ფეხბურთი

20:59 | 2.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუმინეთი-საქართველო: მეშვიდედ და აქამდე მოუგებლად

არასწორია, საქართველოს ნაკრებისთვის რომელიმე მეტოქეს უხერხული უწოდო, რადგან რუმინეთზე ბევრად სუსტ ნაკრებებთანაც წაგვიგია, თუმცა ყველაფერი შედარებითია და რუმინეთი მართლაც გველის ნაკბენივით გვახსოვს.

ხვალ, თბილისის დროით 22:00 საათზე ბუქარესტის “ნაციონალ არენაზე” რუმინეთ-საქართველო მეშვიდედ დაუპირისპირდებიან. რუმინეთი, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და საქართველო, რომელიც ამხანაგურ მატჩებს მომდევნო შესარჩევი ციკლისთვის მოსამზადებლად იყენებს.

გავიხსენოთ, რა შედეგები გვქონია რუმინეთთან და სასიამოვნო ვერაფერია: ექვსი თამაშიდან ოთხი წავაგეთ და ორი ფრედ დავასრულეთ, თუმცა ამ ორი ფრიდან ერთში, მერე პენალტებით დავმარცხდით. ეს მოხდა კვიპროსის ტურნირზე, როცა საქართველომ ჯერ სლოვაკეთს სძლია (2:0), მერე კი ვლახებთანაც ახლოს იყო გამარჯვებასთან, თემურ ქეცბაიას გოლით იგებდა და 81-ე წუთზე გაუშვა გოლი.

პენალტების სერიაში ქეცბაიამ და ლევან სილაგაძემ გაიტანეს, გიორგი ნემსაძემ და ზაზა ჯანაშიამ კი გააცუდეს. მაშინდელ ტურნირზე ქართველებს ორი-სამი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ხოლო რუმინელები გაცილებით შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდნენ.

რუმინეთთან ყველაზე დიდი ანგარიშით 1996 წელს, პირველ დაპირისპირებაში წავაგეთ: 0:5 ბუქარესტში, ამხანაგურ შეხვედრაში. ვიორელ მოლდოვანმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.

თუმცა ყველაზე მწარე მარცხი 2001 წელის გაზაფხულზე თბილისში ვიგემეთ. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იყო, ქართველებს ლიტვასთან 4:0 ჰქონდათ მოგებული და იტალიასთან სტუმრად 0:2 წაგებული, ხოლო რუმინელებს უკვე ბლომად ქულები ჰქონდათ დაკარგული. საქართველოს რომ ემარჯვა, ჯგუფიდან გასვლის დიდი პერსპექტივა მოჩანდა, თუმცა დავით ყიფიანისა და რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილებმა ცუდად ითამაშეს, 0:2 წააგეს და თეორიული შანსიღა დაიტოვეს. პირველი ტაიმი თანაბარი იყო, მეორეში კი რუმინელები აძლიერებდნენ დაწოლას, საბოლოდ, დორინელ მუნტიანუმ და კოზმინ კონტრამ შორიდან გაგვიტანეს გოლები.

იმავე შესარჩევში, ოღონდ ბოლო მატჩში (უკვე ყველაფერი გარკვეული იყო) საქართველომ ბუქარესტში 1:1 ითამაშა. სწრაფი კონტრშეტევა ალექსანდრე იაშვილმა დაასრულა გოლით და მოგებას აღარაფერი აკლდა, მაგრამ ცნობილმა მცველმა გეორგე პოპესკუმ ბოლოს თავით გაათანაბრა.

ბოლო დაპირისპირება 2008 წელს, ამხანაგურ მატჩში შედგა. ქართველებს იმ დროს ექტორ კუპერი წვრთნიდა. ოთარ მარცვალაძის ზუსტი დარტყმით სწრაფად დავწინაურდით, მერეც გვქონდა შანსები, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა აშკარად გვაჯობეს და თამაშიც მოატრიალეს.

იმ შეხვედრაში მოთამაშე ფეხბურთელთაგან, დღეს საქართველოს ნაკრების განკარგულებაში მხოლოდ ლევან მჭედლიძეა.

24აპრილი. 1996. ბუქარესტი. ამხანაგური

რუმინეთი-საქართველო 5:0

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 მოლდოვანი (29, 32, 36), 4:0 ლეკეტუში (49), 5:0 გალკა (87)

4 თებერვალი. 2000. ლარნაკა. რვაგუნდიანი ტურნირის ნახევარფინალი

რუმინეთი-საქართველო 1:1 (პენალტებით 4:2)

გოლები: 0:1 ქეცბაია (40), 1:1 ჰილდანი (81)

28 მარტი. 2001. თბილისი. ბორის პაიჭაძე. მუნდიალის შესარჩევი

საქართველო-რუმინეთი 0:2

გოლები: 0:1 მუნტიანუ (68), 0:2 კონტრა (78)

6 ოქტომბერი. 2001. ბუქარესტი. მუნდიალის შესარჩევი

რუმინეთი-საქართველო 1:1

გოლები: 0:1 იაშვილი (53), 1:1 პოპესკუ (88)

18 თებერვალი. 2004. ლარნაკა. საერთაშორისო ტურნირი

რუმინეთი-საქართველო 3:0

გოლები: 1:0, 2:0 მუტუ (30, 69), 3:0 ჩერნატი (87)

მე-10 წუთზე დარასელიამ ვერ გამოიყენა პენალტი (მეკარე)

19 ნოემბერი. 2008. ბუქარესტი. ამხანაგური

რუმინეთი-საქართველო 2:1

გოლები: 0:1 მარცვალაძე (12), 1:1 მარიკა (63), 2:1 გოიანი (70)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13535