ჭაბუკთა ლიგა, როგორც იცით, ორ ასაკში იმართება და რამდენიმე დღის წინ ნახევარფინალებში გასულებზე გაცნობეთ. ნახევარფინალებმაც ჩაიარა და ფინალების ჯერია.
18-წლამდელთა ჭაბუკთა ლიგის (1998-1999 დაბადებულები) ფინალში თბილისის “დინამო” ქუთაისის “ტორპედოს” შეხვდება, ხოლო 16-წლამდელებში (2000 წელს დაბადებულები) “დინამო” “საბურთალოს” დაუპირისპირდება.
U 18-ის ნახევარფინალები: ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილმა დინამოელებმა “სამტრედიას” სტუმრად 3:0, შინ კი 5:0 სძლიეს. ხოლო მეორე წყვილში უფრო დაძაბული თამაშები იყო. ქუთაისის “ტორპედომ” საგურამოში 1:1 დაასრულა მატჩი ”ლოკომოტივთან”, შინ კი 2:1 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ “ლოკო” (მწვრთნელი გიორგი დევდარიანია) ორივე შეხვედრას იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ქუთათურებმა იმარჯვეს. “ტორპედოს” რევაზ კვერნაძე თავკაცობს.
U 16-ის ნახევარფინალებზე: “საბურთალომ” ქუთაისის “ტორპედოს” სტუმრად 1:0, შინ კი 5:0 სძლია. რაც შეეხება “დინამოს”, ამ ასაკშიც “სამტრედიასთან” მოუწია ნახევარფინალი და საერთო ჯამში 9:0 იმარჯვა. სტუმრად 3:0, შინ 6:0. საბურთალოელებს სულიკო დავითაშვილი წვრთნის, დინამოელებს კი – ვლადიმერ გოჩაშვილი.
U 18-ის ფინალი 26 ივნისს “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე გაიმართება და დღევანდელი ცნობით, 18:00 საათზე დაიწყება. U 16-ის ფინალი კი ერთი დღით ადრე, ამავე სტადიონზე ჩატარდება და 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ორივე ასაკობრივ ჩემპიონატში 18-18 გუნდი მონაწილეობდა და ისინი ზონებში იყვნენ გადანაწილებულნი: დასავლეთ-აღმოსავლეთში, 9-9 გუნდი. საბოლოოდ, ორ-ორი საუკეთესო გავიდა, ჯვარედინად დაწყვილდნენ და ფინალისტებიც ასე გაირკვა.