საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა (2000 წელს დაბადებულები და უმცროსები) აზერბაიჯანელ თანატოლებს ამხანაგურ მატჩში 3:1 სძლია და 23 აგვისტოს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება: ისევ "ბასაზე", 18:00 საათზე დაიწყება მეორე შეხვედრა. პირველში კი, გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილებმა მეტოქეს აჯობეს და შედეგიც ლოგიკური იყო. იყო შეცდომები და უკეთაც შეიძლებოდა გარჯილიყო ნაკრები, თანაც, აზერბაიჯანი მაინცდამაინც ვერ გამოდგება "საზომ ერთეულად". საბოლოო ჯამში, გამარჯვება მაინც კარგია - წინსვლა და თამაშის დახვეწა კი აუცილებელი.
ეს ის ნაკრებია, რომელმაც აპრილში კიევში ვიქტორ ბანიკოვის თასი მოიგო, რვაგუნდიან ტურნირზე. ასპინძელაშვილის გუნდს წლეულს ფინეთში ელის ევროშესარჩევი, სადაც მეტოქეებად ფინეთი, ბულგარეთი და შვედეთი ეყოლება.
რაც შეეხება თამაშს, თავიდანვე ნათლად ჩანდა, რომ ქართველები მეტოქეს აღემატებოდნენ ტექნიკური თვალსაზრისით, ოღონდ, გუნდური მოქმედება უკეთესის სურვილს ტოვებდა. ისევ ხშირი იყო ინდივიდუალურად გართობა. გასაგებია, რომ ამ ასაკში "მატაობის" ცდუნება მეტია, რიგ მომენტებში ეს საჭიროც არის, თუმცა არასწორი გადაწყვეტილებებიც ხშირი იყო - პასის დაგვიანება, თავჩაღუნული თამაში.
ქართველებმა უპირატესობა მალე აქციეს გოლად: მე-19 წუთზე თამაზ ბაბუნაძემ ("დინამო") მარცხენა ფლანგზე მოიპოვა ბურთი, ერთი მცველი მოატყუა და საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალი ზუსტი დარტყმით შეაგდო. აზერბაიჯანელებს უჭირდათ, რომ გახსნილ თამაშში აჰყოლოდნენ მასპინძლებს, ტაიმის ბოლო ათ წუთში გაბედეს და შედეგიც მოიმკეს: ჯერ შახირ სეიდოვმა ხარიხას მოარტყა ბურთი, ერთ წუთში კი კარგი კომბინაცია დაასრულეს გოლით - კამრან გულიევმა თავურით გაუტანა დემეტრე ბულისკერიას.
მანამდე ქართველებს შეეძლოთ 2:0 გაეხადათ ანგარიში: კაპიტანმა გიორგი ივანიაძემ თავურით ოდნავ ააცილა. და შესვენებამდეც, მასპინძლებს ორი შანსი მიეცათ. შემტევი ნახეარმცველი ზურაბ დავითაშვილი კარგად შევიდა საჯარიმოში და თავად დაარტყა, მეკარემ კი მოიგერია. პასი სჯობდა, ბაბუნაძე მარტო იყო დარჩენილი ცარიელ კართან. მალევე, ქართველთაგან ყველაზე აქტიურმა ბაბუნაძემ დაფარული პასით ბექა დარციმელია მოძებნა, მისი დარტყმული კი მეკარემ კუთხურზე მოიგერია.
სანახაობრივად პირველი ტაიმი უკეთესი იყო, მეორეში ამდენი შანსი აღარ ჰქონიათ გუნდებს. თუმცა უპირატესობა ისევ ქართველებს ჰქონდათ და ჩანდა, გოლი დროის ამბავი იყო: 53-ე წუთზე ეს გოლი გავიდა კიდეც, მცველმა გაბედავამ კარგი პასი გააკეთა დავითაშვილის მისამართით, რომელმაც ივანიაძეს გააყოლა ბურთი და ქართველთა კაპიტანი საჯარიმოში კონტაქტისას დაეცა. მსაჯმა ლაშა სილაგავამ პენალტი დანიშნა და მცველმა გიორგი ჯინჯოლავამ ("საბურთალო") ზუსტად დაარტყა - 2:1. აზერბაიჯანელები აპროტესტებდნენ, მათი აზრით, პენალტი უსაფუძვლოდ დაინიშნა, თუმცა დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, ტრიბუნიდან შორს იყო ეს ეპიზოდი და არ ჩანდა.
70-ე წუთზე კი მესამე გოლი ქართველთა ხანგრძლივ შეტევას მოჰყვა. მარჯვენა ნახევარმცველმა ლუკა ჩიქოვანმა ("დინამო") ახლო მანძილიდან დაარტყა და მეკარე შეცდა, ხელებში გაუძვრა ბურთი.
ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ფეხბურთელმა განსაკუთრებით ცუდად ითამაშა, ან რომელიმე ლიდერად მოგვევლინა. სხვებზე მეტად მაინც გამოვარჩევდით ჯინჯოლავას, ბაბუნაძესა და დარციმელიას. ასევე, შეცვლაზე შესულმა მარჯვენა მცველმა კვარაცხელიამაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
მეორე ნახევარში ასპინძელაშვილმა ათი შეცვლა განახორციელა, ყველანი უნდოდა საქმეში ენახა. 29 აგვისტოს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პოლონეთში გაემგაზვრება საერთაშორისო ტურნირზე.
17-წლამდელები. ამხანაგური მატჩი.
თბილისი. სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ბასა".
საქართველო-აზერბაიჯანი 3:1 (1:1)
საქართველო: ბულისკერია, კაპანაძე (კვარაცხელია 41), გაბედავა (გელაშვილი 70), ჯინჯოლავა (ჯანაშია 75), ხარაბაძე (ჯავახიშვილი 70), დარციმელია (ქუთათელაძე 75), მექვაბიშვილი (ლორთქიფანიძე 61), დავითაშვილი (ჩიქოვანი 61), ბაბუნაძე (გულიაშვილი 72), ივანიაძე (კაკაურიძე 61), გაბუნია (გრძელიძე 41)
მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
გოლები: 1:0 ბაბუნაძე (19), 1:1 გულიევი (34), 2:1 ჯინჯოლავა (57 პენ), 3:1 ჩიქოვანი (74)
გაფრთხილება: ალიბეილი (24), ხალილოვი (52), ჩიქოვანი (71)
მსაჯი: ლაშა სილაგავა