგად გამოჩნდა, რაც მოაქვს ამას და რეალურად შევხედოთ ყველაფერს – ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი უგუნდოდაა, რამდენიმეს სათამაშო პრაქტკის მწვავე დეფიციტი აქვს, რამდენიმეს მიკროტრავმები გამუდმებით აწუხებს. ავსტრია კი ის გუნდია, რომელიც უკვე წლებია პროგრესის გზას ადგას, რომლის შემადგენლობაში შეიძლება განსაკუთრებული ვარსკვლავები არ ირჯებიან, მაგრამ ევროპის ტოპლიგებში თამაშს დანატრებულნი არ არიან... თუმცა, ვინ იცის, ეგებ ეს ციკლი მაინც გამოდგეს საჩვენო – დაველოდოთ, 5 სექტემბერიც მალე მოვა, თუ შეძლო ისლანდიამ, ალბანეთმა და ა.შ, იქნებ ჩვენც გამოგვივიდეს, ფეხბურთი ხომ ჩვენთან ჯერ კიდევ სპორტის ნომერ პირველი სახეობაა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120017