გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "რუენში" ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 16 წუთში 10 ქულა მიითვალა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა. საფრანგეთის ჩემპიონატში აუტსაიდერთა შორის მყოფმა რუნელებმა ამჯერად ორლეანში, ადგილობრივ გუნდთან – 65:78 წააგეს.
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მთლიანობაში 16 წუთით იმყოფებოდა. ქართველმა უკანახაზელმა 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების წევრის მონაგარმა მთლიანობაში 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შეადგინა. ცინცაძე სამჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.
რუანელთაგან 17 ქულით საუკეთესო შედეგი ჟან-მიშელ მიპოკამ დააფიქსირა, ხოლო ორლეანელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო კაილი მაკალარნი.
5 მოგებითა და 20 წაგებით „რუენი“ ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და დარჩენილ 9 ტურში უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა მოუწევს. მორიგ ტურში ცინცაძეს თავის ყოფილ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება.
29 აპრილს „რუანი“ იმ „გრაველინს“ უმასპინძლებს, რომლის შემადგენლობაშიც გიორგიმ მიმდინარე სეზონი დაიწყო, იანვარში კი „რუენში“ გადავიდა.
www.gbf.ge









