ფეხბურთი

0:05 | 24.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

4:0 – აუღელვებლად, ზედმეტი გართულების გარეშე

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა სძლია სან მარინოს და თან, დიდი ანგარიშით. შესარჩევ ჯგუფში სამი მოგება დაგვიგროვდა და სამივე მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით. მართალია, ჯგუფიდან გასვლაზე საუბარი უადგილოა და ჯერ კიდევ შარშან თითქმის ბოლომდე გადაიწურა შანსი, მაგრამ ნაკრები ნაკრებია და ყველა თამაში მაინც მნიშვნელოვანია. გია გეგუჩაძეს კი 21-წლამდელთა თავკაცის რანგში მოგება მივულოცოთ.

მასპინძელთა სრული უპირატესობა და სანმარინოელთა ხისტი, ზოგჯერ კი გამიზნულად უხეში თამაში – ეს ჩანდა 90 წუთის განმავლობაში.
დასაწყისშივე დაწინაურდა გეგუჩაძის გუნდი, როცა გიორგი ხარაიშვილმა საჯარიმოს გარედან შორეულ კუთხეში ჩახვეული დაარტყა. მეკარეს ნახტომმა ვერ უშველა – 1:0. ლამაზი გოლი გაიტანა “საბურთალოს” ლიდერმა და მნიშვნელობით, აბა, როგორ შევადარებთ, მაგრამ ძალიან ჰგავდა 1990 წლის მუნდიალზე გერმანელი ანდრეას ბრემეს მიერ ჰოლანდიელთა კარში გატანილს.
მალევე, ნიკა კაჭარავამ ძელს მოარტყა ბურთი, თუმცა 33-ე წუთზე მაინც გაიტანა: გარღვევის შემდეგ მოცელეს, თავად დაარტყა პენალტი და მართალია მეკარე ბენდეტინი ბურთს მისწვდა, გამოგდება ვერ შესძლო - მეკარის ხელიდან შევარდა ბურთი კარში. ასე გახდა 2:0.
გეგუჩაძემ ნახევარდაცვა ფლანგელების გარეშე ააწყო: გიორგი გოროზია, გიორგი აბურჯანია, ოტარ კიტეიშვილი და ხარაიშვილი ერთგვარ რომს ქმნიდნენ, ფლანგიდან კი მცველები აქტიურობდნენ – ლევან გეგეჭკორი და გიორგი თევზაძე. ბაჩანა არაბული და ნიკა კაჭარავა თავდასხმაში იყვნენ, თუმცა ბაჩანა ოდნავ სირღმიდან. სწორედ არაბულს ჰქონდა კარგი შანსი ტაიმის ბოლოს, დარტყმაც ზუსტი მიაყოლა, მაგრამ ბენდეტინიმ იყოჩაღა.
ბენედეტინი და შემტევი ბერნარდი – ეს ორნი რომ არა, სან მარინოს ნაკრები კიდევ უფრო სუსტი გუნდი იქნებოდა. ბერნარდმა 43-ე წუთზე კინაღამ გოლიც გაიტანა, როცა ორ მცველს გაუძვრა და ოდნავ მახვილი კუთხიდან ხარიხას მოახვედრა ბურთი. თუმცა ბექა ქურდაძეც კარგად გაისარჯა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კი ლამაზი გოლი გავიდა: არაბულმა ფლანგზე ფინტით ჩამოიცილა მცველი და გამოზომილი პასით მოძებნა კაჭარავა, რომელმაც ერთი შეხებით მაღალ კუთხეში დაარტყა – 3:0.
ამის შემდეგ ქართველები მეტწილად ბურთის გათამაშებაზე გადავიდნენ და მწვავე შეტევებს უკლეს, რაც იმითაც იყო განპირობებული, რომ მეტოქემ უხეშობა დაიწყო. მაგალითად, დადარიომ ვერ აიტანა, როცა თევზაძემ ბურთის ფეხებშუა გატარება მოუნდომა და ჯერ იქვე დაუწყო ხელების გაშლა, მერე კი განზრახ ეუხეშა. ასე იყვნენ სტუმრები უბურთოდ. ხანდახან ბერნარდი თუ მოიპოვებდა და ცენტრამდე თუ ჩაიტანდა ხოლმე.
ნახევარმომენტები მაინც იყო: დაჩი ცნობილაძისა და რომან ჭანტურიას თავურები – პირველს მეკარემ აუღო, მეორემ კი ოდნავ ააცილა. 81-ე წუთზე კი ლევან შენგელიამ გაიტანა, რომელიც სულ 9 წუთის შესული იყო მინდორზე: ჭანტურიასთან გაითამაშა კომბინაცია და ცაციით აუღებელი დაარტყა შორეულ კუთხეში. ბოლოს კი შენგელიამ სასწაულად ვერ მოახერხა კიდევ ერთხელ გატანა: ვარდნაში ხარიხას მოარტყა ბურთი, დამატებაზე კი თავით დაარტყა და ამჯერად ძელს მოხვდა ბურთი.
მთლიანობაში, იოლი გამარჯვება მოიპოვა ნაკრებმა. დამაჯერებლები იყვნენ, თუმცა 28 მარტს უფრო გამოჩნდება ჩვენების შესაძლებლობები, რადგან მეტოქე სან მარინოზე გაცილებით ძლიერი იქნება - უკრაინა. ეს შეხვედრა ზესტაფონში გაიმართება.

21-წლამდელები. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი. VI ჯგუფი
საქართველო-სან მარინო 4:0 (2:0)
საქართველო: ქურდაძე, გეგეჭკორი, ცნობილაძე, დვალი, თევზაძე, გოროზია (შენგელია 72), აბურჯანია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი (ფონიავა 80), არაბული, კაჭარავა (რომან ჭანტურია 66)
სან მარინო: ბენედეტინი, დადარიო, პროლი, ძანოტი, როსი, გრანდონი, ძაფერანი (რაში 72), მურაჩინი (სენსონი 46), გოლინუჩი (ბატისტინი 82), ტომაზინი, ბერნარდი
გოლები: 1:0 ხარაიშვილი, 2:0, 3:0 კაჭარავა (33 პენ, 48), 4:0 შენგელია (81)
გაფრთხილება: ძანოტი (33), ძაფერანი (61), დადარიო (68)
მსაჯი: ტიანი (მოლდოვა)

1. ესპანეთი 5 4 1 0 16:5 13
2. ხორვატია 5 4 0 1 14:3 12
3. შვედეთი 4 3 1 0 10:1 10
4. საქართველო 7 3 0 4 12:12 9
5. ესტონეთი 6 1 1 4 2:15 4
6. სან მარინო 7 0 1 6 1:19 1

საქართველოს ნაკრების მომდევნო სამი მატჩი შესარჩევში: 3 ივნისი – შვედეთი-საქართველო, 1 სექტემბერი – ესტონეთი-საქართველო, 6 სექტემბერი – საქართველო-ხორვატია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.082386