კალათბურთი

0:48 | 11.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძეს სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა

თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ვიქტორ სანიკიძის “ტედ ანკარა კოლეჯლილერი” სტამბოლის “ბეშიქთაშს” დაუხვდა და ქართველი კალათბურთელის ჩინებული თამაშის მიუხედავად, 83:94 დამარცხდა.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და თითქმის შეუცვლელად – 37:51 წუთს ითამაშა. ქართველი ფორვარდის მონაგარი 17 ქულა, 13 მოხსნა (3 შეტევაში), 8 პასი და 2 ჩაჭრა გახლდათ, მოკლედ, ვიქტორს იშვიათ სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 შედეგიანი გადაცემა დააკლდა.

სანიკიძემ 6-დან 3 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

მასპინძელთა რიგებში შედეგიანად ითამაშეს ვირჯინიის კ-ბის წარმომადგენელმა ფრანკ ელეგარმა (20 ქულა, 6 მოხსნა) და თურქმა ეროლჩან ჩინკომაც (19 ქულა), “ბეშიქთაშის” მხრიდან კი ამერიკელი რენდი კალპეპერი (22 ქულა) და პოლონელი მაჩიეი ლამპე (15 ქულა, 12 მოხსნა) გამოირჩნენ.

“ტედ ანკარა კოლეჯლილერი” 8 მოგებით და 17 მარცხით 16-გუნდიან ლიგაში მე-13 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ “ქონიასპორს” მხოლოდ 2 გამარჯვებით უსწრებს.

სანიკიძის კლუბი მომდევნო მატჩს 16 აპრილს სტუმრად “ტურკ ტელეკომთან” ჩაატარებს, დღეს კი, მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” “პინარ ქარშიაქას” უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062698