ფეხბურთი

1:01 | 14.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ღამურებმა” სეზონი უსახურად დაასრულეს

ესპანეთის ჩემპიონატის 2015/2016 წლების სეზონის ბოლო ტურის გახსნითი შეხვედრა “მესტალიაზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ვალენსიამ” სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადი” მიიღო და ბასკეთში სამი ქულა გაატანა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ “ვალენსიას” ძირითადში ხაუმე დომენეში დაბრუნდა, რომელიც მასპინძელთაგან საუკეთესო იყო. “ღამურების” გუშინდელი თამაში ძალიან ჰგავდა ამ კლუბის მიერ პირველ წრეში ნაჩვენები მატჩების უმრავლესობას, როდესაც მთლიანი გუნდი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და ერთადერთი ნათელი წერტილი, სწორედ ხაუმე გახლდათ.

“ვალენსიამ” აღნიშნული დაპირისპირება ზუსტად ისე უსახურად ჩაატარა, როგორც მთლიანი სეზონი და ქომაგების რისხვა ნამდვილად დაიმსახურა, რომელიც “მესტალიაზე” შეკრებილმა პუბლიკამ მატჩის დასრულებისთანავე თავს დაატეხა “ღამურებს”.

პირველი ტაიმი ძალიან უინტერესო გამოდგა და სახიფათო მომენტები არ ყოფილა, ხოლო მეორე ნახევარში რამდენიმე ეპიზოდი მაინც შეიქმნა. ხაუმემ რამდენჯერმე შეძლო საკუთარი გუნდის გადარჩენა, ხოლო მასპინძელთაგან სანტი მინასა და ალვარო ნეგრედოს შეეძლოთ გატანა, მაგრამ მიზანმა უმტყუნათ.

ერთადერთი ბურთი, შეხვედრის უკანასკნელ 94-ე წუთზე გავიდა – მიკელ ოიარზაბალმა ახლო მანძილიდან დამატებაზე ითამაშა და უძლიერესი დარტყმით ხაუმე უშანსოდ დატოვა – 0:1.

“ვალენსიას” 11 მოგება, 11 ფრე და 16 წაგება დაუგროვდა. “ლოს ჩე” 44 ქულით მე-11 ადგილზეა, თუმცა გადასწრება სამ კლუბს შეუძლია.

13 მოგება, 9 ფრე და 16 წაგება, მე-8 ადგილი და 48 ქულა – ასეთია “სოსიედადის” საბოლოო მონაგარი.

ვალენსია – სოსიედადი 0:1 (0:0)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-3-3): დომენეში, ვეზო, სანტოსი, ბარაგანი (კანსელო 56), სიკეირა, ბარბოსა, პარეხო, გომეში (ნეგრედო 84), მინა, პიატი (პასკუალი 39), ალკასერი.
მწვრთნელი: პაკო აიესტარანი

სოსიედადი (4-2-3-1): რული, მ.გონსალესი, ელუსტონდო, დ.რეიესი, დე ლა ბელა, პარდო (ზუბელდია 84), ილარამენდი, პრიეტო (ჯონათასი 74), ოიარზაბალი, ზურუტუზა, ხონი (ბრუმა 58).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლი: ოიარზაბალი (94)
გაფრთხილებები: ვეზო, გომეში – ხონი, ილარამენდი
მსაჯი: ველასკო კარბალიო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150507