ფეხბურთი

10:59 | 29.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაისის ქართული ვოიაჟი იწყება: პირველი გაჩერება ყაზახეთია...

ვლადიმირ ვაისის დებიუტი დღეს შედგება. საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლებს და სწორედ ამ თამაშით დაიწყება სლოვაკი სპეციალისტის ქართული ვოაიჟი...

ვერ ვიტყვით, რომ ჩვენთვის გადამწყვეტი თამაშია, მაგრამ მნიშვნელოვანი რომ იქნება ფაქტია. საქმის კარგ დასაწყისს, ხშირად დიდი მნიშვნელობა აქვს და არც ახლა იქნება გამონაკლისი.

ვაისის პირველ სანაკრებო სიაში უმეტესად ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახეებია, თუმცა არც დებიუტანტთა სიმცირეს ვუჩივით – გიორგი აბურჯანია, გიორგი ქვილითაია, ნიკა კაჭარავა მთავარ ნაკრებში პირველად არიან მიწვეულნი. იქნებიან თუ არა ისინი დღეს ძირითად შემადგენლობაში, საღამოს გავიგებთ.

სავარაუდო შემადგენლობა:

ვაისი დიდი ალბათობით, 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემას აირჩევს. მეკარის პოზიციაზე ან გიორგი ლორია იქნება, ანდაც ნუკრი რევიშვილი. თუმცა, ექსდინამოელის შანსი უფრო ძვირად ფასობს, რადგან მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს.

კახა ცხადაძე ხშირად ნაკრებს სამმცველიანი ტაქტიკით ათამაშებდა, მაგრამ ვაისმა უკვე ხშირად ახსენა, რომ იგი 4 მცველით აპირებს თამაშს. ამის ფონზე დაცვის ხაზის შევსება ალბათ უჩა ლობჟანიძეს, გურამ კაშიას, სოლომონ კვირკველიასა და გიორგი ნავალოვსკის მოუწევთ. დიდი ხანია კამათობენ იმაზე, რომ ლობჟანიძე სანაკრებო დონეს არ აკმაყოფილებდს, მაგრამ ფაქტია, დღეს საქართველოში მასზე მაღალი დონის მარჯვენა მცველი არ მოგვეპოვება...

საყრდენის პოზიციაზე ყველაფერი ცნობილია: ჯაბა კანკავა უალტერნატივოა, ხოლო მას მხარს სავარაუდოდ გიორგი აბურჯანია დაუმშვენებს. საერთოდ, “ხიმნასტიკის” საყრდენს დღეს დებიუტი ექნება. რაც შეეხება სასტარტოში თამაშის მოლოდინს, ვაისმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა, რომ ახალგაზრდული ნაკრებიდან დაწინაურებული სამი ფეხბურთელიდან, ორი სასტარტოში იქნება. ერთი უსათუოდ აბურჯანია უნდა იყოს, წესითა და რიგით...

სამი შემტევი: ვაისმა როგორც თქვა, ჯანო ანანიძეში შემტევს ხედავს და არა საყრდენ ნახევარმცველს. შესაბამისად, ჩვენი გუნდის ე.წ. “ტრეკვარტისტა” სწორედ მოსკოვის “სპარტაკის” მოთამაშე უნდა იყოს. რაც შეეხება ფლანგებს, ვაკო ყაზაიშვილი თავისი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე ვაისის სასტარტო თერთმეტეულში უნდა იყოს, თანაც სლოვაკმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ყაზაიშვილი მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ღერძი უნდა გამოდგეს...

გამოკვეთილ ფორვარდს რაც შეეხება, ბატონ ვლადიმირ ოთხი არჩევანი აქვს: უთამაშებელი ვაწაძე, მჭედლიძე, კაჭარავა და “დინამოში” შედეგიანად მოთამაშე გიორგი ქვილითაია. გიორგის დღეს შესაძლოა დებიუტი ჰქონდეს, ისევე როგორც კაჭარავას. სწორედ ეს უკანასკნელი დაიწყეს სავარაუდოდ, დღევანდელ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში. ესეც ვაისის სიტყვებიდან გამომდნარეობს: აბურჯანიასთან ერთად სწორედ “როსტოვის” ფორვარდი უნდა იყოს ის მეორე, რომელიც 21-წლამდელებიდან დაწინაურებულთა შორის, ძირითადში იქნება...

ამის ფონზე, დღეს საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო თერთმეტეული შემდეგნაირია:

ლორია; ლობჟანიძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი; კანკავა, აბურჯანია; ყაზაიშვილი, ანანიძე, ოქრიაშვილი; კაჭარავა

წარსული ყაზახეთთან

ყაზახეთის ნაკრებთან სამჯერ გვითამაშია და ჯერჯერობით სრული თანაფარდობაა: 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, უფრო ზუსტად კი, 2005 წლის 17 აგვისტოს, ალმა ატაში საქართველოს ნაკრებმა 2:1 მოიგო. ის მატჩი ჩვენთვის კარგად არ დაწყებულა და კეჟეკანოვის გოლით ტაიმი წავაგეთ კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში ქართველებს მსხნელად გიორგი დემეტრაძე მოევლინათ, რომელმაც დუბლი შეასრულა და ევროპული ზონის იმდროინდელ დებიუტანტთან ქულების დაკარგვისგან გადაგვარჩინა.

იმავე შესარჩევ ციკლში ყაზახეთმა საქართველოსთან ქულის მოპოვება მაინც მოახერხა – 2005 წლის 8 ოქტომბერს, თბილისში ამ გუნდთა დაპირისპირებაში გოლი არ გასულა. ალმა ატაში გამართული თამაშის გმირი გიორგი დემეტრაძე ამ მატჩშიც დასამახსოვრებელი ფიგურა გამოდგა. ოღონდ, ცუდის მხრივ – მან სტუმართა ქართული წარმომავლობის კიპერ დავით ლორიას, რომელიც სხვათა შორის, დღესაც იქნება მოედანზე, პენალტი ვერ გაუტანა.

ბოლოს კი საქართველო და ყაზახეთი ერთამანეთს ამხანაგურად 2013 წლის 14 აგვისტოს, ასტანაში გაეჯიბრნენ და მასპინძლებმა მატჩის დასაწყისშივე გატანილი გოლით გვძლიეს – 1:0.

ამხანაგურები

საქართველოს ნაკრებს ბოლო ხუთი ამხანაგური მატჩიდან ერთადერთი აქვს მოგებული – ზუსტად ერთი წლის წინ, თბილისში მალტის ნაკრებთან. ერთიც ფრე: ბოლოს, ალბანეთში, სადაც ორბურთიანი უპირატესობა გავფლანგეთ... დანარჩენი სამი მარცხი კი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, უკრაინასთან და გასული წლის ნოემბერში ესტონეთთან გასვლაზე... მოკლედ, ვლადიმირ ვაისს სიტუაცია ამ მხრივაც გამოსასწორებელი აქვს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06233