კალათბურთი

12:51 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

15-წლამდელთა ნაკრებმა კაუნასში ევროპის ლიგის პირველი მატჩი გამართა

საქართველოს 15-წლამდე კალათბურთელთა (2001 წელს დაბადებულები) ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 ეტაპზე საასპარეზოდ ლიტვის ქალაქ კაუნასში გაემგზავრა.

ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა აღნიშნული ტურნირის გასულ ეტაპებზე 10 მატჩიდან 4 მოიგო და 16-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზე იმყოფება.

პირველი ეტაპი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გასული წლის ნოემბერში გაიმართა, სადაც ქართველებმა მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგეს, ხოლო ვილნიუსში იანვარში ჩატარებულ მეორე ეტაპში 5-დან 3 შეხვედრაში იმარჯვეს.

15 წლამდელთა ნაკრები ახალგაზრდული ლიგის პირველ ჯგუფში ასპარეზობს, სადაც თამაში წინა სეზონში, ქვედა ჯგუფში ყოფნისას შედეგიანი თამაშით დაიმსახურა (15-დან 10 შეხვედრა მოიგო).

კაუნასში დაგეგმილი 5 მატჩიდან ქართველებმა 1 უკვე ჩაატარეს და დაძაბულ ბრძოლაში, 82:85 წააგეს „კლაიპედასთან“. საქართველოს ნაკრებმა პირველი ნახევარი 15 ქულით დათმო, მეორე ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა და ბოლო წუთებზე გამარჯვების მოპოვებაც შეეძლო, მაგრამ კლაიპედელებმა მოგება კბილებით შეინარჩუნეს.

ლიტველები ფაქტობრივად 6 კალათბურთელით გვეთამაშნენ, რომელთაგან 30-30 ქულით ვერიცკუს დომინიკასი და იგნეს პიტრენასი გამოირჩნენ.

ქართველთაგან კი 28 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო აკადემიელი ლაშა მიქელაძე. 17 ქულა დააგროვა ქუთაისელმა გიორგი ჭეიშვილმა, ხოლო „აკადემიის“ მეორე წარმომადგენელმა - რატი ანდრონიკაშვილმა თავი 14 ქულას მოუყარა.

საქართველო 2001 - კლაიპედა 82:85

დარჩენილი თამაშების კალენდარი: (თბილისის დრო)

25 მარტი - საქართველო - ტამპერე (ფინეთი) 14:00

26 მარტი - ტარტუ (ესტონეთი) - საქართველო 11:00

26 მარტი - ვასილეოსტროვსკაია (რუსეთი) - საქართველო 18:30

27 მარტი - საქართველო - მუკი (ფინეთი) 11:00

www.gbf.ge

0.124877