კალათბურთი

14:06 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

თქვენ იმღერეთ, ჩვენ ვითამაშებთო... (+VIDEO)

28 თებერვალს “უნიკსი” ვთბ-ლიგის ეგიდით თბილისურ “ვითას” უმასპინძლებს და ყაზანური კლუბის ხელმძღვანელობამ ქომაგთა მისაზიდად ორიგინალურ ხერხს მიმართა.

მოგეხსენებათ, ვითელებს ტურნირში 22-ვე (!) მატჩი წაგებული აქვთ და დიდი ალბათობით, ყაზანშიც დიდი ანგარიშით დამარცხდებიან. ამიტომაც, ყაზანელებმა გულშემატკივრებს მიმართეს, დარბაზში მობრძანდით და ქართველები კალათბურთით თუ – ვერა, ცეკვა-სიმღერით მაინც გაგაოცებენო.

“28 თებერვალს ბასკეტ-ჰოლში: ყაზანის “უნიკსის” შთამბეჭდავი კალათბურთი ქართული სიმღერების და ცეკვების აკომპანიმენტით! ვთბ-ლიგაში “უნიკსის” და “ვითას” მატჩზე მოსულ მაყურებელს სიურპრიზი ელის: ქართველი მუსიკოსების და არტისტების ულამაზესი წარმოდგენა. და რასაკვირველია, ჩინებული კალათბურთი ყაზანელების და ლიგის ახალბედა გუნდის შესრულებით”, - ვკითხულობთ “უნიკსის” ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ყაზანელებმა სპეციალური სარეკლამო ვიდეო-რგოლის ჩაწერაც არ დაიზარეს, რომლის არსიც შემდეგშია: ქართული ანსამბლის წევრები ”ბასკეტ ჰოლის” არენაზე მღერიან, როდესაც “უნიკსის” ერთ-ერთი ლიდერი, ბერძენი ფორვარდი კოსტას კაიმაკოღლუ მათ ამ სიტყვებით მიმართავს: “ბოლო-ბოლო თქვენ იმღერებთ, თუ კალათბურთსაც ითამაშებთ?”. ქართველები პასუხობენ: “ვიმღერებთ და ვითამაშებთ კიდეც”.

რის გაკეთებას შესძლებს “ვითა” ყაზანში, ამას სამიოდ დღეში ვნახავთ, თუმცა, ის ფაქტი, რომ თბილისელთა მეტოქე ქომაგების მატჩზე მიზიდვას ძირითადად არასაკალათბურთო ხერხებით ცდილობს, მაინცდამაინც სასიამოვნო არ უნდა იყოს.

ძნელია, არ დაინახო ტრადიციული რუსული მიდგომაც: ქართველები მხოლოდ ცეკვა-თამაშისთვის არიან საჭირონი, დანარჩენში კი ხმა არ ამოგვეღება. პრინციპში, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვაი-ქართველთა მანჭვა-გრეხვა ბევრი ჩვენი თანამემამულისთვისაც კი მისაღები რამაა, ეს არც უნდა გაგვიკვირდეს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125944