საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი დაშავდა. 29 წლის მეკარემ ტრავმა დღეს, რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში სანქტ-პეტერბურგის “ზენიტთან” მატჩისას მიიღო, რევიშვილმა შეცვლა 62-ე წუთზე ითხოვა.
აღსანიშნავია, რომ 53-ე წუთზე, როცა “მორდოვიას” კარში პენალტი დაინიშნა, რევიშვილმა ექიმების დახმარება მოითხოვა, თამაში გააგრძელა, მაგრამ მხოლოდ 8 წუთი გასძლო და მერე მთავარ მწვრთნელს ჩანაცვლება სთხოვა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა პერიოდი გაუცდება ნუკრის. ისე კი, იგი ბოლო დროს კარგ ფორმაში გახლდათ და “მორდოვიას” ძირითად შემადგენლობაშიც სისტემატურად ხვდებოდა.
რაც შეეხება უშუალოდ “ზენიტთან” მატჩს, ქართველი თავიდან კარგად თამაშობდა და რამდენჯერმე თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, მაგრამ 45-ე წუთზე ჰალკის ჯარიმისას უხეიროდ ითამაშა და ბელგიელმა აქსელ ვიტსელმა შეცდომა არ აპატია.
მიმდინარე სეზონში რევიშვილს რუსეთის პრემიერლიგაში 20 მატჩი აქვს ჩატარებული.