ფეხბურთი

18:42 | 27.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე და ლევან კობიაშვილი: "ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა"

დღეს "მიხეილ მესხის" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გია გეგუჩაძე წარადგინეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად. ამასთან, გეგუჩაძე იქნება ასაკობრივი ნაკრებების სპორტული ხელმძღვანელიც, ანუ კურირებას გაუწევს მათ. გეგუჩაძესთან ერთად, ჟურნალისტებს შეხვდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც.

ლევან კობიაშვილი: - მადლობა გია გეგუჩაძეს იმისთვის, რომ ჩვენს წინადადებას დათანხმდა და ჩვენი გუნდის წევრი გახდა. ასევე მადლობა თბილისის "დინამოს". გეგუჩაძე ძალიან კარგად მუშაობდა "დინამოში" და ვიცი, მისთვის იოლი არ იყო იქიდან წამოსვლა. ჩვენი და გიას ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. მას დიდი გამოცდილება აქვს ახალგაზრდებთან მუშაობისა და გვჯერა, რომ ეროვნულ ნაკრებს საკმაოდ ბევრ ფეხბურთელს მოუმზადებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო 19-წლამდელების მოგება ბულგარეთთან ამხანაგურში. ორ მატჩში გოლი არ გაუშვიათ, პირველში 0:0 ითამაშეს და მეორეში 2:0 იმარჯვეს. ცუდი დასაწყისი ნამდვილად არაა.

- გეგუჩაძის კონტრაქტი რამდენწლიანია?

- სამწლიანი. თუ გავითვალისწინებთ, რომ წლეულს მხოლოდ ოთხი მატჩი დარჩა შესარჩევში და მომდევნო შესარჩევი ციკლი 2018 წლის ბოლომდე გასტანს.

- გეგუჩაძის ხელფასს ვერ გაგვიმხელთ?

- ვიცი, საითაც მიდის საუბარი და იმას გეტყვით, რომ ბონუს-სისტემით იქნება ხელფასი, ანუ შედეგზე ორიენტირებული. ეს შეეხება ყველა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელს და ასევე, ეროვნული გუნდის მომავალ თავკაცსაც.

- კახა ცხადაძეს როდის უნდა ესაუბროთ?

- უახლოეს დღეებში. მე გუშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, მზად ვარ კახასთან შესახვედრად და სასაუბროდ.

გია გეგუჩაძე: - მადლობა თბილისის "დინამოს" და ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა იოლი "დინამოდან" წამოსვლა. დიდი პატივია როგორც "დინამოში", ასევე 21-წლამდელთა ნაკრებში მუშაობა. ჩემი და ფედერაციის აზრთა თანხვედრა მოხდა, ჩემთვის ეს ნაკრები ახალი გამოწვევაა და ვეცდებით, ერთიან სისტემაში მოვაქციოთ სხვა ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად.

- გეგმებზე და მიზნებზე გვითხარით. გასაგებია, რომ ამ შესარჩევში მეოთხე ადგილს ზემოთ ვერ ავალთ, მაგრამ შემდგომი ციკლისთვის როგორ მოემზადებით?

- ჩვენთვის მთავარი იქნება არა მხოლოდ შედეგი, არამედ ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელთა მიწოდება. ეს ორივე თანხვედრაში უნდა იყოს.

- თანაშემწეებად ვინ გეყოლებათ?

- მოდით, ამაზე საუბარი დროებით გადავდოთ.

- განიხილებოდა თუ არა ვარიანტი, რომ "დინამოშიც'გემუშავათ და 21-წლამდელთა ნაკრებშიც?

- სიმართლე გითხრათ, განიხილებოდა, მაგრამ შევთანხმდით, რომ ეს არასწორი იქნებოდა.

- ხშირად გითქვამთ, რომ საქართველოს ჰყავს ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები. 21-წლამდელებში ამას ხედავთ? საერთოდ, რამდენად კარგი თაობა მოდის?

- ქართველ ფეხბურთელებში ნიჭი ყოველთვის იყო, მაგრამ არ არსებობდა სისტემურობა, ერთიან ხედვაში მოქცევა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი 21-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 6 ტურის შემდეგ მეოთხე პოზიციაზე არიან. 6 ქულა აქვთ (ორი მოგება, ოთხი მარცხი). გია გეგუჩაძეს 21-წლამდელთა ნაკრებში დებიუტი 23 მარტს ექნება - სან მარინოს უმასპინძლებს შესარჩევის მატჩში, 27 მარტს კი უკრაინას დაუხვდება ამხანაგურ შეხვედრაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108198