ფეხბურთი

21:46 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” ძალა მაინც გამოაჩინა (+VIDEO)

გორის “დილამ” შესძლო და თბილისში მოუგო “დინამოს”, რომელიც უკვე თითქმის ჩემპიონია – აქამდე 14-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობდა და ახლა 11 ქულა გახდა სხვაობაა. მიუხედავად ამისა, ”დილას” ქება უკუთვნის, ხოლო დინამოელებმა იურაი იარაბეკის თავკაცობით პირველად წააგეს. ისიც აღსანიშნავია, რომ თბილისელები სეზონში მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ და ორივეჯერ “დილასთან”.

22-ე წუთი იყო, როცა თემურ ღონღაძემ ოთარ მარცვალაძის პასის შემდეგ გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ გორელებს ამის შემდეგ მხოლოდ ერთი მომენტიღა ჰქონდათ, მაინც მოგემადე მიიყვანეს საქმე – 0:1. გოლს რაც შეეხება, მარცვალაძემ მართლაც აჩვენა თავისი კლასი, საჯარიმოში სამ მეტოქეს გასცდა და ღონღაძეს იდეალური მომენტი შეუქმნა. თემურმაც ახლოდან შესძლო ზუსტად დარტყმა.

ტემპი დაბალი იყო და საწყენია, რომ ეს ეხება ჩემპიონატის საუკეთესო გუნდების დაპირისპირებას. “დილა” მაინცდამაინც ყრუ დაცვაზე არ გადასულა, კონტრშეტევებს ხშირად მიმართავდა და შეიძლებოდა კიდევ ერთხელ გაეტანათ.

შესვენების შემდეგ “დინამო” გაცილებით შემტევი შემადგენლობით გავიდა, იარაბეკმა ალექსანდრე იაშვილი და ნიკა გელაშვილი ჩართო თამაშში. გელაშვილს ჰქონდა მშვენიერი შანსი და ოდნავ ააცილა, მერე ჯაბა ჯიღაურს, ოთარ კიტეიშვილსა და ვახტანგ ჭანტურიშვილსაც შეეძლოთ გათანაბრება, თუმცა კარგად თამაშობდა გორელთა მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი.

“დინამოს” აშკარა უპირატესობა ჰქონდა მეორე ნახევარში, თუმცა “დილა” კარგად იცავდა თავს და წინა მატჩებში განცდილი წარუმატებლობა დაივიწყეს.

17 მარტი. 18:00. თბილისი. “დინამო არენა”

“დინამო” (თბილისი) – “დილა” (გორი) 0:1 (0:1) VIDEO

დინამო: ჰრდლიჩკა, უჩა ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე, გურული (გელაშვილი 46), პარუნაშვილი (ჯანელიძე 81), ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე (იაშვილი 46), ჯიღაური, ქვილითაია

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

დილა: მუჯრიშვილი, ხურცილავა, ქარქუზაშვილი (თომაშვილი 52), ბაგაევი, სამხარაძე, ფალავანდიშვილი, ღონღაძე, ძარია, კვირკველია, წიქარიძე (მოდებაძე 73), მარცვალაძე (მაშუკოვი 85)

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გოლი: 0:1 ღონღაძე (22)

გაფრთხილება: ფალავანდიშვილი (36), რენე (53)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.193821