ფეხბურთი

14:22 | 14.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: “აქ ქვეყნის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვარ, მინდა შედეგი ვაჩვენო” (+VIDEO)
“პატივს ვცემთ შემტევ სტილს, მაგრამ ტაქტიკა მეტოქიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცამ ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი წარადგინა. როგორც ცნობილი გახდა, სლოვაკ სპეციალისტთან მოლაპარაკებები თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დროში ვაისი საქართველოს ჩემპიონატის თამაშებსაც ესწრებოდა და ლეგიონერთა გამოსვლასაც აკვირდებოდა.

მისივე თქმით, წინასწარ განსაზღვრული ტაქტიკა არ აქვს და ამბობს, რომ სათამაშო სქემა მეტოქიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს. იგი საქართველოს ნაკრებში პოტენციალს ხედავს და სწორედ ამიტომაც დასთანხმდა სფფ-ს შემოთავაზებას.

დღევანდელ შეხვედრაზე ვაისთან ერთად ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც ისაუბრა. მისი განცხადებით, სლოვაკი მწვრთნელი იგივე ანაზღაურებას მიიღებს, რა შეთავაზებაც ყოფილ თავკაც კახა ცხადაძეს გაუკეთეს, რომელზეც მან უარი განაცხადა. რაც შეეხება თავად ცხადაძეს, მასთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმები საფუძველზე გაწყვეტილია.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): “ვლადიმირ ვაისთან მოლაპარაკება თვენახევარი მიმდინაროებდა. შეხვედრები ძირითადად ქვეყნის გარეთ შედგა, ხოლო ბოლო შეხვედრა იყო თბილისში, როცა ვაისმა დეტალურად ნახა თუ სად იმუშავებდა და როგორ. რაც შეეხება რატომ შევრჩიეთ ეს კანდიდატურა – პირველ ყოვლისა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო გვენახა ისეთი მწვრთნელი, რომელსაც სანაკრებო გამოცდილება ჰქონდა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვაისი საქართველოს ნაკრებში პირველი მწვრთნელია, რომელსაც ნაკრებში მუშაობის გამოცდილება გააჩნია. მას წარმატება როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე ჰქონდა. სლოვაკეთის ნაკრების ჯერ მუნდიალზე გაიყვანა და მერე ჯგუფური ეტაპიც დაძლია.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა, ხელშეკრულება არის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ბოლომდე. რაც შეეხება პირობებს, ჩვენ ბოლო პერიოდში ვსაუბრობდით ყოფილი მწვრთნელის პირობებზე და ზუსტად იმ პირობებს მოიცავს, რომელიც ჩვენ მას შევთავაზეთ. პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენი ნაკრების მწვრთნელს ექნება ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი შედეგის მიხედვით. დასაფასებელია ამ ადამიანის პოზიცია, რადგან ჩვენს ყველა შეხვედრაზე არ ყოფილა ფინანსურ მხარეზე საუბარი. ყოველთვის მთავარი იყო ჩვენი მიზნები და რა შედეგზე ვიმუშავებდით. მოხარულები ვართ, რომ იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია და წარმატებებს ვუსურვებ მას ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებს მომდევნო შესარჩევ ციკლში.

ბატონ ვლადიმირს უკვე წარმოდგენა აქვს ქართველ ფეხბურთელებზე და ამ თვენახევრის განმავლობაში დეტალურად ეცნობოდა ჩვენს ნაკრებს. იგი სრულად ინფორმირებულია ჩვენი გუნდის შესახებ და გაცნობა ხვალიდან არ მოუწევს”.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ამ სამსახურში მუშაობა ჩემთვის საპასუხისმგებლოა და სასიხარულოა. სწორედ ამიტომ დავთანხმდი ამ შეთავაზებას. ბოლო რამდენიმე წელი ყაზახეთში ვმუშაობდი, საკმაოდ მაღალი დონის გუნდში, თუმცა ევროპაში დაბრუნება ჩემთვის გასახარია, რადგან ის ადგილია, სადაც მუშაობა უფრო მსიამოვნებს. ქართულ ფეხბურთს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თუნდაც ისტორიიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, კარგი მდგომარეობა არაა, რადგან მე-6 კალათში ვართ, მაგრამ შევეცდებით სიტუაცია გამოვასწოროთ. თუმცა, წინასწარ, განსაკუთრებულს ვერაფერს დაგპირდებით”.

ვლადიმირ ვაისი იცხოვრებს თუ არა საქართველოში და დაესწრება თუ არა ეროვნული ჩემპიონატების თამაშებს?

კობიაშვილი: ერთი წლის განმავლობაში აქ არ იქნება, მაგრამ არც ძველებური სიტუაცია იქნება. მის ვალდებულებაში შედის, რომ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებსაც დაესწროს და ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი.

ვაისი: პირველ ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ მწვრთნელის ბედი დამოკიდებულია შედეგებზე. მე აქ ქვეყნის დასათვალიერებლად ნამდვილად არ ვარ ჩამოსული და მინდა დიდი ხნით დავრჩე, შედეგი ვაჩვენო. ფეხბურთელებს უხაროდეთ ნაკრებში ჩამოსვლა.

ვაისის ასისტენტები – მე მიჩვეული ვარ, რომ საკუთარი გუნდი მყავს. ახლა დანიშნულია მხოლოდ ფიზმომზადების მწვრთნელი. თუმცა, ხელმძღვანელობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და მალე სრულად დაკომპლექტდება სამწვრთნელო შტაბი. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ნაკრების კარი ყველა ფეხბურთელისთვის ღიაა.

მიზანი

კობიაშვილი: მიზანი იგვე რჩება. თუ მინიმუმ მესამე ადგილზე გავალთ დამატებით ბონუსებიც ასეთ შემთხვევაშიც იქნება. ზუსტად ანალოგიური შეთავაზებაა, როგორც ცხადაძის შემთხვევაში, როგორც წეღან ვთქვი. რაც შეეხება კონტრაქტის ავტომატურ გახანგრძლივებას, დღეს ამაზე ვერაფერს გეტყვით.

ყაზახეთთან სპარინგის მონახაზი

ვაისი: თამაშამდე ცოტა დროა დარჩენილი, მაგრამ საქართველოს ნაკრების ბოლო ათი თამაშის ვიდეო ჩანაწერს ვუყურე შესაბამისად, გარკვეული წარმოდგენა უკვე მაქვს. ძალიან დიდი არჩევანი არაა, თუმცა ნაკრების ლიდერებზე იქნება აქცენტი. მთავარია, ჩვენი სტილი ჩამოვაყალიბოთ. ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელები არიან და საერთოდ, შეტევაში ჩვენს გუნდს მეტი შეუძლია.

პატივს ვცემთ შემტევ სტილს, მაგრამ სათამაშო სტილი ყოველთვის მეტოქეზე უნდა იყოს მორგებული და მთავარია ჭკვიანური თამაში.

მე მიყვარს სქემა 4-2-3-1 ან 4-3-3. ანინიძე “სპარტაკში” თამაშობს, მოსკოველებს კი ევროპაში ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავთ. კანკავა საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს და ეს კარგია. საქართველოს ნაკრებს ფეხბურთის თამაში შეუძლია. მაგალითად, გერმანისთან ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენეს. გულშემატკივრები და თქვენ შეაფასებთ იმ შედეგებს, რასაც დავდებთ.

როდესაც ნაკრები მეექვსე კალათაშია, იმაზე მეტყველებს, რომ ბოლო დროს საქმე კარგად არ მიდიოდა, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს უფრო მაღალი ადგილი ეკუთვნის და ფიფასა და უეფას რეიტინგი არ ასახავს რეალობას. ჩვენ შემდეგ ციკლშივე შევეცდებით ავიმაღლოთ რეიტინგი.

არ მიმაჩნია, რომ საქართველოს არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც არ შეუძლიათ მაღალ ტემპში თამაში. ჩვენ შევეცდებით თამაშის სტილი შევცვალოთ, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი მიზანი ყველა ფეხბურთელს თავისი ადგილი ვუპოვოთ, დავაწესოთ დისციპლინა. ისტორიულადაც და ახლაც ასეა, ქართველ ფეხბურთელთა პლიუსი ყოველთვის იყო ბურთთან თამაში. ოქრიაშვილი, ანანიძე და ყაზაიშვილი ბურთთან თავს კარგად გრძნობენ.

შესარჩევი ციკლის მეტოქეებზე – ფავორიტი ავსტრიაა რეიტინგიდან გამომდინარე. სერბეთს ბოლო წლებში პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის და მაღალი დონის გუნდია. ირლანდიას კი სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. ამ ეტაპზე აუტსაიდერები საქართველო და მოლდოვა არიან, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენს ნაკრებს ყველა მეტოქესთან ბრძოლა შეუძლია და წარმატებისთვის ენერგიას არ დავიშურებთ.

0.342835