სხვა

14:06 | 7.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ჰოკეისტები ინდივიდუალურადაც გამოარჩიეს (+VIDEO)

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრების წარმატებული ასპარეზობის შესახებ უკვე მოგახსენეთ. ქართველმა ჰოკეისტებმა, რომელთაც მზადების მინიმალური პირობები აქვთ, მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში მე-2 ადგილი დაიკავეს და თავი ინდივიდუალური ქმედებებითაც გამოიჩინეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე გამორჩეული ბორის კოჩკინი იყო, რომელიც ტურნირის საუკეთესო ფორვარდად აღიარეს და ერთადერთი ქართველი იყო, ვინც შეჯიბრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. საქართველოს ნაკრების 14-მა ნომერმა 10 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავაში თურქ ემრაჰ ოზმენთან ერთად, პირველი-მეორე ადგილები გაიყო.

კოჩკინი ლიდერებში იყო ასისტენტთა შორისაც. 9-9 პასით, მას პირველობა ამჯერად, ლუქსემბურგელ კოლმ ქენონთან ერთად ერგო. აი, ტურნირის საუკეთესო მექულეთა შორის კი, ქართველ ჰოკეისტს ლიდერობას ვეღარავინ შეეცილა. ბორისს 19 ქულა მოუგროვდა და ხსენებულ ოზმენს 3 ქულით გაუსწრო.

ამ დავაში მე-3 პოზიცია ერგო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ გამორჩეულ მოთამაშე არტიომ კოზიულინს, რომელმაც 9 გოლს 4 შედეგიანი გადაცემა წაამატა. ქართველ ჰოკეისტებში მე-3 შედეგი ჰქონდა როლანდ სვანიძეს, რომელსაც 3 გოლი და 7 პასი მოუგროვდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ შეჯიბრზე ქართველმა ჰოკეისტებმა მხოლოდ მასპინძლებთან წააგეს – 4:5, შემდეგ კი, ბოსნია-ჰერცეგოვინას (8:0), სამხრეთ აფრიკას (6:5), ლუქსემბურგს (5:0) და ჰონგ კონგს (14:3) სძლიეს. შედეგად, 2017 წლისთვის II დივიზიონის B ჯგუფში თამაშის უფლება თურქებს ერგოთ, საქართველოს ნაკრები კი საგაისოდ III დივიზიონში ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფის მატჩებს 9-16 აპრილს, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ყინულის სასახლე უმასპინძლებს. მონაწილე ექვსია: ავსტრალია, ბულგარეთი, ისრაელი, მექსიკა, ახალი ზელანდია და ჩრდილოეთ კორეა. თურქეთის ნაკრები ზედა დონეზე სწორედ მათგან უარეს გუნდს ჩაანაცვლებს, რომელიც საგაისოდ ქართველთა ერთ-ერთ მეტოქედ იქცევა.

1. თურქეთი 5 5 0 35:11 15
2. საქართველო 5 4 1 37:13 12
3. სამხრეთ აფრიკა 5 3 2 29:16 9
4. ლუქსემბურგი 5 2 3 24:19 6
5. ბოსნია-ჰერცეგოვინა 5 1 4 7:43 3
6. ჰონგ კონგი 5 0 5 10:40 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119837