ბრიტანელი ენდი მარეი ისტორიაში გახდა პირველი ჩოგბურთელი, ვისაც ერთეულთა თანრიგში ოლიმპიადაზე ორი ოქრო აქვს მოგებული. რიოს ოლიმპიადის ფინალში ენდიმ არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო 7:5, 4:6, 6:2, 7:5 დაამარცხა.
პირველი ორი სეტის შემდეგ ანგარიში თანაბარი 1:1 გახლდათ, მესამე პარტიაში 2:2-ის მერე ენდიმ ზედიზედ 4 გეიმი მოიგო, არგენტინელს დაღლა დაეტყო, აშკარა იყო, რომ ასეთი მარათონული შეხვედრისთვის ბრიტანელი ფიზიკურად ბევრად უკეთ იყო მომზადებული, ვიდრე სამხრეთამერიკელი. მეოთხე სეტში დელ პოტრო 5:4-ს იგებდა და სეტზე აწვდიდა, ენდიმ უკუბრეიკის გაკეთება მოახერხა, შემდეგ ბრიტანელმა კიდევ მოახერხა მეტოქის ჩაწოდების აღება და როგორც გითხარით, ბრიტანელი გახდა პირველი კაცი ჩოგბურთელი, ვინც ოლიმპიადაზე ერთეულთა თანრიგში ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
მესამე ადგილისთვის მატჩში იაპონელმა კეი ნიშიკორიმ რაფაელ ნადალი 6:2, 6:7, 6:3 დაამარცხა და ესპანელი უმედლოდ დატოვა. პირველ სეტში იაპონელმა ორი უპასუხო ბრეიკი შეასრულა, მეორე პარტიაში ნადალმა ტაი-ბრეიკზე 7:1 იმარჯვა და გადამწყვეტი მესამე სეტი დაინიშნა, სადაც მატჩის ბედი ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ნიშიკორის ანგარიშზეა.