ავტოსპორტი

2:41 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარიმ“ ჯეიმს ელისონი დაითხოვა

„ფერარიმ“ თავისი ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი დაითხოვა. კულუარებში ბრიტანელი ინჟინრის შესაძლო გაშვებაზე ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში ალაპარაკდნენ, რადგან მარანელოელთა გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატში აშკარად მოსალოდნელზე უარესია. თუმცა იტალიური გუნდი აქამდე ჯიუტად იმეორებდა, რომ ამაზე ლაპარაკი მხოლოდ ჭორია.

მაგრამ გერმანული დიდი პრიზის წინ, სკუდერიამ გამოაცხადა, რომ ელისონი, ვისაც სამწლიანი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა, დათხოვნილია. მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ გუნდმა და ელისონმა, კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტაზე მოილაპარაკეს. განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს წარმატებები უსურვეს.

ელისონის წარუმატებლობაში, მნიშვნელოვანი როლი მისი მეუღლის გარდაცვალებამ ითამაშა. ეს სეზონის დასაწყისში, პირველივე ეტაპის შემდეგ მოხდა. მას შემდეგ ის ცდილობდა, რომ მეტი დრო ბრიტანეთში, თავის შვილებთან გაეტარებინა. ბუნებრივია, ეს მისი მუშაობის ნყოფიერებაზე უარყოფითად აისახებოდა. ამასთან, ის არ მალავდა, რომ რაც შეიძლება ჩქარა სურდა ბრიტანეთში დაბრუნება.

ამგვარად, ნიჭიერი ინჟინრის გადაბირებას არაერთი გუნდი ეცდება, რომლებსაც ბაზა ბრიტანეთში აქვთ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული ალბათ „რენო“ იქნება, სადაც (მაშინ გუნდს ლოტუსი ერქვა) „ფერარიდან“ პირველი წასვლის შემდეგ, „ფერარიშივე“ დაბრუნებამდე მუშაობდა.

იტალიურ გუნდში კი მის მოვალეობას მატია ბინოტო შეასრულებს, რომელიც აქამდე ძრავების დეპარტამენტში მუშაობდა. ბინოტო „ფერარის“ წევრი 1995 წელს გახდა. თავიდან ის ქარხანაში ძრავების გამომცდელი ინჟინერი იყო, შემდეგ კი (1997-2003 წლებში) იმავე როლს სარბოლო გუნდში ასრულებდა. 2014 წლიდან ის ძალური დანადგარის მთავარი ოპერატიული დირექტორი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109206