ფეხბურთი

21:00 | 7.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ჩხაიძე: “ფიფა-ში 2014 წლის 1 აგვისტოს გავაგზავნე წერილი მეოთხე შეცვლის უფლებაზე, მაგრამ ვერ დავიჩემებ, რომ ინიციატორი მე ვიყავი”

ფიფამ თამაშის წესებში რამდენიმე ცვლილება შეიტანა და დაამტკიცა, მათ შორისაა მეოთხე შეცვლის უფლება დამატებით დროში. უახლოეს პერიოდში ეს წესი ამოქმედდება. საინტერესოა, რომ ამ ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი ქართველი გახლავთ, თანაც საკმაოდ ცნობილი პიროვნება, ლანჩხუთის “გურიას” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და კაპიტანი თემურ ჩხაიძე.
თემურ ჩხაიძე 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტშია, გახლავთ ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტში სპორტის კომიტეტის წევრი.
“მსოფლიო სპორტი” თემურ ჩხაიძეს დაუკავშირდა:
- როგორც გავიგეთ, თქვენ შარშანწინ ფიფა-ში გააგზავნეთ წერილი მეოთხე შეცვლის (დამატებით დროში) თხოვნით.
- დიახ, 2014 წლის 1 აგვისტოს გავაგზავნე წერილი ფიფა-ში, კერძოდ, მაშინდელ პრეზიდენტ ზეპ ბლატერთან. ასევე, უეფა-შიც გავაგზავნე. ნამდვილად ვერ გეტყვით, ჩემამდეც შევიდა თუ არა ასეთი წერილები, ამიტომაც, ვერ დავიჩემებ, რომ მაინცდამაინც მე ვიყავი ინიციატორი.
- საიდან დაგებადათ ეს იდეა?
- ხშირად ჩანდა, რომ დამატებით დროში ფეხბურთელები ძალიან იღლებოდნენ. ასეთი გადატვირთული კალენდრის ფონზე, მართლაც ძნელია ოვერტაიმში ძალების შენარჩუნება.
- გასაგებია. ხშირად, დამატებით დროში გუნდებს შეტევის ძალა აღარ აქვთ და პენალტების სერიას უცდიან.
- ეს აშკარად ჩანს. თანაც, ფეხბურთს დამატებით ეფექტს აძლევს თუნდაც მეკარის შეცვლა პენალტების სერიის წინ. გარკვეულწილად სახალისოცაა და ლამაზიც. არიან გუნდები, რომლის ძირითად მეკარეც ისეთი ძლიერი ვერ არის პენალტების სერიაში, როგორც სათადარიგო.
- სფფ-ის მიერ წარმოდგენილ ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე გკითხავთ, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა. რამდენად მოგწონთ პროგრამა?
- უმთავრესი ისაა, რომ თანხა სწორი მიმართულებით დაიხარჯება და ასე ვთქვათ, ბუხარში არ შეიყრება. მომწონს ბავშვთა და ჭაბუკთა ფეხბურთზე აქცენტის გაკეთება. საერთოდ, აქამდეც მეტი ყურადღება სჭირდებოდა რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას. ისე კი, ბოლომდე ჩახედული არ ვარ პროგრამაში და თვეების შემდეგ უფრო შემეძლება პასუხის გაცემა.
- ლანჩხუთის “გურიას” ამბებში რამდენად ხართ ჩახედული, კლუბთან ხშირი კავშირი გაქვთ?
- თუ შემკითხებიან, ჩემს აზრს დავაფიქსირებ, რჩევას მივცემ. ისე კი, სიახლოვე არ მაქვს კლუბთან და თუ რატომ არ მაქვს, დრო მოვა და ვიტყვი. როცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვთ, მერე რჩევის მიცემას და რამეში ჩარევას აზრი აღარ აქვს.
აქვე, ჩხაიძის მიერ გაგზავნილი წერილის ფოტოსაც გთავაზობთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122931