რაგბი

23:50 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლელომ” და “კრასნი იარმა” ერთად ივარჯიშეს

რუსთავის სარაგბო სტადიონმა საქართველოსა და რუსეთის ჩემპიონების ერთობლივ ვარჯიშს – მართვად თამაშს უმასპინძლა. “ლელო სარასენსმა” და “კრასნი იარმა” გუნდები შერკინებად და ხაზად დაყვეს და ერთობლივ ვარჯიშს შეუდგნენ. მორკინალები რიგრიგობით შერკინებებსა და დერეფნებს ათამაშებდნენ, ხაზი კი მოედნის მეორე მხარეს კომბინაციებს ამუშავებდა.

ფორვარდებმა და ბექებმა ცალ-ცალკე ვარჯიშით გული რომ იჯერეს, გუნდები გაერთიანდნენ და ერთობლივი ვარჯიში მართვადი თამაშით დაასრულეს. ამ დროს გუნდები კვლავ რიგ-რიგობით უტევდნენ, თუმცა ამ დროს მეტოქეს კონტრშეტევის შესაძლებლობა ეძლეოდა.

შეგახსენებთ, რომ “კრასნი იარი” წინასასეზონო შეკრებაზე საქართველოში 5 აპრილს ჩამოვიდა და რუსთავის სარაგბო სტადიონზე ემზადება. აღსანიშნავია, რომ ციმბირელებს უნდა ეთამაშათ რაგბის კლუბ “არმიასთან”, მაგრამ ამ უკანასკნელის საკადრო პრობლემების გამო, 10 აპრილს დაგეგმილი მატჩი არ შედგა.

შეკრების დასრულებამდე ციმბირული კლუბი სამი საკონტროლო მატჩის გამართვას გეგმავს. პირველს იარელები 15 აპრილს, 17:30 საათზე ასევე რუსთავის სარაგბო სტადიონზე თბილისის “აკადემიის” წინააღმდეგ ჩაატარებენ. დანარჩენ ორ მატჩში სტუმართა მეტოქეები, სავარაუდოდ, დიდი 10-ის პირველი საპლეიოფო ტურის (16-17 აპრილი) შემდეგ გაირკვევა.

www.rugby.ge

0.128397