მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს თბილისში ავსტრიელებთან მატჩით დაიწყებს. მარსელ კოლერის გუნდს ახალი კაპიტანი ეყოლება: საქმე ისაა, რომ კრისტიან ფუხსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.
ფუხსი წლეულს პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა "ლესტერის" შემადგენლობაში. ის მარცხენა მცველია, ნაკრებში კი 10 წლის განმავლობაში ითამაშა და 78 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ავსტრიელთა მწვრთნელმა მარსელ კოლერმა განაცხადა, ფუხსის წასვლა დიდი დანაკლისია, მაგრამ მის გადაწყვეტილებას გაგებით ვეკიდებიო.
კოლერი ორიოდე სიტყვით შეეხო საქართველოსთან მატჩსაც: "ევროპის ჩემპიონატზე ცუდად გამოვედით, მაგრამ სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და პირადად მე უკვე დავიწყე ფიქრი საქართველოსთან შეხვედრაზე. ჩვენი პირველი და რთული გამოცდა თბილისში შედგება".