ფეხბურთი

18:40 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გურამ ასპინძელაშვილი: “ეს თაობა გამორჩეულად კარგია და სწორი მიმართულება სჭირდება”

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რომ უკრაინაში ვიქტორ ბანიკოვის ხსოვნის ტურნირი მოიგო, ეს გეცოდინებათ. გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილებმა რვაგუნდიანი ტურნირი ისე დაასრულეს, რომ მხოლოდ ფინალში გაუშვეს გოლები, მანამდე კი კარს მშრალად ინახავდნენ. შედგებსაც შეგახსენებთ: ჯგუფში ჩეხეთთან 0:0, ლატვიასთან 1:0, მოლდოვასთან 4:0 და ფინალში ისრაელთან 2:2, პენალტებში კი 4:2.

ეს ის ნაკრებია, რომელმაც შემოდგომაზე ფინეთში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ითამაშოს, სადაც ჯგუფიდან ორი გუნდი გავა. ჯგუფში იქნებიან შვედეთი, ბულგარეთი და მასპინძელი ფინეთი. ასპინძელაშვილის თანაშემწე კახა ჩხეტიანი გახლავთ.

თუმცა შედეგზე არანაკლებ, ამ ასაკში მთავარია ფეხბურთელთა სწორად მომზადება, სწორი მიმართულების მიცემა და სამომავლოდ საფუძვლის ჩაყრა, რათა ეროვნულ ნაკრებს გამოადგნენ.

Worldsport.ge ასპინძელაშვილს ესაუბრა:

- ნაკრებმა პირველად მარტში ითამაშა ბულგარეთში, ოთხგუნდიან ტურნირზე და იქ კარგი შედეგი ვერ აჩვენა, ერთ თვეში კი უკრაინაში რვაგუნდიანი ტურნირი მოიგო. რის ხარჯზე იყო ასეთი სახეცვლილება?

- ჩვენმა ჭაბუკებმა დაინახეს, რომ არავისზე ნაკლებნი არ არიან. ბულგარეთში იყო შესასწავლი ტურნირი, გაცნობით ხასიათს უფრო ატარებდა, სასტარტო ნერვიულობაც ეტყობოდა გუნდს. სამაგიეროდ, თამაშის მიხედვით, ბულგარეთშიც იყო ბევრი პოზიტიური რამ, ამან კი ბიჭებს რწმენა ჩაუნერგა და მიხვდნენ, რომ არავისზე ნაკლებად არ თამაშობენ. უკრაინაში, ბანიკოვის ტურნირზე კი უკეთესობა აშკარად ჩანდა. ბევრი ვიმუშავეთ ტაქტიკური თვალსაზრისით.

- თქვენი ნაკრების ვარჯიშებს ვესწრებოდით. ვნახეთ, აქცენტს აკეთებდით გუნდურ მოქმედებაზე და უბურთოდ თამაშზე, რაც ქართველებს უჭირთ. უკრაინაში ამ მხრივ პროგრესი იყო?

- ბულგარეთში გამართულ მატჩში მართლაც ზედმეტი დოზით იყო ინდივიდუალური თამაში და ბურთის ტარება, მაგრამ ბიჭებიც მიხვდნენ, რომ სხვაგვარად იყო საჭირო მოქმედება. ყველაფერს ვაანალიზებდით ვიდეომასალაში, ჩანაწერის ნახვისას კარგად ვხედავდით მინუსებს. ინდივიდუალიზმი აუცილებელია, თუმცა გუნდური ფეხბურთი არ უნდა შეიწიროს.

- ნაკრების ლეგიონერ ჭაბუკებზე გვითხარით: ივა გელაშვილზე (ჩეხეთის “სპარტა”), დავით ლორთქიფანიძეზე (იტალიის “ატალანტა”), ლუკა შუბითიძეზე (გერმანიის “დინამო დრეზდენი”). განსხვავდებიან ისინი საქართველოში მოთამაშეებისგან? აქვთ ისეთი რამ ნასწავლი, რაც აქაურებს აკლიათ?

- განსხვავება თითქმის არაა. ისე კი, ლორთქიფანიძეს მეტი შეუძლია. ის იტალიის “ატალანტას” აკადემიაშია, მაგრამ თამაშის უფლება არ აქვს და პრაქტიკა რომ აკლია, უკრაინაში კარგად გამოჩნდა. როგორც ვიცი, ერთ თვეში მოაწესრიგებენ საბუთებს და შეეძლება იტალიის ასაკობრივ ჩემპიონატში თამაში. გელაშვილმა კარგად წარმოაჩინა თავი, ტურნირის საუკეთესო მცველად დაასახელეს. ზოგადად, ამ ასაკში ჭირს ლეგიონერებზე ინფორმაციის მოძიება და რთულია, რომ არავინ გამოგრჩეს.

- რა თქმა უნდა, კიდევ მრავლად იქნებიან უცხოეთში მოთამაშეები, მაგრამ გააჩნია, რა დონის კლუბში და რამდენად კარგად თამაშობენ...

- ჟურნალისტებისგან მიგვიღია ინფორმაცია ამა თუ იმ ჭაბუკზე და ეს გამოვიყენეთ კიდეც. სხვებიც გვაწვდიან ცნობებს, მაგრამ ვითხოვთ ვიდეომასალებს. საქმე ისაა, რომ გეუბნებიან, ამა თუ იმ კლუბის აკადემიაშიაო, ამ დროს კი უბრალოდ, საფეხბურთო სკოლის გუნდშია. ნაკრებში რომ გამოიძახო, მომზადებული უნდა იყოს.

- ჭაბუკთა ლიგის თამაშებზე რეგულარულად დადიხართ. თავიდან, როცა ეს ნაკრები ჩაიბარეთ, რამდენი ფეხბურთელი მოინიშნეთ და სელექცია რამდენი ჭაბუკის გარშემო აწარმოეთ?

- 45-50 ჭაბუკი დღესაც მონიშნული გვყავს. კარი არავისთვის დაგვიკეტავს. ეს ისეთი ასაკია, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მოუმატოს ფეხბურთელმა. არიან ნიჭიერი ბიჭები, რომლებსაც საფეხბურთო აზროვნება კარგი აქვთ, მაგრამ ფიზიკურად მოუმზადებლები არიან. არიან პირიქითაც, ჯანზე არიან, თუმცა არასწორად თამაშობენ. ძალიან ნიჭიერი ბიჭები უფრო არიან “დინამოში”, “ლოკომოტივში”, “საბურთალოში”, თუმცა არც სხვა გუნდებიდან გამოვტოვებთ არავის, თუ დაიმსახურებენ.

- ვიცით, თქვენ და სასელექციო ჯგუფის წევრები რაიონებში დადიოდით. დიდი განსხვავებაა თბილისში და რაიონის გუნდებში მოთამაშე ჭაბუკებს შორის?

- ძალიან დიდი. ვინც რაიონის გუნდებში კარგად თამაშობს, თითქმის ყველა თბილისში მოჰყავთ და არც ვამტყუნებ ამ მხრივ: აქ უკეთესი პირობებია, უკეთესი აკადემიებია. თუმცა მაინც დავდივართ თბილისის გარეთ თამაშებზე და ვაკვირდებით, აი, ფირუზ გაბიტაშვილი გვყავდა უკრაინაში. ის “ჰერეთში” თამაშობს.

- 16-წლამდელთა ნაკრებში თითქმის არ არიან გარემარბები, ორი საყრდენით და ორი ინსაიდით თამაშობთ. ამ სქემით გააგრძელებთ?

- არა, ეს ტაქტიკური სქემა დოგმა ნამდვილად არაა. კონტინგენტიდან გამომდინარე მოხდა ასე, თორემ ნამდვილად არ დაიჩაგრებიან გარემარბები, რომლებიც მზად იქნებიან სანაკრებო დონეზე სათამაშოდ.

- ჯერ კიდევ ორი-სამი წლის წინ საუბრობდნენ, 2000-წლიანების თაობა გამორჩეულად ნიჭიერიაო. ასეა?

- დიახ. ნამდვილად კარგი თაობაა, მაგრამ ერთი წუთითაც არ უნდა იფიქრონ, რომ უკრაინაში ჩემპიონობით ყველაფერი აწყობილია. მუშაობა უნდა გააგრძელონ, თავიანთ შეცდომებზე უნდა იმუშაონ.

- ვიტალი დარასელიას ტურნირის თამაშებს სულ ესწრებით, სწორედ 16-წლამდელების ტურნირია და რას იტყვით, რამდენად მოგწონთ?

- კარგის მეტი რა მეთქმის. ვერ აღვწერ, იმდენად სასარგებლოა ეს ჩვენი ჭაბუკებისთვის. უცხოელებთან თამაშით დიდ გამოცდილებას იძენენ. თამაშების დონეც საკმაოდ მაღალია, მარტო “ალკმაარის” ჩამოსვლა რად ღირს, სხვებს რომ თავი დავანებოთ. ამიტომაც, “დინამოს” ხელმძღვანელობას და რომან ფიფიას დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ასეთი ტურნირის ორგანიზებისთვის.

- და ბოლოს, როდის ელის 16-წლამდელთა ნაკრებს მორიგი ტურნირი?

- აგვისტოს ბოლოს პოლონეთში ვითამაშებთ რვაგუნდიან ტურნირზე. მერე კი ფინეთში გვექნება საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114675