საქართველოს 15-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა კაუნასში გუშინ დაწყებულ ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში მეორე მატჩი გამართა და “კლაიპედასთან” ბრძოლაში წაგების შემდეგ, იოლი გამარჯვება მოიპოვა.
ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინურ გუნდ “ტამპერეს“ შანსი არ დაუტოვა და 50 ქულის სხვაობით – 98:48 გაანადგურა.
მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველსავე პერიოდში გადაწყდა, რომელიც ქართველებმა 22 ქულით – 30:8 მოიგეს. დიდ შესვენებამდე ჩვენმა ნაკრებმა ლიდერობას მხოლოდ 2 ქულა შემატა, თუმცა მესამე პერიოდში ფინელებს 30:7 სძლია და შეხვედრას ფორმალური ხასიათი მისცა.
მწვრთნელებმა კარგად გამოიყენეს ეს მატჩი და ყველა მოთამაშეს მისცეს თავის გამოჩენის შანსი. სათამაშო დრო თითქმის თანაბრად გადანაწილდა ყველა კალათბურთელზე.
ყველაზე მეტი – 18:47 წუთი ირაკლი სულხანიშვილმა ითამაშა, ხოლო ყველაზე ცოტა – 10:12 წუთი – გიორგი მუზაშვილმა. ქართველებს სულხანიშვილმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 16-16 ქულით დაასრულეს შეხვედრა მიხეილ ზურაბაშვილმა და ნიკა ნიკოლაიშვილმა, ხოლო ლაშა მიქელაძემ 10 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
თითო მოგებ-წაგების მქონე საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ესტონური „ტარტუ“ იქნება, რომელსაც ქართველები 26 მარტს, თბილისის დროით 11:00 საათზე დაუპირისპირდებიან. ამავე დღეს, 18:30 საათზე ჩვენი გუნდი რუსულ „ვასილეოსტროვსკაიას“ შეხვდება.
www.gbf.ge