საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 ეტაპი 4 მოგებითა და 1 მარცხით დაასრულა. კაუნასში ქართველებმა ევროპის ლიგის ბოლო მატჩი გამართეს და ფინურ „მუკისთან“ იოლი გამარჯვება მოიპოვეს - 82:62.
ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მატჩის ბედი პირველსავე მეოთხედში გადაწყვიტა, რომელიც 35:10 მოიგო და შემდეგ თავი დიდადაც არ შეუწუხებია. საქართველოს ნაკრებში 24 ქულით საუკეთესო იყო ნიკა ნიკოლაიშვილი. 20 ქულა მიითვალა ირაკლი სულხანიშვილმა, ხოლო ლაშა მიქელაძის ანგარიშზე 14 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრებმა კაუნასში დასრულებული ევროპის ლიგის მესამე ეტაპი 24 მარტს, „კლაიპედასთან“ დასანანი მარცხით (52:55) დაიწყო, რის შემდეგაც მიჯრით 4 შეხვედრა მოიგო და ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა. კლაიპედას გუნდმა ქართველებისგან ძლეულ „ტარტუ როკთან“ კი წააგო, მაგრამ საქართველოს პირადი მოგების ხარჯზე აჯობა.
შეგახსენებთ, რომ გუშინწინ ქართველებმა სანკტ-პეტერბურგის „ვასილეოსტროვსკაიას“ და ტარტუს „როკს“ სძლიეს. პირველ შეხვედრაში თანაბარი საწყისი მეოთხედის შემდეგ, ქართველებმა მეორე პერიოდი 14:4 იმარჯვეს და მეტოქეს წინააღმდეგობა გატეხეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 53:38 დაამარცხა „ვასილეოსტროვსკაია“, რითაც ევროპის ლიგის მე-3 ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებს ლაშა მიქელაძემ ულიდერა, რომელმაც 13 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა გიორგი ჭეიშვილის ანგარიშზე, ხოლო ვოვა თავაქარაშვილმა 10 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.
ესტონურ გუნდთან შეხვედრა უფრო დაძაბული გამოდგა. პირველი მეოთხედი ქულით ტარტუელებმა მოიგეს, მეორეში კი იგივე სხვაობით ქართველებმა იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის ფრე დაფიქსირდა - 26:26. საქართველოს ნაკრებმა მესამე პერიოდში იძალა, რომელიც 25:16 მოიგო და ბოლო შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდა.
ბოლო წუთებზე ქართველებმა გააზრებულად ითამაშეს და მოპოვებული უპირატესობა გამარჯვებად აქციეს – 62:55. საქართველოს ნაკრებში კვლავ მიქელაძე გამოირჩა, რომელმაც 15 ქულა და 9 პასი მიითვალა. 14 ქულა და 7 პასი დააგროვა გიორგი ჭეიშვილმა, ხოლო რატი ანდრონიკაშვილმა თავი 12 ქულას და 7 მოხსნას მოუყარა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგის სეზონი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც 15 მატჩიდან 8 გამარჯვება მოიპოვა და 16 მონაწილიდან სუპერფინალში გასულ 4 გუნდს შორის ვერ მოხვდა.
www.gbf.ge