ფეხბურთი

11:32 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა ცოტა ხნით სამოთხეში იყო...
“თუ როგორ უნდა იბრაჰიმოვიჩის შეჩერება, მასკერანოს ჰკითხეთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ქვეყნის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა უკრაინულ ინტერნეტპორტალ matchday.ua-ს ესაუბრა. ფრანგული “რეიმსის” 29 წლის ნახევარმცველმა საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე გაამახვილა ყურადღება. გაიხსენა უკრაინული პერიოდი, შეხვედრა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან, გატანილი გოლი გერმანიის ნაკრების კარში და იმაზეც ისაუბრა, თუ რა გეგმები აქვს მომავალში.

ჯაბას თქმით, ფრანგული ენის ათვისება უჭირს, თუმცა ეს ფეხბურთის თამაშში ხელს არ უშლის...

- Bonjour mon ami - ჯაბა, ფრანგული ენა უკვე გესმით?

- Bonjour. ყველაფერი არ მესმის. ფრანგული ენა ძალიან რთულია, თუმცა ვცდილობ შევისწავლო.

- პარიზი ყველაზე რომანტიკული ქალაქია. თუ მოასწარით მისი დათვალიერება და როგორ ატარებთ თავისუფალ დროს საფრანგეთში?

- დიახ. პარიზზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია, ეს ძალიან ლამაზი ქალაქია. მიყვარს შოპინგზე წასვლა ან თუნდაც ფეხით სეირნობა. თამაშის შემდეგ კი თუ ძალიან დაღლილი არ ხარ, კლუბში წასვლაც შეიძლება.

- ვიცით, რომ Pro Evolution Soccer-ის თამაში გიყვართ. საფრანგეთში ვის ეთამაშებით?

- სანდრო კობახიძე აქ არაა და შესაბამისად, არავის.

- “რეიმსის” წევრები ფრანგულად საუბრობენ. არ გიჭირთ მათთან ურთიერთობა?

- შეიძლება ითქვას, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი, რადგან დისკომფორტს მიქმნის. თუმცა საფეხბურთო მოედანზე არა, რადგან იქ ლაპარაკზე მეტად თამაშია საჭირო. როდესაც ფრანგულს ვისწავლი მოედანზე ყოფნაც გამიადვილდება.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ საფრანგეთს უკვე შეეუგეთ?

- ვფიქრობ, რომ კი.

- საფრანგეთის ჩემპიონატში რამ გაგაკვირვათ?

- “პარი სენ ჟერმენი” ცალკე ისტორიაა. აქ ადვილი მატჩი არ არსებობს და ყველა გუნდი გამარჯვებისთვის იბრძვის. მოედანზე ბრძოლა ბოლო წუთამდე მიდის. ამასთან, გულშემატკივრებიც მრავლად ესწრებიან თამაშებს და სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფერო სუფევს.

- ალექსანდრე ზავაროვმა თქვა, რომ რეიმსი “შამპანების” დედაქალაქია...

- დიახ, ასეა. აქ შამპანების დიდი არჩევანია, თუმცა ღვინოს დიდ ყურადღებას არ აქცევენ. საქართველოს მერე, საფრანგეთი ღვინოთი ვერ გამაკვირვებდა.

- უკრაინაში ბევრი ქართული რესტორანია. საფრანგეთში როგორაა? მოასწარით უკვე ხინკლის დაგემოვნება?

- რეიმსში ქართულ რესტორანზე არ მსმენია. პარიზში რა თქმა უნდა, არის, მაგრამ მე ჯერ არ ვყოფილვარ.

- ცოტა ხნის წინ, საქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელს. რა ემოცია დაგეუფლათ?

- ეს ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა და შესანიშნავი გრძნობა დამეუფლა. დიდი მადლობა ყველას ვინც ამ ჯილდოს მოპოვებაში დამეხმარა.

- თქვენ უკვე ითამაშეთ იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ. როგორ უნდა შეაჩეროთ ის?

- იბრაჰიმოვიჩი პლასტიკური და უძლიერესი ფეხბურთელია. როგორ უნდა შევაჩეროთ ის, არ ვიცი. სჯობს ეს მასკერანოს ჰკითხოთ (იცინის).

- გაიხსენეთ 14 მაისი. კიევის ოლიმპიური სტადიონი. რას გრძნობდით ევროპა ლიგის ნახევარფინალის საფინალო სასტვენის შემდეგ “ნაპოლისთან” შეხვედრისას?

- ძალიან ბედნიერი და დაღლილი ვიყავი.

- გერმანიის ნაკრებს შესანიშნავი გოლი გაუტანეთ. რას ნიშნავს, როცა გოლი მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების კარში გაგაქვს?

- რთულია ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა. რამდენიმე წამი სამოთხეში ვიყავი და შემდეგ უცებ მიწაზე ეშვები.

- თქვენ უკვე პოპულარობით კახა კალაძესაც არ ჩამორჩებით, რომელიც “მილანში” თამაშობდა. პოპულარობა მოგწონთ?

- ვერ დაგეთანხმებით. კალაძე სხვა დონეზე თამაშობდა, მე – სხვა. თუმცა პოპულარობა სასიამოვნოა.

- ვიცით, რომ პრესასთან ურთიერთობა არ გიყვართ. თუმცა რომელ საიტებს კითხულობთ? ქართულს, უკრაინულს თუ ფრანგულს?

- მართალია, პრესაში გამოჩენა არ მიყვარს და ინტერვიუს მხოლოდ მაშინ ვიძლევი თუ აუცილებელია. მაგრამ საფეხბურთო სიახლეებს ყოველდღიურად ვეცნობი.

- როგორ დაშორდით “დნიპროს”? – ესაუბრეთ მირონ მარკევიჩსა და ანდრე სტაჩენკოს?

- დიახ, მარკევიჩსა და სტაჩენკოს ვესაუბრე და ჩვენ კარგად დავშორდით. თუმცა არის საკითხები, რომელზეც საჯაროდ საუბარი არ მსურს.

- როგორ დაშორდით “დნიპროს” ფეხბურთელებს?

- სანამ საფრანგეთში წამოვიდოდი, წინა დღეს ერთად შევიკრიბეთ, ცოტაც დავლიეთ. მინდა მათ მადლობა ვუთხრა, უკრაინაში კარიერის კარგი წლები გავატარე.

- მათთან კონტაქტი ისევ გაქვთ?

- ხშირად არა, მაგრამ ზოგჯერ ერთმანეთს ტელეფონით ვკითხულობთ.

- მიგაჩნიათ, რომ “დნიპრო” დროულად დატოვეთ?

- დიახ. ამ გუნდის თამაშებს ვუყურებ და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- უკრაინაზე გული არ გწყდებათ?

- არა, რადგან ალბათ, ღმერთს ასე სურდა. უკრაინის მადლობელი ვარ იმიტომ, რომ იქ კარიერის საუკეთესო წლები გავატარე.

- როდესაც “რეიმსთან” კონტრაქტი ამოგეწურებათ, 33 წლის იქნებით. კარიერას დაასრულებთ თუ ისევ გააგრძელებთ თამაშს?

- არ ვიცი, რა იქნება სამი წლის შემდეგ. თუმცა კარიერას მხოლოდ მაშინ დავასრულებ, როცა ჩემს თავს შევატყობ, რომ მაღალ დონეზე თამაში არ შემიძლია.

- ალბათ იცით, რომ ბევრი ფეხბურთელი კარიერას ჩინეთში აგრძელებს. მათ ძალიან კარგ პირობებს სთავაზობენ. თქვენი ჩინეთში ხილვა შესაძლებელია?

- ასეთ ვარიანტს არ გამოვრიცხავ. ყველაფერი შესაძლებელია.

- მომავალში თქვენს თავს მწვრთნელად წარმოიდგენთ? მაგალითად, საქართველოს ნაკრებში...

- არ მგონია მწვრთნელი გავხდე.

- თქვენ ახალგაზრდებისთვის სამაგალითო ხართ. თბილისში საფეხბურთო სკოლის გახსნაზე გიფიქრიათ?

- აქამდე ამაზე არ მიფიქრია.

- ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ საქართველოში, უკრაინაში. ალბათ, ახლა უკვე საფრანგეთშიც. თქვენი გული ისევ თავისუფალია?

- არა, ჩემი გული თავისუფალი არაა. ის კვლავ ფეხბურთს უკავია.

0.111318