ავტოსპორტი

0:17 | 23.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბიძინაშვილის დუბლი

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე, წრიულ რბოლებში საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატი გაიხსნა. გაიმართა პირველი ეტაპი, რომლის მეორე დღესაც, მხოლოდ ლეჯენდსის და ფორმულა ალფას სერიების მონაწილეებმა იასპარეზეს. სამწუხაროდ, ჩემპიონატს კომპაქტის და ტურინგ ლაითის კლასები გამოაკლდა. თუმცა დარჩენილ ორ კლასში რბოლები ძველებურად საინტერესო იყო.

ლეჯენდსში ორივე რბოლა მოქმედმა ჩემპიონმა, არჩილ ბიძინაშვილმა მოიგო. თუ პირველ რბოლაში მას კონკურენცია გიორგი ბეჟიტაშვილმა გაუწია, მეორეში ბადალი არ ჰყოლია. მან სტარტიდანვე შეძლო დაწინაურება და ფინიშამდე ისე გაიარა, ახლოს არავინ გაიკარა. ბრძოლა მეორე ადგილისთვის გაიმართა. თავიდან ლიდერის მდევართა ჯგუფს ბეჟიტაშვილი ჩაუდგა სათავეში, რომელსაც შოთა აფხაზავა უტევდა. მათ უკან მოდიოდნენ გოგა არჯევანიძე, დავით კაკაბაძე, სანდრო ცხადაძე, უფრო უკან კი ლატვიელი ჰარალდ შლეგელმილხი და ალეკსეი ხაიროვი.

საბოლოოდ, მეორე ადგილისთვის ბრძლას მხოლოდ აფხაზავა და ბეჟიტაშვილი შემორჩნენ. მეორეზე ხან ერთი გადაინაცვლებდა, ხან მეორე. ტრასის თითქმის მთელ სიგრძეზე, მათ მანქანებს შორის სხვაობა ძირითადად მეტრის ფარგლებში იყო. ბოლო წრეზე აფხაზავამ საბოლოოდ შეძლო გადასწრება და ფინიშის ხაზიც მეორემ გადაკვეთა. ბეჟიტაშვილი ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა. კვარცხლბეკზე კი ისევ პირველი რბოლის მოწინავე სამეული ავიდა.

არანაკლებ დაძაბული პაექრობა ჰქონდათ დანარჩენებსაც. წინ (სულ კი მეოთხეზე) ხან არჯევანიძე იყო, ხან კაკაბაძე, ხან კი შლეგელმილხი. ერთ მომენტში, პირველი ეს-მოსახვევიდან გამოსვლისას, ცხადაძის მანქანა ცენტრიდანულმა ძალამ გარეთ გარიყა. იქ კი მას არჯევანიძის მანქანა დახვდა. მოხდა კონტაქტი, რამაც ცხადაძის მანქანა ჰაერში ააგდო. ბედად, არ ამოყირავებულა, მაგრამ ასფალტზე დაშვებული გვერდულად „დადგა“ და არჯევანიძის მანქანას ისევ მიაწვა. ამ ორომტრიალს გადაურჩა კაკაბაძე, თუმცა მოგვიანებით მას მაინც არ გაუმათლა და ჩამორჩა. ცხადაძემ და არჯევანიძემ რბოლის გაგრძელება კი შეძლეს, მაგრამ ინციდენტის გამო, მათ შლეგელმილხი და ხაიროვი „გაექცნენ“ და ამავე მიმდვრობით გადაკვეთეს ფინიშის ხაზი.

არანაკლებ საინტერესო გამოდგა ფორმულების რბოლა, თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე, აქ ტექნიკამ რამდენიმე მრბოლს არ მისცა თავის გამოჩენის საშუალება. სტარტიდან სანდრო თავართქილაძე დაწინაურდა, რომელმაც თავიდანვე სოლიდური ჰანდიკაპი შექმნა. მას მიჰყვნენ ლაშა ნადირაშვილი და შაკო ციხელაშვილი, უფრო უკან კი ჰარალდ შლეგელმილხი, ვინც ჩვენს ტრასას კარგად იცნობს (შარშან ზაფხულში არტლაინ ჯორჯიას ფორმულა 3-ის ბოლიდს ცდიდა) და თორნიკე კიკნაველიძე. უფრო მოშორებით, შოთა აფხაზავა, კიდევ ერთი ლატვიელი ოტტო ბირზნიეკსი და დავით რამიშვილი, ვისი რბოლაში გამოსვლაც, გადაცემათა კოლოფის პრობლემების გამო, ბოლო მომენტამდე სათუო იყო.

ტრასაზე სიტუაცია მალე შეიცვალა. ჯერ ნადირაშვილს შეექმნა ტექნიკური პრობლემა, შემდეგ სტიუარდებმა კიკნაველიძეს წესის დარღვევა დაუფიქსირეს და პიტლეინზე უქმი გავლით დასაჯეს. პარალელურად, მდევართა შორის შლეგელმილხი დაწინაურდა, რომელმაც ლიდერთან ჩამორჩენის შემცირება დაიწყო, რაშიც მას თავართქილაძის მანქანის პრობლემებიც უწყობდა ხელს.

საბოლოოდ, ლატვიელმა პილოტმა, ვინც შოთა აფხაზავასთან ერთად, მის გუნდ „არტლაინ ჯორჯიას“ სახელით, „ლამბორგინის“ სუპერ ტროფეოს სერიაში, საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს, შეძლო ქართველის გასწრება და ფინიშსაც პირველმა, სოლიდური უპირატესობით მიაღწია. პრობლემის მიუხედავად, სანდრომ მეორე ადგილის შენარჩუნება ადვილად შეძლო, მესამე ადგილი კი მეორე ლატვიელმა, ოტტო ბირზნიეკსმა დაიკავა.

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის საინტერესო რბოლებს და დათა ქაჯაიას პირველ კვარცხლბეკს TCR-ის საერთაშორისო სერიის, დღესვე, მეოთხე ეტაპზე (იმოლაში), აშკარად დააკლდა კომპაქტის და ტურინგ ლაითის რბოლა. მაგრამ ფაქტია, ავტოსპორტი არამხოლოდ ტრასაზე საინტერესო ბრძოლებით გამოირჩევა. ეს უშეღავათო ბიზნესია, სადაც ყველაფერი პრაგმატულობას ექვემდებარება. და ხშირად უსამართლოც არის. ისევე როგორც თავად რბოლები - ტექნიკური პრობლემების, ფინანსური ხელმოკლეობის, ან თუნდაც სუბიექტური მიზეზების გამო, ხშირად ძლიერებიც იჩაგრებიან.

იყო დრო, როცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფორმულა 1 საფრანგეთის დიდი პრიზის (უძველესი რბოლა ავტოსპორტის ისტორიაში) გარეშე დარჩებოდა და ეს მას არ დაეტყობოდა. ასეთი რამ მხოლოდ ფ1-ში არ ხდება. ბევრი საინტერესო სერია დახურულა უსახსრობის გამო, ისეთებიც, რომლებსაც უამრავი მაყურებელი ესწრებოდა. მაგრამ მათ ადგილზე სხვა სერიები ჩნდებოდა. სამწუხაროდ, ასე იქნება მომავალშიც.

მაგრამ ხშირად არის იმის შესაძლებლობა, რომ ასე არ მოხდეს. და კარგი იქნება, თუ საქართველოს ჩემპიონატს ისევ დაუბრუნდება ტურინგის და კომპაქტის კლასის რბოლები. და თუ ასე არ მოხდა, იმედია, ეს ჩემპიონატს არ დააზარალებს. მასში ხომ არაერთი ნიჭიერი პილოტი მონაწილეობს, რომლებსაც აქვთ იმის შანსი, რომ დათა ქაჯაიას მსგავსად გაუმართლოთ და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობა გაუჩნდეთ. ეს შანსი კი მათ პირველ რიგში, სწორედ საქართველოს ჩემპიონატმა შეიძლება მისცეს...

ლეჯენდსი, 1-ლი რბოლა, 10 წრე

  1. არჩილ ბიძინაშვილი 20:01.357
  2. გიორგი ბეჟიტაშვილი 20:01.397 (+0.040)
  3. შოთა აფხაზავა 20:17.437 (16.080)
  4. ალეკსეი ხაიროვი (რუსეთი) 20:19.613 (18.256)
  5. გოგა არჯევანიძე 20:19.634 (18.277)
  6. სანდრო ცხადაძე 20:27.979 (26.622)
  7. ჯანკატ ჰურმოგლუ (გერმანია) 20:49.269 (47.912)
  8. ვლადიმერ თაბაგარი 21:13.780 (1:12.423)
  9. დავით კაკაბაძე 1 წრე
  10. იკო ჩხეიძე DNF

ფორმულა ალფა, 10 წრე

  1. ჰარალდ შლეგელმილხი (ლატვია) 17:28.135
  2. სანდრო თავართქილაძე 17:37.224 (9.089)
  3. ოტტო ბირზნიეკსი (ლატვია) 17:48.843 (20.708)
  4. შოთა აფხაზავა 17:49.936 (21.801)
  5. დავით რამიშვილი 18:02.822 (34.687)
  6. თორნიკე კიკნაველიძე 18:03.485 (35.350)
  7. შაკო ციხელაშვილი 18:31.314 (1:03.179)
  8. ლაშა ნადირაშვილი 19:51.947 (2:23.812)

ლეჯენდსი, მე-2 რბოლა, 10 წრე

  1. არჩილ ბიძინაშვილი 19:58.516
  2. შოთა აფხაზავა 20:04.162 (5.646)
  3. გიორგი ბეჟიტაშვილი 20:04.956 (6.440)
  4. ჰარალდ შლეგელმილხი (ლატვია) 20:06.881 (8.365)
  5. ალეკსეი ხაიროვი (რუსეთი) 20:11.736 (13.220)
  6. გოგა არჯევანიძე 20:15.129 (16.613)
  7. სანდრო ცხადაძე 20:22.617 (24.101)
  8. ჯანკატ ჰურმოგლუ (გერმანია) 20:29.110 (30.594)
  9. იკო ჩხეიძე 20:29.141 (30.625)
  10. ოტტო ბირზნიეკსი (ლატვია) 20:48.386 (49.870)
  11. ვლადიმერ თაბაგარი 21:15.453 (1:16.937)
  12. დავით კაკაბაძე 21:54.661 1:56.145
  13. უშო ნანავა DNF

შენიშვნა: DNF - რბოლა ვერ დაასრულა

0.492331