მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” ევროლიგის ტოპ-16-ის გათამაშება გამარჯვებით დაასრულა, თუმცა, პლეი-ოფის საგზური მაინც ვერ მოიპოვა. სტამბოლელები შინ ყუბანის “ლოკომოტივს” დაუხვდნენ და E ჯგუფში მე-2 ადგილზე გასული გუნდი 87:86 დაამარცხეს.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 12:36 წუთი გაატარა და 8 ქულა და 1 პასი მოაგროვა. მარკოიშვილმა უშეცდომოდ ესროლა. მან ორქულიანი და 2-ვე სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ თურქულ კლუბში 5 და მეტი ქულა ერთბაშად 9 კალათბურთელმა ჩააგდო, რაც ჩინებულ გუნდურ თამაშზე მეტყველებს. საუკეთესო ამერიკელი ლუკ ჰერენგოდი იყო, რომელმაც 15 ქულას 7 მოხსნა წაამატა.
საბოლოოდ, “დარუშაფაკას” 5 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა და E ჯგუფში მე-6 ადგილი დაიკავა.
აქვე იმ წყვილებზეც ვთქვათ, რომლებიც ევროლიგის მეოთხედფინალში შეიქმნა: ფენერბაჰჩე-რეალი, ლაბორალ კუჩა-პანათინაიკოსი, ცსკა-ცრვენა ზვეზდა, ლოკომოტივი-ბარსელონა.
პლეი-ოფი სტარტს 12 აპრილს აიღებს და 26 აპრილამდე გასტანს, მოედნის უპირატესობა კი პირველად დასახელებულ კლუბებს ექნებათ. სერია სამ მოგებამდეა, ამდენად, გუნდებს მაქსიმუმ ხუთ მატჩს ჩაატარება მოუწევთ.









