ძიუდო

21:50 | 22.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

უსამართლობა, იმედგაცრუება, სიურპრიზი და ლიცენზია (+VIDEO)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) ოქროს, ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო შემატა. ყაზანურ ტატამზე დღეს მამაკაცთა და ქალთა შორის მედლების ორ-ორი კომპლექტი გათამაშდა. ქართული დროშის ქვეშ კი ოთხმა ძიუდოისტმა იჭიდავა და ოთხივე საპრიზო სამეულში მოხვდა, მაგრამ საბოლოო შედეგით ნასიამოვნები საქართველოს ნაკრების ვერც ერთი ქომაგი ვერ დარჩებოდა. ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ესტერ სტამმა (70 კგ) ფინალში წააგეს და პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდნენ.

შავდათუაშვილის შემთხვევაში ოქროს მედალს ფინალის მსაჯი გადაეღობა. ლაშამ აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს აშკარად აჯობა. ჩვენებურის ორი გდებიდან ვაზარით მხოლოდ ერთი შეაფასეს. გასაჩემპიონებლად ეს უპირატესობაც საკმარისი უნდა ყოფილიყო, რადგან ორუჯოვი ილეთის შესრულებას ვერაფრით ახერხებდა. რაც აზერბაიჯანელმა ვერ შეძლო, ტატამის მსაჯმა გააკეთა – ბოლო წუთზე ლაშა შავდათუაშვილს ელვის სისწრაფით ამოუწურა გაფრთხილებების ლიმიტი და ევროპის ჩემპიონად აზერბაიჯანელი ძიუდოისტი გამოაცხადა. აშკარა უსამართლობაზე მსაჯთა მაგიდამაც თვალი დახუჭა. (VIDEO)

ფინალამდე ლაშა შავდათუაშვილმა პორტუგალიელი ანდრე ალვეში, უკრაინელი დმიტრო კანივეცი, თანაგუნდელი ნუგზარ ტატალაშვილი და სლოვენიელი მარტინ ჰოჟაკი ჩამოიცილა.

ტატალაშვილმა შავდათუაშვილთან დაჭიდებამდე ბერძენ გეორგიოს აზოიდისსა და ჩერნოგორიელ ნიკოლა გარდაშევიჩს აჯობა. ბრინჯაოს გზაზე კი გერმანელი იგორ ვანდტკე და რუსი დენის იარცევი დაამარცხა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ბოლო მოგება იყო, რადგან რეპეშაჟის ფინალში ტატალაშვილმა მეტოქესთან ერთად, იარცევისადმი სიმპათიით განწყობილ მსაჯსაც აჯობა, ორი ერთმანეთზე უკეთესი და ეფექტური ვაზარით (VIDEO).

ქომაგთათვის ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუება ავთანდილ ჭრიკიშვილის (81 კგ) ოქროს გარეშე დარჩენა იყო. მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა ევროპული ტიტულის ზედიზედ მეოთხედ მოპოვების შანსი რუსეთის ნაკრების წევრ ხასან ხალმურზაევთან მარცხით დაკარგა. ჭრიკიშვილმა გადაწყვიტა მიზნისთვის ილეთით მიეღწია, რადგან იქამდე მანაც კარგად დაინახა, რომ სხვაგვარად მეტოქის და მსაჯის ერთად დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა. ტაქტიკამ არ გაამართლა, რადგან კონტრშეტევაზე წამოეგო და ვაზარიზე დავარდა. მუდმივად გასაქცევად შემართულმა ხალმურზაევმა შეხვედრის ბოლომდე სამი გაფრთხილება მიიღო და ევროპირველობის მასპინძლები პირველი ოქროს მედლით გაახარა (VIDEO).

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ფინალის გზაზე ოთხი შეხვედრა ისე მოიგო, სრული საჭიდაო დრო არც ერთ მეტოქესთან არ დაუხარჯავს. ავსტრიელ მარსელ ოტს 2 წუთსა და 27 წამში მოუმთავრა საქმე, ემირჰან იუცელის სახელით თურქეთის დროშის ქვეშ მოჭიდავე ამირან იანვარაშვილს 57 წამი აკმარა, რუმინელ ვალერიუ დუმინიკას 3 წუთში 4 შიდო მიაღებინა, შვედ რობინ პაჩეკს კი ორწუთნახევარი აკმარა.

ესტერ სტამის (70 კგ) მიერ მოპოვებული ვერცხლის მედალი კი ქომაგებისთვის დღის მთავარი სიურპრიზი იყო. ძიუდოისტმა, რომელიც აქამდე უფროსებს შორის ევროპოდიუმზე ერთხელაც არ ასულა, რუსულ ტატამზე შედეგთან ერთად მაღალი ხარისხიც აჩვენა. ფინალის გზაზე ბელგიელი როქსან ტაიმანსი, გერმანელი ლაურა ვარგას კოხი, უნგრელი სზაბინა გერჩაკი და ფრანგი ფანი ესტელ პოსვიტი ჩამოიცილა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონთან – ფრანგ ჯერვის ემანთან წააგო და ვერცხლთან ერთად 240 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რითაც ფაქტობრივად გაინაღდა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.

ხვალ ევროპის ინდივიდუალური პირველობისთვის განკუთვნილი ბოლო დღეა და მედლების ბოლო ხუთი კომპლექტიც გათამაშდება. მამაკაცებში 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში – 78 და +78 კილოგრამში. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ევროკონკურენციაში ჩაებმებიან: ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ბექა ღვინიაშვილი (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).

ძიუდო

ევროპის ჩემპიონატი

ყაზანი

22 აპრილი

მამაკაცები

73 კგ

1 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)

2 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

3 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

3 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)

81 კგ

1 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი)

2 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

3 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)

3 რობინ პაჩეკი (შვედეთი)

ქალები

63 კგ

1 ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია)

2 კატრინ უნტერვურზახერი (ავსტრია)

3 ეკატერინა ვალკოვა (რუსეთი)

3 ანიჩკა ვან ემდენი (ჰოლანდია)

70 კგ

1 ჯერვის ემანი (საფრანგეთი)

2 ესტერ სტამი (საქართველო)

3 სზაბინა გერშაკი (ჰოლანდია)

3 ფანი ესტელ პოსვიტი (საფრანგეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.145544