ფეხბურთი

0:40 | 14.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” პსვ-ს, “ნორვიჩის”, “აიაქსის” და “ხიხონის” ყოფილი ფეხბურთელი შეიმატა
ქუთაისურმა კლუბმა კონტრაქტები დოლიძეს და ბენაშვილსაც გაუფორმა

ქუთაისის “ტორპედომ” კონტრაქტი გაუფორმა სურინამული წარმოშობის ჰოლანდიელ ფეხბურთელ იურგენ რომანო კოლინს. ამ ინფორმაციას ქუთაისური კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

დიდი სათამაშო გამოცდილების და წარმატებული კარიერის მქონე ცენტრალური მცველი „ტორპედოს“ გარდამავალ ეროვნულ ჩემპიონატში დაეხმარება. იურგენი 35 წლისაა. იგი ქალაქ უტრეხტში დაიბადა და თავიდან “უტრეხტის“ და “პსვ“-ს ახალგაზრდულ გუნდებში ბურთაობდა.

2000 წელს კოლინი “პსვ“-ს ძირითად გუნდში მოხვდა. შემდეგ იყო ბელგიური “გენკი“, რომლის შემადგენლობაშიც ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მერე კვლავ ჰოლანდიაში დაბრუნდა, ჯერ „ბრედაში“ და ისევ „პსვ“-ში ითამაშა, საიდანაც ინგლისური პრემიერ ლიგის „ნორვიჩში“ მოხვდა და ამ კლუბში 3 სეზონი გაატარა.

“ნორვიჩიდან“ იურგენ კოლინი ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდა და გუნდთან ერთად ქვეყნის თასის მოიპოვა. ჰოლანდიური გრანდიდან კოლინი ესპანური პრიმერა დივიზიონის „ხიხონმა“ იხმო. და კვლავ ჰოლანდია, ამჯერად „ვალვაიკი“. ამ კლუბიდან ფეხბურთელმა კვიპროსულ „ანორთოსისს“ მიაშურა და 3 წელი ირჯებოდა მისთვის. უკანასკნელი 2 სეზონი კი კოლინმა ისრაელში, ჯერ – თელ ავივის, შემდეგ კი აშქელონის „ჰაპოელში“ ითამაშა.

იურგენ კოლინის „ტორპედოში“ მოსვლა ვეტერანი ფეხბურთელს, სპორტულ მენეჯერს, ფიფას ლიცენზირებულ აგენტს გოგა გახოკიძეს უკავშირდება. გახოკიძემ „პსვ“- ში თამაშის პერიოდში გაიცნო კლუბის ახალგაზრდული გუნდის მცველი და მას შემდეგ მასთან მეგობრულ ურთიერთობას არ წყვეტს. სწორედ გახოკიძის წინადადებით ჩამოვიდა კოლინი ქუთაისში.

სხვათა შორის, ჰოლანდიელი ადრეც ყოფილა საქართველოში. 2011-12 წლების ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მას „ანორთოსისის“ რიგებში „გაგრას“ წინააღმდეგ უთამაშია.

იურგენ კოლინის გარდა ტორპედოელთა რიგებს კიდევ ორი ფეხბურთელი შეემატა. სამწლიანი პაუზის შემდეგ გუნდში კვლავ ითამაშებს გრიგოლ დოლიძე. 33 წლის ნახევარმცველი „ტორპედოს“ გარდა ბევრ სხვა ქართულ კლუბში გამოდიოდა და ტიტულებსაც მრავლად ფლობს. დოლიძემ „ტორპედოს“ მაისურით ეროვნულ ჩემპიონატებში 77 მატჩში 13 ბურთი გაიტანა. გრიგოლს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია.

გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული ალექსი ბენაშვილია. 27 წლის შუახაზელს გამორჩეული კარიერა „ზესტაფონში“ ჰქონდა, რომლის შემადგენლობაში ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ბენაშვილი ქუთაისური გუნდის წევრიც გახლდათ, თუმცა მიზეზთა გამო მხოლოდ ერთხელ მოირგო „ტორპედოს“ მაისური. ამის შემდეგ თამაშობდა მარტვილის „მერანში“, „გურიაში“ და ბოლოს თბილისის „ლოკომოტივში“. ალექსი საქართველოს ეროვნული და 21-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138209