ფეხბურთი

1:45 | 27.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაისის მეორე ქართული გამოცდა

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვაკეთის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრება. მატჩი ავსტრიის ქალაქ ველსში გაიმართება. ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ველსში უკვე სამი დღეა დაბინავებული და მოახლეუბილი თამაშისთვის მზადების პროცესშია.

ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში ყველა ის ფეხბურთელია, რომელიც მან გამოიძახა – გამონაკლისი მხოლოდ გიორგი აბურჯანია და გიორგი ჭანტურია გახლავთ, რომლებიც “ჯვაროსნებს” სწორედ სლოვაკეთთან თამაშის შემდეგ შეუერთდებიან. რაც მთავარია, არაა ტრავმირებული მოთამაშეები თუ რაღა თქმა უნდა, გიორგი ლორიასა და ჯანო ანანიძეს არ ჩავთვლით – ისინი შეკრებაზე საერთოდ არ იმყოფებიან.

სლოვაკებთან თამაშით იწყება მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადება, რადგან სექტემბრამდე ჩვენი ნაკრები მხოლოდ სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. უშუალოდ ვაისმაც აღნიშნა ხსენებული ორკვირიანი შეკრების მნიშვნელობაზე და მართლაც ასეა – ახლა უნდა გამოჩნდეს ის კონტურები, რაზე დაყრდნობაც სლოვაკ სპეციალისტს დამდეგი შემოდგომიდან მოუწევს.

უკვე იყო ხაზახეთთან შეხვედრა – ვაღიაროთ, არცთუ შთამბეჭდავი და თავბრუდამხვევი. მეტიც, მარტის ბოლოს “დინამო არენაზე” გამართულმა მატჩმა “ჯვაროსნების” რიგებში უამრავი პრობლემა დაგვანახა. აღნიშნული შეხვედრის მერე კმაყოფილი არც ვაისი დარჩენილა და ეს არც დაუმალავს. მისი თქმით, თამაშის ხარისხი უნდა გამოსწორდეს, თუმცა ისიც დაუმატა, რამდენიმე კარგი პოზიტივი მაინც დავინახეო...

სლოვაკეთი კი, ძლიერი მეტოქეა – სწორედ ასეთი დონის გუნდებთან თამაშით უნდა დავინახოთ რეალური ძალა, თუ რა შეგვიძლია და სად ვართ... ისე, უცნაურია, მაგრამ აქამდე ჩვენი და სლოვაკთა გზები ერთადერთხელ გადაიკვეთა, როცა 2000 წლის თებერვალში, კვიპროსში დავით ყიფიანისა და რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 2:0 მოუგო მეტოქეს – თემურ ქეცბაიასა და მიხეილ ყაველაშვილის გვიანი გოლებით.

დღეს, სრულიად განსხვავებული სიტუაციაა – სლოვაკეთი გაცილებით ძლიერი გუნდია, ვიდრე 16 წლის წინ გახლდათ, თანაც ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება. საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ვაისი, ალბათ ნაცადი ტაქტიკით ითამაშებს: 4-2-3-1.

ასეთი იყო განლაგება ყაზახეთთან და სლოვაკი არ ჰგავს იმ მწვრთნელებს, რომლებიც სათამაშო სქემას წამ და უწუმ ცვლიან... კარში ნუკრი რევიშვილს უნდა ველოდეთ, რომელიც ვაისი ფავორიტი რომაა, მარტშიც გამოჩნდა, როცა უთამაშებელს 90 წუთი დაუთმო. თუმცა, მანვე დასძინა, რომ სამივე ამხანაგურ მატჩში კარს მხოლოდ რევიშვილი არ დაიცავს – ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიორგი მაკარიძის დაბრუნებასაც უნდა ველოდეთ, რომელსაც პორტუგალიაში ჩინებული სეზონი ჰქონდა.

დაცვა ოთხკაციანი იქნება, დიდი ალბათობით შემდეგნაირი: უჩა ლობჟანიძე, სოლომონ კვირკველია, გურამ კაშია და ზურაბ ცისკარიძე. დიახ, ნაკრებს სამი დებიუტანტი ჰყავს, მათ შორის ერთი ცისკარიძეა და ალბათ დღეს სასტარტოში ვიხილავთ. ყოველშემთხვევაში, ვაისს ის საქმეში ჰყავს სანახავი და სწორედ მოედანზე უნდა დაამტკიცოს 29 წლის უნივერსალმა, რომ ნაკრებში თამაშის ღირსია...

ორი საყრდენი – ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი. ერთი ნაკრების კაპიტანია. მასზე ვაისმა ცალკე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანკავასა და კაშიას მსგავსი პროფესიონალები გუნდში ბევრი რომ ჰყავდეს, კარგი იქნებოდაო... რაც შეეხება კვეკვესკირს, “ინტერის” საყრდენმა ყაზახეთთან შეცვლაზე ითამაშა, მაგრამ ყველას კარგად ახსოვს, გერმანიასთან მისი დამაჯერებელი თამაში. წესით, ამ პოზიციაზე ფავორიტი გიორგი აბურჯანიაა, მაგრამ იიგ ნაკრებს სლოვაკეთის მატჩის შემდეგ შუერთდება.

თორნიკე ოქრიაშვილი-ვაკო ყაზაიშვილი-ვახტანგ ჭანტურიშვილი – გამოკვეთილი ფორვარდის წინ დიდი შანსია, რომ ასეთი სამეული ვიხილოთ, რატომ? – ოქრიაშვილი ერთ-ერთი იყო იმათგან, ვისაც ბოლო დროს კლუბში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა და გოლების გატანაც დაიწყო. ამასთან ერთად, თორნიკე ვაისის სადებიუტო მატჩში ცალსახად საუკეთესო გახლდათ და გოლიც მის ანგარიშზეა. ყაზაიშვილს კი, ვაისისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. ამაზე გაკვრით თვითონ სლოვაკმა ისაუბრა პრესკონფერენციაზე, როდესაც განაცხადა, რომ ყაზახეთთან ვაკოსგან გაცილებით მოელოდა. ჰოდა, მოლოდინს გამართლება უშუალოდ მოედნიდან სჭირდება... რაც შეეხება ჭანტურიშვილს – “დინამოს” გარემარბი დებიუტანტია ცისკარიძისა არ იყოს, მაგრამ ძალიან კარგ ფორმაშია. თანაც, ვაისმა მისი თამაში უშუალოდ ტრიბუნიდან ნახა რამდენჯერმე და ალბათ, იმისთვის არ დაუძახებია ნაკრებში, რომ სკამზე აყურყუტოს.

გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე ფავორიტი ვლადიმერ დვალიშვილია – ვაისმა მისი თამაშიც ნახა და ერთ-ერთია თავდამსხმელთაგან, რომელლსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა გასულ სეზონში. ლევან მჭედლიძეში სლოვაკი მწვრთნელი დიდ პოტენციალს ხედავს, მაგრამ ფატქია, “ემპოლიში” მას პრობლემები გააჩნდა და ამზე ვაისმაც ისაუბრა – უთამაშებელია. დვალიშვილისთვის კი ეს მორიგი შანსი იქნება და ვნახოთ როგორ გამოიყენებს...

და მაინც, არამარტო დვალიშვილისთვის, მთელი ნაკრებისთვის მოირიგ შანსია კარს მომდგარი სამი ამხანაგური თამაში. მატჩები, რომელიც ნათლად გამოაჩენს, რა შეგვიძლია და რაზე უნდა გვქონდეს რეალურად პრეტენზია მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ციკლში.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს – იგი 19:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114042