ფეხბურთი

12:33 | 28.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების მეტოქე უმწვრთნელოდ დარჩა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე სერბეთის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. როგორც სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რადოვან ჩურჩიჩთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. თანამდებობა დატოვა ნაკრების დირექტორმა სავო მილოშევიჩმაც.

ჩურჩიჩმა ეროვნული გუნდი 2014 წელს, დიკ ადვოკაატის დათხოვნის შემდეგ ჩაიბარა, თუმცა ნაკრებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვერ დააძლევინა, სერბები ჯგუფში მეოთხე ადგილს დასჯერდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სერბებს მსოფლიოს შესარჩევისთვის, სავარაუდოდ, სლავოლუბ მუსლინი მოამზადებს. 62 წლის სპეციალისტი, რომელსაც ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სერბული, ფრანგული, ბელგიური, უკრაინული, კვიპროსული და რუსული კლუბები გაუწვრთნია, ბოლოს, გასულ წელს, ბელგიურ “სტანდარდს” ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მუსლინს ნაკრებში აქამდე არასდროს უმუშავია.

მუნდიალის საკვალიფიკაციო ციკლი მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება, თუმცა საქართველოს ნაკრებს სერბეთთან შეხვედრები 2017 წელს მოუწევს – 24 მარტს შინ, შესარჩევის ბოლო ტურში 9 ოქტომბერს კი სტუმრად. ჯგუფში, საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებთან ერთად, ავსტრიის, უელსის, ირლანდიის და მოლდოვას ეროვნული გუნდები იასპარეზენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116757