22 წლის ქართველი ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ დღეს 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ვენის "რაპიდთან". ამის შესახებ worldsport.ge-მ ფეხბურთელის აგენტისგან, გოგა გახოკიძისგან შეიტყო.
"გიორგიმ გუშინ გაიარა სამედიცინო შემოწმება, დღეს კი დაახლოებით ნახევარი საათის წინ ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულება. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მართალია მას მცირე ტრავმა აწუხებს, მაგრამ მოკლე დროში ჩადგება მწყობრში" - აღნიშნა გახოკიძემ.
საქართველოს ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირისთვის "რაპიდი" ახალი გამოწვევაა. ის ადრეც თამაშობდა უცხოეთში, კერძოდ კი, უნგრულ "დიორში", თუმცა რა თქმა უნდა, "რაპიდი" უფრო მაღალი დონის და უფრო სახელიანი კლუბია. ავსტრიის 32-გზის ჩემპიონი და 14-გზის თასის მფლობელია.
დღეს, გიორგი და მისი აგენტი გოგა გახოკიძე ვენის "რაპიდის" საშინაო მატჩს დაესწრებიან. ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიელები ბელარუსის "ჟოდინოს" ხვდებიან. პირველი შეხვედრა ბელარუსში 0:0 დასრულდა.