ავტოსპორტი

14:00 | 27.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

უნარშეზღუდული არა - სულით ძლიერი!

ალექს ძანარდის სახელი რბოლების მოყვარულებმა კარგად იციან - სახელოვანმა იტალიელმა მრბოლმა, ფეხების დაკარგვის შემდეგაც გააგრძელა სარბოლო კარიერა და უფრო მეტიც, ლონდონის პარალიმპიურ თამაშებზე, ინვალიდის ეტლით ასპარეზობისას, ოქროს და ვერცხლის მედელები მოიპოვა. სამხრეთაფრიკელი ოსკარ პისტორიუსი, რომელიც ბავშვობიდან უფეხოდ გაიზარდა, 400 მეტრზე სპრინტში, ერთ-ერთი უსწრაფესი იყო მსოფლიოში.

მაგრამ არსებობს ადამიანი, ვისაც რბოლებში მონაწილეობა ხელფეხის გარეშეც შესძლებია!

მისი სახელია ფრედრიკ სოსე. მან ოთხივე კიდური 2012 წელს, ინფექციის გამო დაკარგა... სოსემ, არც მეტი, არც ნაკლები, ლე მანის 24-საათიან რბოლაში მიიღო მონაწილეობა! ამაში მას გუნდი „OAK რეისინგი“ დაეხმრა, რომელმაც ღია სარბოლო პროტოტიპი, პილოტის შესაძლებლობათა შესაბამისად გადააკეთა. ლე მანზე ასპარეზობისას, როგორც ამას რბოლის რეგლამენტი მოითხოვს, სოსეს ორი თანა-პილოტიც დაეხმარა, რომლებიც მას პერიოდულად ენაცვლებოდნენ.

მართვის სპეციალური სისტემის გარდა, ავტომობილი აღჭურვილია ავტომატური გადაცემათა კოლოფით და მუხრუჭების გამაძლიერებლით. თავად სოსესთვის სპეციალურად დამზადდა კიდურების პროთეზები, რომლებსაც ის პროტოტიპის მართვისას იყენებდა.

სოსეს ეკიპაჟმა 24 საათში სულ 315 წრის გავლა შეძლო. აქედან 69 წრის განმავლობაში, საჭესთან სოსე იჯდა. ეკიპაჟმა აბსოლუტურ კლასიფიკაციაში საპატიო 38-ე ადგილი დაიკავა. საინტერესოა ისიც, რომ ის რბოლაში 56-ე გარაჟიდან მონაწილეობდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკიპაჟი ექსპერიმენტული იყო. როგორც წესი, ამ გარაჟს ალტერნტიული ძალური დანადგარებით აღჭურვილი ბოლიდები იკავებენ ხოლმე. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა 56-ე გარაჟის ეკიპაჟმა რბოლის დასრულება შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068134