ფეხბურთი

18:00 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

უხეში შეცდომების კასკადი

თბილისის "დინამომ" ამხანაგურ მატჩში 2:1 სძლია საბურთალოს". შეხვედრა დიღმის ბაზაზე გაიმართა და შედგა ალეკო ამისულაშვილისა და უჩა ლობჟანიძის ხელახალი დებიუტი დინამოელთა რიგებში.

ორივე გუნდისთვის წლის პირველი მატჩი იყო, ვარჯიში ახალი დაწყებული აქვთ და რა თქმა უნდა, ფეხბურთელები ფორმაში ვერ იქნებოდნენ. აკი, ბევრი იყო უხეში შეცდომა და სამივე გოლი სწორედ ასე გავიდა. კიდევ, არაერთი გამოუყენებელი მომენტი, წუნი პასებში.

დინამოელთა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ დუბლების ერთი ფეხბურთელი გამოსცადა: დაცვის მარჯვენა ფლანგზე თორნიკე კირკიტაძე დააყენა.

პირველი სახიფათო მომენტი "საბურთალოს" ჰქონდა და კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა ოდნავ ააცილა კარს. ამას მოჰყვა "დინამოს" პასუხი, ზაზა ჭელიძის პასის შემდეგ დავით ვოლკოვმა ახლო მანძილიდან ვერ აჯობა ბექა ქურდაძეს, იმავე შეტევაში კი ქურდაძემ ბაჩანა არაბულის დარტყმულიც მოიგერია. გამოსარჩევი იყო საბურთალოელი ირაკლი ბიძინაშვილის დარტყმულიც, რომელიც მეკარე გიორგი ბეგაშვილმა მოიგერია. ვოლკოვს კი მეორე მომენტიც ჰქონდა, ამჯერად გაგი მარგველაშვილის შეცდომის შემდეგ: ამჯერადაც ქურდაძემ აუღო.

მთლიანობაში, თანაბარი თამაში იყო და მეორე ტაიმშიც ასე გაგრძელდა. 48-ე წუთზე გიორგი ფანცულაიას შეეძლო "საბურთალოს" დაწინაურება, მაგრამ კარს ზემოთ გადააცილა ბურთი. თუმცა ყველაზე რეალური მაინც ჯაბა ჯიღაურის შანსი იყო - ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ახლო მანძილიდან ააცილა. ეს მომენტი გიორგი თევზაძის აქტიურობას მოჰყვა. საერთოდაც, თევზაძე ყველაზე აქტიური იყო მეორე ტაიმში.

გოლებს რაც შეეხება: 70-ე წუთზე "საბურთალოს" ნახევარმცველმა ირაკლი კოხრეიძემ საკუთარ საჯარიმოსთან დაკარგა ბურთი, ოთარ კიტეიშვილმა წაართვა და პირისპირ გასულმა გიორგი ქვილითაიას დაუგორა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა.

ექვს წუთში ქვილითაიამ უკვე მამუჩაშვილის შეცდომით ისარგებლა, ბურთი ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა დაბალი დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში.

"საბურთალომ" კი ბოლოს გაქვითა ერთი გოლი: ლობჟანიძემ უხერხულად სცადა ბურთის გაჩერება და იქვე იყო გიორგი ხორხელი, რომელიც კარგად გაერკვა სიტუაციაში და ახლოდან დარტყმით შეაგდო - 2:1.

"დინამო" - საბურთალო" 2:1 (0:0) VIDEO

დინამო: ბეგაშვილი, კირკიტაძე, გველესიანი, ამისულაშვილი, გურული, ჭელიძე, პარუნაშვილი, საბა ლობჟანიძე, ჯიღაური, არაბული, ვოლკოვი

მეორე ტაიმი: ჰრდლიჩკა, ჭელიძე, გურული, უჩა ლობჟანიძე, თევზაძე, ცინცაძე, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, არაბული, ქვილითაია

საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, თოთაძე, ნადარაია, სოფრომაძე, ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი, ჩაბრაძე, ხარაიშვილი, ფანცულაია

შეცვლაზე შევიდნენ: გოშაძე, მამუჩაშვილი, ელვინ ტერა, გვარაძე, ცაცკრიალაშვილი, კოხრეიძე, რუხაძე, გოშთელიანი

გოლები: 1:0, 2:0 ქვილითაია (70, 76), 2:1 ხორხელი (86)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111494