ფეხბურთი

11:35 | 22.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინა კოპა ამერიკის ფინალშია (+VIDEO)

არგენტინის ეროვნული ნაკრები კოპა ამერიკის ფინალში გავიდა და ტიტულის მოპოვებას მეთხუთმეტედ შეეცდება. საიუბილეო ტურნირის ნახევარფინალში "ალბისელესტემ" მასპინძელი ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი არ დაინდო და 4:0 გაანადგურა (VIDEO).

მსოფლიოს რეიტინგში 31-ე ადგილზე მყოფმა აშშ-მ ლიდერ არგენტინას ვერაფერი დაუპირისპირა და ფაქტობრივად ხერარდო მარტინოს შეგირდებმა ფინალისთვის ივარჯიშეს. მატჩში ანგარიში მესამე წუთზე ეზეკიელ ლავეციმ გახსნა. 32-ზე კი ლიონელ მესიმ გაიტანა და გაბრიელ ბატუსტუტას შედეგი გააუმჯობესა. "ბარსელონას" ვარსკვლავი არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (55 გოლი) გახდა.

თავისი წვლილი გამარჯვებაში გონსალო იგუაინმაც შეიტანა და "ნაპოლის" თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა. ის ახლა ორი ბურთით ჩამორჩება ტურნირის ბომბარდირ ედუარდო ვარგასს (6 გოლი), მესის კი 5 გოლი დაუგროვდა. გასული შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ლიონელი, რომელმაც მეტოქის კარის აღების გარდა, ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

"ალბისელესტეს" მეტოქე ჩილეს და კოლუმბიის მატჩში გამარჯვებული იქნება. აღნიშნული მატჩი 23 ივნისს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება. არგენტინა ჩილეს ჯგუფში უკვე შეხვდა და 2:1 მოუგო (VIDEO), ხოლო 2015 წლის კოპა ამერიკის ფინალში "ლა როხასთან" პენალტების სერიაში დამარცხდა (VIDEO). ამავდროულად, არგენტინას კოპა ამერიკა 14-ჯერ აქვს მოგებული და შანსი აქვს 15-გზის გამარჯვებულ, რეკორდსმენ ურუგვაის დაეწიოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.229312