ფეხბურთი

1:55 | 9.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედოს” კობა ჟორჟიკაშვილი გაწვრთნის
გაცნობითი შეხვედრა ქუთაისელთა საწვრთნელ ბაზაზე

საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის” ქალაქის მერიის მფლობელობიდან კერძო მესაკუთრის ხელში გადასვლის პროცესის დასრულებას ფორმალობებიღა აკლია. უახლოეს დროში კლუბს ახალი მეპატრონე – წარმატებულ ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი ეყოლება.

გუშინ ტორპედოელთა საწვრთნელ ბაზაზე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჩაკვეტაძემ გუნდს „ტორპედოს“ მომავალი პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა და ახალი მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი წარუდგინა.

ზაალ ჩაჩავა: „ჩვენ კარგად ვიცით, რა საქმეს ვკიდებთ ხელს. მიზანი ერთია – ვაქციოთ „ტორპედო“ ძლიერ კლუბად, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის ფავორიტი იქნება და სისტემატურად ითამაშებს ევროპულ ტურნირებზე. გვინდა ერთიან გუნდად ჩამოვყალიბდეთ, ყველამ მაქსიმუმი გავიღოთ, ფეხბურთელებს ჩვენი ნდობა გქონდეთ და თქვენც უნდა დაგვიდგეთ გვერდში. რა თქმა უნდა, ყველას სათითაოდ ახლოს გაგეცნობით. კლუბის ვიცე პრეზიდენტების ვინაობას მოგვიანებით შეგატყობინებთ.

მინდა ვთქვა, რომ „ტორპედოში“ ჩვენს მოსვლაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ზურაბ ჩაკვეტაძეს. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები კლუბში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებში. ვიცნობთ სიტუაციას და აქედან გამომდინარე, ყველას გთხოვთ, ნუ აყვებით ინტრიგებს. მოდით, წინ ვიყუროთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ „ტორპედოსთვის“.

15 ივნისიდან დავიწყებთ მზადებას ეროვნული ჩემპიონატისათვის. ცხადია, ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე გუნდის გაძლიერებაა. ამისათვის რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს უცხოელებთანაც. მალე მთავარი მწვრთნელი წარგიდგენთ თავის შტაბს. რაღა თქმა უნდა, სამომავლო გეგმებზე კიდევ მოგვიწევს საუბარი.

მინდა ისიც იცოდეთ, რომ ქუთაისი ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი ქალაქია. ჩემი მეუღლე ხომ დიდი კალათბურთელის, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონის, ზურაბ საკანდელიძის ქალიშვილი გახლავთ“.

კობა ჟორჟიკაშვილი: „ჩემთვის უდიდესი პატივია „ტორპედოში“ მუშაობა. დიდი ტრადიციების გუნდის გაძღოლა რთულიცაა და საინტერესოც. მოკლე დროში უნდა დავდოთ შედეგი. მე სწორედ ამისთვის ჩამოვდივარ ქუთაისში. “ტორპედო“ არ იმსახურებს იმ ყოფას, რომელშიც ბოლო დროს აღმოჩნდა.

მივესალმები კლუბის კერძო ინვესტორის ხელში გადასვლას, რაც ნამდვილად ხელს შეუწყობს, როგორც „ტორპედოს“, ასევე ქართული ფეხბურთის განვითარებას. ჩემი აზრით, ყველა ამ გზით უნდა წავიდეს საქართველოში და ნაკლები იყოს სახელმწიფო სახსრებზე დამოკიდებული კლუბები.

გუნდი მზადებას 15 ივნისს დაიწყებს. თავიდან ადგილზე გავივლით შეკრებას. როგორც იცით, ჩემპიონატი 7 აგვისტოს იწყება და ეს პერიოდი საფუძვლანად უნდა გამოვიყენოთ, მეორე ეტაპს კი უკვე უცხოური შეკრებით გავაგრძელებთ. ბოლო მოსამზადებელ ეტაპს იმის მიხედვით დავგეგმავთ, თუ როგორი კალენდრით მოგვიწევს თამაში.

ვაპირებთ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ფეხბურთელებით გაძლიერებას. სასელექციო მუშაობა გრძელდება“.

www.fctorpedo.ge

0.111576