ფეხბურთი

22:57 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდი” ისევ დამარცხდა

მარტვილში გამართული მატჩი სტუმართა აქტიურობით დაიწყო და ზუგდიდელებმა პირველივე წუთზე ხიფათი შექმნეს.

გურამ სამუშიას სტანდარტულის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ სერგეი ჩებოტაროვი აღმოჩნდა, თუმცა მას დარტყმა არ გამოუვიდა და კვასხვაძე ბურთს ადვილად დაეუფლა.

ცოტა ხანში, საპასუხო იერიში ქუთაისელებმა განახორციელეს და წილოსანმა დაარტყა სახიფათოდ. ბურთს ადგილზე თორნიკე ზარქუა დაუხვდა. რიონისპირელებს მორიგი შეტევაც სახიფათო გამოუვიდათ, როცა შინდაგორიძის ზუსტი ფლანგური გადაცემის შემდეგ, მეკარესთან ერთი-ერთზე კაპანაძე დარჩა, თუმცა ამ უკანასკნელმა არაზუსტად დაარტყა.

შეხვედრის 24-ე წუთზე ზუგდიდელებმა აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. სოსო მალანია ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა და მას ხელს, ფაქტობრივად, არავინ უშლიდა, თუმცა ზუგდიდელთა ახალბედა შემტევმა ნახევრმცველმა კარში დარტყმას, თანაგუნდელის მისამართით პასი ამჯობინა. აქ ქუთაისელთა მცველებმა იმარჯვეს და სიტუაციაც განმუხტეს. მალევე კვასხვაძის კარის მიმართულებით ნიკა ქირიამ დაარტყა და მცირედით ააცილა.

საპასუხო შეტევა პირობითმა მასპინძლებმა გოლით დაასრულეს. ზუგდიდელთა კარში ბურთი გიორგი ქიმაძემ გაიტანა. დარჩენილ დროში ქუთაისლებმა უპირატესობა მოიპოვეს და მთლიანობაში, პირველი ტაიმის მეორე ნახევარი, მათ აშკარად უკეთ წარმართეს.

მეორე ტაიმიც სტუმართა შეტევით დაიწყო და ნიკა ქირიამ კვლავ უზუსტოდ დაარტყა. მალევე ხიფათი ისევ ზუგდიდელებმა შექმნეს, თუმცა ვაკო ტყემალაძის არცთუ შორეულ დარტყმულს მცველები გადაეღობნენ.

ქუთაისელთა კიპერმა როინ კვასხვაძემ ზუსტად ითამაშა, როცა ზუგდიდელთა უკრაინელ ლეგიონერს სერგეი ჩებოტაროვს არ გაატანინა, ცოტა ხანში კი, მასპინძელთა უკანა ხაზმა ასევე ზუსტად ითამაშა და შეცვლაზე შემოსულ ირაკლი ქობალიას, ახლო მანძილიდან დარტყმის საშუალება არ მისცა.

მეორე ნახევარში ბურთზე კონტროლი უკეთესად სტუმრებს გამოსდიოდათ, თუმცა შეტევებში გადართულებს, ქუთაისელებმა მეორე გოლი გაუტანეს. ეს მატჩის ბოლო წუთზე მოხდა, როდესაც თორნიკე კაპანაძემ საბოლოოდ ანგარიში დააფიქსირა.

მარტვილი. მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონი, 23 თებერვალი

ტორპედო – ზუგდიდი 2:0

ტორპედო: კვასხვაძე, მირცხულავა, საღრიშვილი (ტუღუში 46), კაპანაძე, კუხიანიძე, შინდაგორიძე (ფურცხვანიძე 82), კლიმიაშვილი, ნერგაძე, ქიმაძე, ფანცხავა, წილოსანი (ბრეგვაძე 68).

მწვრთნელი: ალექსანდრე შტელინი.

ზუგდიდი: ზარქუა, ქანთარია, ჩუკურა რაფაელი, გაგოშიძე, ჩანადირი, ტყემალაძე, მალანია (თიბილაშვილი 38), ქირია, ც.სამუშია (კოვალენკო 38), გ.სამუშია, ჩებოტაროვი (ქობალია 64).

მწვრთნელი: იური ბაკალოვი.

გოლები: ქიმაძე (35, კაპანაძე (90).

გაფრთხილება: ტყემალაძე (21), კუხიანიძე (27).

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.

"ზუგდიდის" პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113746