ფეხბურთი

1:57 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

7 ივნისი - დღე სასწაულისა (+VIDEO)

რთულია, ემოციების გარეშე დაწერო, რადგან ეს ისეთი გამარჯვება იყო, კარგა ხნის შემდეგაც რომ გავიხსენებთ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიაში არასოდეს მოუგია ასეთ გრანდთან – მეტოქე, არც მეტი არც ნაკლები, ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ბოლო 8 წლის განმავლობაში სამი დიდი ტურნირის მომგები ესპანეთი იყო.

გასაგებია, ამხანაგური მატჩი იყო და ისიც აშკარაა, რომ ესპანელები ფიქრებით ევროპის ჩემპიონატზე იყვნენ, თუმცა არცერთ გუნდს არ ესიამოვნება ჩემპიონატის წინ წაგება, არცერთ გუნდს არ ესიამოვნება შინ უგოლოდ დარჩენა.
და თუ ზოგიერთი იტყვის, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს ამხანაგურში შედეგი საერთოდ არ აინტერესებთო, შევახსენებთ, რომ კორეას რამდენიმე დღის წინ 6:1 სძლიეს.

მითუმეტეს ვინ ელოდა ასეთ შედეგს სლოვაკეთთან და რუმინეთთან ასეთი წაგებების შემდეგ? დღეს საუბრობდნენ ნაირნაირ ანგარიშებზე, ივარაუდეს 7:0, 8:0, 9:1 და 10:1, თუმცა ერთი გავიტანეთ და 10 ნამდვილად არ გაგვიშვია...

მე-40 წუთი იყო, როცა ვაკო ყაზაიშვილმა ჩაჭრა ესპანელთა შეტევა, სწრაფად ირბინა და საჯარიმოსთან შეაჩერეს, თუმცა ჯაბა ჯიღაურმა შეიტანა ბურთი საჯარიმოში, დაბალი პასი გააკეთა მეკარის ბაქანთან და იქ დე ხეა უძლური იყო, თორნიკე ოქრიაშვილმა შეაგორა ბურთი კარში.

ამ გოლამდე კი ხდებოდა ის, რომ საათსაც ვუყურებდით ცალი თვალით, ეგებ პირველი ტაიმი მალე მორჩენილიყო.
ვლადიმირ ვაისმა ისევ ხუთმცველიანი ტაქტიკა აირჩია, მათ წინ გიორგი აბურჯანია გაამწესა და კიდევ ოდნავ წინ ვაკო ყაზაიშვილი. მარცხნიდან დაცვას (ანუ გიორგი ნავალოვსკის ფრთას) თორნიკე ოქრიაშვილი ეხმარებოდა, მარჯვნივ კი უჩა ლობჟანიძის წინ, ფლანგზე ჯაბა ჯიღაური იდგა. ფორვარდად ლადო დვალიშვილი მოგვევლინა, თუმცა მეტოქის სიძლიერიდან და თამაშიდან გამომდინარე, ცენტრის სიახლოვეს და ჩვენს ნახევარზე უფრო ხშირად მუშაობდა.

თბილისის დინამოელ ჯიღაურს დებიუტი ჰქონდა ნაკრებში და თანაც, რა იღბლიანი. საგოლე პასით. კიდევ კარგი, ჯაბა შესაცვლელი არ გახდა, დასაწყისში სესკ ფაბრეგასი ეუხეშა და თითქოს მზადდებოდა კიდეც ცვლილება.
ესპანელები თავიდან დასეირნობდნენ მინდორზე, დაახლოებით ტაიმის შუაწელიდან მოუმატეს ტემპს და განსაკუთრებით მარჯვნიდან უტევდნენ, სადაც ხუანფრანი და ლუკას ვასკესი აქტიურობდნენ.

ვასკესის ჩაწოდება და არიც ადურისმა თავით ააცილა, მალევე რევიშვილმა ფაბრეგასის დარტყმული მოიგერია, ხოლო ტიაგო ალკანტარამ ძელს მოარტყა ბურთი. ეს სამი ეპიზოდი ვიხილეთ ოქრიაშვილის ოქრო-გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მოკლე მონაკვეთში.

მეორე ტაიმი დელ ბოსკემ 4 შეცვლით დაიწყო, განსაკუთრებით აქტიურად კი ანდრეს ინიესტა შემოვიდა. ძალიან უჭირდათ ჩვენებს მის წინააღმდეგ, თუმცა ასე თუ ისე გაუმკლავდნენ: ეს არ ყოფილა ინიესტას საუკეთესო თამაში. საჯარიმოსთან მიახლოებულს მახვილგონივრულ პასს უჭრიდნენ და ბარსელონელიც იძულებული გახდა გრძელ გადაცემებზე გადასულიყო.

ნუკრი რევიშვილი სერხიო ბუსკეტსს შეეჯახა და შესაცვლელი გახდა, კარში კი როინ კვასხვაძე ჩადგა. რევიშვილი საიმედოდ იდგა და ცოტა შევშინდით, ამ დროს მეკარის შეცვლა ვერაა სახარბიელო მომენტი, თუმცა კვასხვაძემაც დამაჯერებლად ითამაშა.

მომენტები? განსაკუთრებული არაფერი. ქართველთა დაცვა (და მათ ნახევარმცველებიც მუდამ ეხმარებოდნენ) მწყობრად თამაშობდა. ნილოტო გააქტიურდა და ერთ მომენტში შორიდან ოდნავ ააცილა, მერე დავიდ სილვას ეფექტურ პასს ვერ გამოეხმაურა ჟორდი ალბა და კვასხვაძე იოლად დაუფლა ბურთს, ჟერარ პიკეს თავური აუცდა.
ქართველებსაც ჰქონდათ სამი კონტრშეტევა, ოღონდ კარში დარტყმამდე საქმე არ მიუყვანიათ. ერთხელ იყო, დიდხანს დავიჭირეთ ბურთი (“დიდხანს” სხვა მომენტებთან შედარებით) და გიორგი ჭანტურიას დარტყმულს გადაეფარნენ, თორემ ვინ იცის, დავიდ დე ხეას, შესაძლოა, ვერც მოეგერიებინა.

დიდი სამუშაო გასწიეს ოქრიაშვილმა, ნავალოვსკიმ, საბა კვირკველიამ, გურამ კაშიამ და საერთოდ, არ გვსურს ვინმე გამოგვრჩეს. ზოგიერთი ფეხბურთელი მეორე ტაიმში ძალიან დაიღალა და შეცდომებს უმატა, თუმცა გასაგებიცაა: ესპანეთს ეთამაშებოდნენ, ფარერებსა და მალტას კი არა...

ეს იყო თავდადებითა და მწყობრი თამაშით მოპოვებული გამარჯვება. კარგი იყო, რომ ქაოსი არ შეიმჩნეოდა ჩვენების მოქმედებაში და ასეთ გრანდთან მოგებისა არ “შეეშინდათ”, ბოლომდე მიიყვანეს საქმე.

ესპანეთის ნაკრებს ბოლო 10 წლის განმავლობაში შინ მხოლოდ ერთხელ ჰქონდა წაგებული – შარშანწინ გერმანიასთან დამარცხდა 0:1. და აი, მეორე საქართველო აღმოჩნდა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: საქართველოსთვის ივნისის თვე ძალიან ნავსიანი იყო, ბოლოს 1997 წელს მოუგეს მოლდოვას (2:0), მანამდე კი ივნისის თვეში არასოდეს გაემარჯვათ. დღეს ისეთი ამბავი მოხდა, მოლდოვა რა მოსატანია...

ყველაზე მთავარი, რასაც ვისურვებდით: სულ ასეთი ერთ მუშტად შეკრული საქართველოს ნაკრები გვენახოს.

7 ივნისი. 22:45. მადრიდი. “ალფონსო პერესი”

ესპანეთი-საქართველო 0:1 (0:1) (მიმოხილვა)

ესპანეთი: დე ხეა, ხუანფრანი (ბელერინი 46), პიკე, რამოსი (სან ხოსე 46), ალბა, ბუსკეტსი (პედრო 76), ტიაგო ალკანტარა (კოკე 46), ვასკესი (დავიდ სილვა 62), ფაბრეგასი (ინიესტა 46), ნოლიტო, ადურისი

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

საქართველო: რევიშვილი (კვასხვაძე 55), ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი (კობახიძე 84), აბურჯანია (ცისკარიძე 78), ჯიღაური, ყაზაიშვილი (ჭანტურია 72), ოქრიაშვილი, დვალიშვილი (ქვილითაია 72)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლი: 0:1 ოქრიაშვილი (40)

გაფრთხილება: კვირკველია (61), სან ხოსე (81)

მსაჯი: ტორარინსონი (ისლანდია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12923