ფეხბურთი

23:56 | 20.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

სოსიაშვილი: "შირაქის" გავლა შესაძლებელია"

საქართველოს 2015 წლის ჩემპიონ გორის “დილას” მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი ევროპა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე მოწინააღმდეგე “შირაქს” აფასებს. როგორც ახალგაზრდა სპეციალისტმა Worldsport.ge-სთან საუბარში განაცხადა, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, “დილა” ბოლომდე იბრძოლებს, რომ II ეტაპზე გააღწიოს.

“შირაქი” საკმაოდ სტაბილური გუნდია და ბოლო წლებში ნორმალურად გამოიყურება. როდესაც საქმე ევროტურნირებს ეხება, სუსტ მეტოქეზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ასეთები აქ არ არსებობენ, შემთხვევით ევროსარბიელზე გუნდები ვერ გადიან. თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა წილისყრაში მეტად გაგვმართლებოდა და უფრო დაბალი დონის მოწინააღმდეგე გვყოლოდა, მაგრამ არც “შირაქია” გადაულახავი ბარიერი.

წყვილში ფავორიტი? – თუ ევროტურნირებზე წარსულს გავითვალისწინებთ, მაშინ ფავორიტი გორის “დილაა”, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა. ჩვენთან ყოველ 6 თვეში კეთდება ახალი გუნდი, “შირაქი” კი, როგორც ვიცი, ბოლო ორი წელია ერთიდაიგივე შემადგენლობით თამაშობს და მხოლოდ 2-3 ფეხბურთელი იცვლება ყოველ წელს. მიუხედავად ამისა, “დილა” ყველაფერს გაიღებს და გააკეთებს, რომ წარმატებით ითამაშოს და ეს ეტაპი გადალახოს.

ჩვენი მეტოქის შესახებ ინფორმაციას ვფლობთ. მას შარშან ამხანაგურად ვეთამაშეთ, ახლაც, 23-ში უნდა გვეთამაშა, ეს სპარინგი ჯერ არ გაუქმებულა, მაგრამ ალბათ, არ ჩატარდება. აუცილებლად ვუყურებთ “შირაქის” ბოლო თამაშების ვიდეო ფირებს, ფეხბურთელების შესახებ ინფორმაცია უკვე მოვიძიეთ და მათთან დაპირისპირებას მზად შევხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დაგვტოვა. ვეცდებით, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ”, - გვითხრა სოსიაშვილმა.

“დილა” სომხურ “შირაქს” 30 ივნისს, გორში უმასპინძლებს, ხოლო სტუმრად ერთი კვირის შემდეგ, 7 ივლისს ითამაშებს.

0.121424