ამ ზაფხულს სპორტული მსოფლიოს ყურადღება კიდევ ერთხელ გადაინაცვლებს ბრაზილიის სანახებისაკენ, რადგან როგორც იცით, სწორედ ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის ხელიხელსაგოგმანებ ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ტარდება ზაფხულის ოლიმპიადა. ზაფხული კი ბრაზილიაში რომაა – ეგეთი უნდა.
როგორც ორი წლის წინ, საფეხბურთო მუნდიალის დროს, წლევანდელი ოლიმპიადის შემთხვევაშიც, ღონისძიების ორგანიზატორებმა დიდ ოფლი ღვარეს იმის დასადგენად, თუ რომელ ლამაზმანებს უნდა წარედგინათ მათი ქვეყანა. ბრაზილია ხომ ის ალაგია, სადაც ლამაზმანთა გულისგანმგმირავი სიმრავლეა და ასეთ დროს რთულია ზე-ობიექტური და კეთილგონიერი იყო.
ერთი სიტყვით, ორგანიზატორებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, ოლიმპიადის წარმდგენ ლამაზმანად უცნობილესი ბრაზილიელი მოდელი, ადრიანა ლიმა დაასახელეს. და თუ რატომ დაასახელეს, ამის ახსნაც კი უხერხულად გვეჩვენება. ალბათ გამოჩნდებიან მავანნი, რომლებიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაიწუნებენ, მაგრამ მათ ვურჩევთ მდინარე ამაზონის თბილი წყალი დალიონ.







