ფეხბურთი

16:15 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვიხაროდეს, გვახსოვდეს და ეიფორია არ გაგრძელდეს

ამ სტატიაში მხოლოდ კარგზე არ დავწერთ და იმ ამბებსაც შევეხებით, რაც თამაშისწინა დღეებში და გუშინდელი მოგების მერეც ხდებოდა. მთავარი: ეიფორიას არ უნდა მივეცეთ.

...ლამაზი ფოტოა, ყველაფერს რომ გამოხატავს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 7 ივნისის საღამოს მადრიდში 1:0 სძლია ესპანეთს. გააკეთა ის, რაც ჩვენზე ბევრად ძლიერ ნაკრებებსაც კი სანატრელი აქვთ და გუშინაც დავწერეთ, “ფურია როხას” ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ განეცადა საშინაო მარცხი: შარშანწინ გერმანიასთან 0:1.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი გოლის ავტორი გასახდელში იმ ბიჭებს ეხუტება, რომლებმაც ასევე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე სასახელო გამარჯვება მოიპოვეს.

ვისაც არ ახსოვს (გვეეჭვება, ასეთები იყვნენ, მაგრამ მაინც), ლევან კობიაშვილმა 2011 წლის 26 მარტს ხორვატიას ბოლო წუთზე გაუტანა და მაშინ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილებმა 1:0 იმარჯვეს. ის შესარჩევის მატჩი იყო და სატურნირო ცხრილიდანაც გამომდინარე მნიშვნელოვანი, ხოლო გუშინ ამხანაგური მოვიგეთ, მაგრამ ხორვატიაზე გაცილებით ძლიერ და სახელიან გუნდთან. თანაც, სტუმრად. ლანძღვა-გინება იოლია, კარგის დანახვა კი ბევრს უჭირს.

თუმცა არის მეორე მომენტიც: ხშირად გვჩვევია, როცა ერთ გამარჯვებას ვკმაყოფილდებით და გვავიწყდება პრობლემები. ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება და არ გვსურს, რომ იგივე განმეორდეს. არა, იმის ილუზია ნამდვილად არ გვაქვს, ესპანეთს კიდევ რომ შევხვდეთ კიდევ დავამარცხებთ, მაგრამ ხომ შეგვძლებია?! რატომ არ შეიძლება, იგივე განწყობა გვქონდეს სხვა თამაშებისას?!

შორს არ წავალთ, ისევ 5 წლის წინანდელს გავიხსენებთ, კობიაშვილის იმ გოლისა და მოგების მერე ყველაფერი უკან-უკან წავიდა. შესარჩევში, რომელშიც ჯგუფიდან გასვლის შანსი ნათლად ჩანდა, ბოლოსწინა ადგილზე გავედით, ლატვიამაც კი გაგვისწრო.

დარწმუნებულნი ვართ, ნაკრების ფეხბურთელებზე ისე იმოქმედა საპროტესტო გამოსვლამ (ფეხბურთი ავკრძალოთო), როგორც ხარზე წითელმა ფერმა. არა მხოლოდ ნაკრების ფეხბურთელებზე, ეს შეურაცხყოფა იყო მთლიანად საფეხბურთო სამყაროს, მწვრთნელების, ექიმების, მასაჟისტების მიმართაც. ავკრძალოთ ადვილი სათქმელია – გასაგებია (არაა გასაგები, თუმცა მაინც), რომ დღევანდელი თაობა გეჯავრება, მაგრამ ჭაბუკებმა და ბავშვებმა რა დააშავეს? ავუკრძალოთ ის, რისთვისაც 10-12 წელი ოფლი და სისხლი ღვარეს?!

კიდევ უფრო ნერვებისმომშლელი და მომაბეზრებელია ფეხბურთისა და რაგბის შედარება. ჯერ ერთი, ორივე ჩვენია, საქართველოსია და ვის რაში აწყობს ნიშნის მოგებით საუბარი, ვინ რას იგებს ამით, ნამდვილად გაუგებარია. არა გვგონია, რომელიმე ქვეყანაში მსგავსი დაპირისპირებები არსებობდეს სპორტის სახეობების გულშემატკივართა შორის.

ორივე ჩვენია და ორივეს მოვუფრთხილდეთ. წაგება გვეწყინოს, მოგება კი გაგვიხარდეს და ერთმანეთს ნიშნის მოგებით ნუ ველაპარაკებით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11507