“როლან გაროსის” ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ბრიტანელ ენდი მარეის შეხვდება.
ნახევარფინალში ნოვაკმა ავსტრიელი დომინიკ ტიმი იოლად 6:2, 6:1, 6:4 დაამარცხა (VIDEO). სერბმა 13-დან ექვსი ბრეიკი შეასრულა, ხოლო ტიმმა 4 შესაძლებლობიდან ერთი ბრეიკი გააკეთა. მატჩი საათსა და 50 წუთს გაგრძელდა.
მეორე ნახევარფინალში ენდი მარეიმ “როლან გაროსის” შარშანდელი ჩემპიონი სტანისლას ვავრინკას 6:4, 6:2, 4:6, 6:2 აჯობა (VIDEO). პირველი ორი სეტი ბრიტანელმა მარტივად მოიგო. მესამე პარტიაში სტენმა 5:4-ზე ბრეიკი გააკეთა და სეტებში ანგარიში შეამცირა. ბოლო სეტში კი შვეიცარიელი უშანსოდ იყო. შეხვედრა 2 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა.
ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩი მარეის 23:10-ს ამარცხებს. შეგახსენებთ, რომ “როლან გაროსი” არც ჯოკოვიჩს და არც მარეის არ აქვს მოგებული. ფინალური მატჩი 5 ივნისს თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული.