„დინამო“ თბილისისა და სალონიკის პაოკის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ბერძნული გუნდის მთავარმა ვლადიმირ ივიჩმა ისაუბრა. მისი თქმით, ისინი თბილისში მხოლოდ მოსაგებად არიან ჩამოსულნი მიუხედავად იმისა, რომ საპასუხო თამაში საბერძნეთში გასამართია.
როგორც სერბმა სპეციალისტმა განაცხადა, „დინამო“ ძლიერი გუნდია, თუმცა პაოკის წინაშე ერთადერთი ამოცანა დგას - მომდევნო ეტაპზე გასვლა.
ვლადიმირ ივიჩი (პაოკის მთავარი მწვრთნელი): „ეს განსხვავებული თამაშია, ვიდრე იყო ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსთან“. ჩვენი მიზანია გამარჯვება და იმედი გვაქვს, რომ ამჯერად მოვახერხებთ იმის გაკეთებას, რაც წინა ეტაპზე ვერ შევძელით. არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებიც იმალებიან და ერიდებიან კითხვებზე პასუხის გაცემას. რაც შეეხება ჩვენს ფავორიტობას, ასე არ ვფიქრობ, ეს მოედანზე გამოჩნდება. „დინამო“ საკმაოდ ძლიერი გუნდია და ჩემი აზრით, შანსი თანაბარია: 50%-50%-ზე. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებიც ნაკრების წევრები არიან და მათ ცოტა ხნის ესპანეთის ნაკრებს მოუგეს.
რასაც ჩემი ფეხბურთელებისგან ვითხოვ, საკუთარი თავის რწმენა და მეტოქის პატივისცემაა. თუ ასე არაა, მაშინ მარცხისთვის ხარ განწირული. ჩვენთვის მთავარია გამოწვევა და ვითამაშოთ კარგად.
თბილისში სრული შემადგენლობით ვართ. 22 ფეხბურთელია გუნდში და ისინი, ვინც აქ არ იმყოფებიან ჩემი გადაწყვეტილებაა და ტრავმები გუნდში არაა. ჩვენ მზად ვართ ხვალ ვაჩვენოთ ძალიან კარგი თამაში და მოვიგოთ. ვეცდებით, მოედანზე მაქსიმუმი დავდოთ წარმატებისთვის. 95%-ით უკვე ვიცი, რომელი ფეხბურთელები გავლენ მოედანზე, მაგრამ არის ერთი-ორი ფეხბურთელი, რომელთა ჩანაცვლებაზეც ვფიქრობ.
აქ ფრისთვის არ ჩამოვსულვართ. ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა და ახლაც ასე იქნება. არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ფრეზე მეთამაშა. მე მყავს გუნდში ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლია მოიგონ თამაში. თუმცა, ფეხბურთში ყოველთვის არსებობს მოწინააღმდეგე გუნდი, რომელსაც შეუძლია ხელი შეგიშალოს გამარჯვებაში“, - განაცხადა ივიჩმა.
გარდა ამისა, მოახლეუბულ მატჩთან დაკავშირებით, პაოკის თავდამსხმელმა მანუელ აბელ ჯალმამ ისაუბრა. მისი განცხადებით, „დინამოს“ შესახებ ინფორმაციას საკმარისად ფლობენ:
ეს განსხვავებული, რთული თამაში იქნება, მაგრამ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ ვითამაშებთ ისე, როგორც საჭიროა. „აიაქსი“ ეს წარსულია, ჩვენი გუნდი ფსიქოლოგიურად მზადაა. ვიცით, რომ არ იქნება ადვილი თამაში. მწვრთნელმა მაქსიმალურად მოგვაწოდა ინფორმაცია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „დინამოს“ შესახებ. ჩვენ ვემზადებოდით ისე, როგორც ჩვეულებრივ მომენტებში, არაფერი განსაკუთრებული”, - განაცხადა ჯალმამ.