ჭიდაობა

23:52 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილის ოქროს გვირგვინი (+VIDEO)
გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დააგვირგვინა

რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთათვის დათმობილი ბოლო – მეოთხე დღე საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი გუნდის უმძიმესი წევრი გენო პეტრიაშვილი ავიდა.

გორელმა მძიმეწონოსანმა დილის პროგრამაში ისეთი მეტოქეები ჩამოიცილა, ჯერ კიდევ ფინალის დაწყებამდე არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ოქროს მედლის მოპოვების რეალურზე რეალურ შანსს პოლონელ რობერტ ბარანთან აუცილებლად გამოიყენებდა.

125 კილოგრამ წონით კატეგორიაში სულ 15 მონაწილე შეიკრიბა და წილისყრამ შეჯიბრების მონაწილე ყველა ტიტულოვანი მოჭიდავე სატურნირო ბადის ერთ მხარეს მოახვედრა. პეტრიაშვილს პირველ მეტოქედ უმთავრესი ფავორიტი – თურქი ტაჰა აკგული ერგო, რომელსაც 2012 წლიდან მოყოლებული, ევროპირველობებზე ერთი შეხვედრაც არ წაეგო. ამასთან, კონტინენტის ჩემპიონის 4 ტიტულთან ერთად 2014 და 2015 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული ოქროს მედლებიც უმაგრებდა ზურგს მაგრამ, ამჯერად, ქართველი ქომაგებისთვის სასიხარულოდ, მორიგი ოქროსთვის ბრძოლას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა.

არადა ქართულ-თურქული დაპირისპირება ისე დაიწყო, საიმედო თითქოს არაფერი ჩანდა. პირველი პერიოდი აკგულმა 4:0 მოიგო. მეორეში უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. საჭიდაოდ განკუთვნილი დროის ამოწურვამდე 38 წამით ადრე თურქი მძიმეწონოსანი 8:2 დაწინაურდა და თითქოს საბოლოოდაც გატეხა ჩვენებური, მაგრამ ასე არ ფიქრობდა თავად პეტრიაშვილი. დარჩენილ დროში სამი შედეგიანი შესვლა განახორციელა, ანგარიში გაათანაბრა და ბოლო ილეთის უპირატესობით იმარჯვა.

მეოთხედფინალში გენო პეტრიაშვილმა ევროპის 2-გზის პრიზიორს, უნგრელ დანიელ ლიგეტის ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე – 14:4. ნახევარფინალში კი, უკრაინის ნაკრების წევრს – ევროპის და მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატების ფინალისტ ალენ ზასეიევს 9:6 სძლია.

გადამწყვეტ ბრძოლაში პეტრიაშვილმა ორწუთნახევარი იკმარა პოლონელი ბარანისთვის 11 უპასუხო ქულის ასაღებად. დაჯილდოვების ცერემონიალზე ორგანიზატორებს შეეშალათ და საქართველოს დროშის აღმართვისას ძველი ჰიმნი ჩართეს. ხარვეზი სწრაფადვე გამოასწორეს.

დღესვე, ევროსამეული არაოლიმპიურ წონით კატეგორიაში - 70 კილოგრამშიც შეივსო და ეს წონაც ქართულ-პოლონური ფინალით დაგვირგვინდა, მაგრამ გამარჯვება პოლონელს დარჩა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დავით ტლაშაძე პოლონეთის სახელით მოჭიდავე მაგომედმურად გაჯიევთან დამარცხდა (0:7).

ფინალის გზაზე ტლაშაძემ სამი მეტოქე ჩამოიშორა. ფინელ პეტერი იოჰანეს მარტიკაინენს უბრძოლველად გასცდა, ბულგარელ ნიკოლაი კურტევს 3:1 მოუგო, ხოლო რუმინელ ადრიან მოისეს – 8:4.

დავით ტლაშაძე პეტრიაშვილისა და გუშინ გაჩემპიონებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მსგავსად, გორის საჭიდაო სკოლის მესაჭის ნუგზარ სხირელის შეგირდია.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით და 59 ქულით გუნდურ ჩათვლაშიც ყველას აჯობა. მეორე ადგილზე რუსეთის ნაკრები გავიდა, 54 ქულით.

ხვალიდან, ორი დღით, ლატვიური ხალიჩა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ და ევროკონკურენციაში 8 ქართველი ბერძენ-რომაელიც ჩაებმება.

თავისუფალი ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი

რიგა

8-11 მარტი

57 კგ

1 ჰაჯიმურად რაშიდოვი (რუსეთი)

2 ანდრეი იაცენკო (უკრაინა)

3 გეორგი ვანგელოვი (ბულგარეთი)

3 ანდრეი დუკოვი (რუმინეთი)

61 კგ

1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)

2 ჰეორჰი კალიეუ (ბელარუსი)

3 ჰაჯი ალიევე (აზერბაიჯანი)

3 ივან გუიდეა (რუმინეთი)

65 კგ

1 ფრანკ ჩამიზო მარკესი (იტალია)

2 მუსტაფა კაია (თურქეთი)

3 სემენ რადულოვი (უკრაინა)

3 ისრაილ კასუმოვი (რუსეთი)

5 ზურაბ იაკობიშვილი (საქართველო)

70 კგ

1 მაგომედმურად გაჯიევი (პოლონეთი)

2 დავით ტლაშაძე (საქართველო)

3 აზამატ ნურიკაუ (ბელარუსი)

3 ნიკოლაი კურტევი (ბულგარეთი)

74 კგ

1 სონერ დემიტრაში (თურქეთი)

2 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

3 იაკობ მაქარაშვილი (საქართველო)

3 ზაურ მაკიევი (რუსეთი)

86 კგ

1 შამილ კუდიამაგომედოვი (რუსეთი)

2 ალექსანდრ გოსტიევი (აზერბაიჯანი)

3 დავით მარსაგიშვილი (საქართველო)

3 იბრაგიმ ალდატოვი (უკრაინა)

97 კგ

1 ანზორ ბოლტუკაევი (რუსეთი)

2 ივან იანკოვსკი (ბელარუსი)

3 ერიკ სვენ ტიელი (გერმანია)

3 ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)

125 კგ

1 გენო პეტრიაშვილი (საქართველო)

2 რობერტ ბარანი (პოლონეთი)

3 ალენ ზასეიევი (უკრაინა)

3 ალექსეი ნიკოლაევი (ბელარუსი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105892