ფეხბურთი

17:35 | 13.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “ცხადაძის სიტყვები ჩემთვის გაუგებარია”
“ყველა ნაკრებში იქნება შედარებით დაბალი ხელფასი, მაგრამ საჰონორარო სისტემა”

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ პრესკონფერენცია გამართეს.

“მსოფლიო სპორტმა” გუშინვე გაცნობათ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს (1999) ვასილ მაისურაძე გაწვრთნის. დღეს მაისურაძის გარდა, 19-წლამდელთა ნაკრების (1997 წელს დაბადებულები და უმცროსები) მწვრთნელიც წარადგინეს – გიორგი ყიფიანი, რომელიც ბოლოს ისრაელში მუშაობდა, მანამდე კი “ზესტაფონს”, “სიონსა” და “მეტალურგს” თავკაცობდა.

ლევან კობიაშვილი: ფაქტობრივად, დავასრულეთ შიდა სტრუქტურებზე მუშაობა და მალე ჩვენს ვებგვერდზე აიტვირთება ყველაფერი. იქნება სფფ-ში მუშაობის დაწყებაზე ვაკანსიები, რაც ვფიქრობ, სწორი მიმართულებაა. ვიმსჯელეთ სტადიონების გაყიდვებისა და დანგრევების შესახებ, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ჩვენი ინიციატივით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა თუნდაც “ოლიმპის” სტადიონის საკითხზე, რათა ბავშვებისთვის მოგვეძებნა ალტერნატიული ფართი. გადაწყდა, რომ”ოლიმპის” ბავშვები დიდ დიღომში, “ვისოლის” ბაზაზე ივარჯიშებენ. ჩვენი ხარჯებით იჯარით ავიღეთ სტადიონი, სადაც ხელოვნურსაფარიანი მოედანიცაა და ბუნებრივიც. ასევე, ვიმსჯელეთ ზუგდიდში არსებულ სფფ-ის აკადემიაზე. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები არ დაიჩაგრონ და მათ ჰქონდეთ შეღავათი. ზაფხულამდე ეს აკადემია მუშაობას გააგრძელებს, რათა სეზონიც დაასრულონ და სასწავლო კლასიც.

...რაც შეეხება ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს: ჩემი ინიციატივით გავიტანეთ აღმასაკომზე საკითხი მწვრთნელთა კონტრაქტების პუნქტებთან დაკავშირებით, რაც მივიღეთ კიდეც. საკონტრაქტო თანხა ორიენტირებული იქნება შედეგზე. ხელფასი დაბალი იქნება, მაგრამ თუ კონკრეტულ შედეგს მიაღწევს მწვრთნელი, იქნება საჰონორარო სისტემა და უფრო მეტი გასამრჯელო გამოუვა, ვიდრე ფიქსირებული ხელფასით ჰქონდა. ეს ორიენტირი ეხება არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ ასაკობრივი ნაკრებების თავკაცებსაც. ვფიქრობ, ესაა სწორი მიმართულება და არა ფიქსირებულ ხელფასზე მუშაობა.

...17-წლამდელებს ვასილ მაისურაძე უხელმძღვანელებს, ხოლო 19-წლამდელებს – გიორგი ყიფიანი. 21-წლამდელების მწვრთნელი ვინ იქნება, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ გვაქვს მიღებული.

კახა ჭუმბურიძე: “ვაცხადებდით, რომ არცერთი ნაკრების თამაშით კმაყოფილნი არ ვიყავით. მაისურაძის 17-წლამდელებში დანიშვნა განპირობებულია იმითაც, რომ მას ადრე მშვენიერი შედეგი ჰქონდა 17-წლამდელებში და ნახევარფინალში გაიყვანა გუნდი. ასე რომ, სპონტანურად არ მიგვიღია გადაწყვეტილება. ასევე, გიორგი ყიფიანზეც: ის ახალგაზრდა სპეციალისტია, რომელსაც გამოცდილება დაუგროვდა როგორც საქართველოს უმაღლესი ლიგის, ასევე ისრაელის პირველი ლიგის გუნდებში მუშაობით”.

ამის შემდეგ, კობიაშვილს არაერთი კითხვა დავუსვით:

- კახა ცხადაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ანტიპიარს აგორებენ და ხელს უშლიან. ასევე განაცხადა, რომ ამ პიროვნებებს საკადრის პასუხს გასცემს. არის საუბარი, რომ ფედერაცია მის გათავისუფლებაზე ფიქრობს. უფრო კონკრეტულად გვითხარით.

- რაც პრესაში დაიწერა კახა ცხადაძის მხრიდან, ეს ჩემთვის გაუგებარია. არ ვიცი, რატომ წამოვიდა ეს სიტყვები მისგან. ჩემსა და ცხადაძეს შორის კარგა ხნის წინ დაიწყო საუბარი ამ ახალი მოდელით კონტრაქტის ამუშავებაზე, რაზეც წეღან გესაუბრეთ: ანუ, ორიენტირი შედეგზე, რაც ითვალისწინებს საჰონორარო სისტემას. შესარჩევში მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ცხადაძე მიიღებს ჰონორარს, რაც მეტი იქნება იმ ხელფასზე, რაც ფიქსირებული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მესამე ადგილი რეალურად არაფერს გვაძლევს... სამაგიეროდ, ეს ხელფასი ნაკლები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ნაკრები შედეგს ვერ მიაღწევს. ცხადაძეს ამაზე ვესაუბრეთ, მაგრამ პასუხი დღესაც არ მიგვიღია. არ მგონია, რომ ჩემსა და კახას შორის კომუნიკაციის პრობლემა არსებობდეს, ამიტომაც არ მესმის, რატომ ისაუბრა პრესის სახელით. კახა ცხადაძეს ნაკრების მთავარ მწვრთნელად განვიხილავ. ასე რომ არ იყოს, მასთან სხვა სახის საუბარი მექნებოდა. უსამართლო პირობები მისთვის არავის შეუთავაზებია.

- დასანიშნია მწვრთნელები 21-წლამდელთა ნაკრებში, ასევე 18-წლამდელებში (1998) და 16-წლამდელებში (2000), რომლებსაც შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ელით. მათ შესახებ როდის შევიტყობთ?

- ამაზე მიდის მუშაობა. არ გვსურს, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღოთ. აქვე გეტყვით, რომ 1998 წელს დაბადებულთათვის თბილისში ოთხთა ტურნირის მოწყობას ვგეგმავთ. ესპანეთის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ნაკრებების მოწვევას ვაპირებთ. ეს ნაკრები გაისად 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და გვსურს, რომ ყველანაირად კარგად მოვემზადოთ.

- 17-წლამდელთა ყოფილ მწვრთნელ გოჩა ავსაჯანიშვილს აუხსენით გათავისუფლების მიზეზი?

- დიახ. გოჩასაც და ვასილ მაისურაძესაც მადლობა გადავუხადეთ და როგორც ხედავთ, მაისურაძე 17-წლამდელებში დავნიშნეთ. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე მწვრთნელთა შეცვლა საჭირო იყო.

- ცხადაძეს დავუბრუნდეთ. თუ არ დაგთანხმდათ ხელფასის შემცირებაზე და საჰონორარო სისტემაზე, მაშინ?

- ვთქვი, რომ მას მწვრთნელად განვიხილავ და ახალი კონტრაქტის ფორმატი გავაცანით. პასუხს ველით.

- ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი დაფუძნდა და როდის გამოცხადდება ღიად, რა და როგორ იქნება?

- საუბარია ერთიანი დაფინანსების სისტემაზე. ფონდიდან კლუბებს გამოეყოფათ თანხა, დანარჩენი კი მათზეა დამოკიდებული, კიდევ დამატებით რა თანხას მოიძიებენ. როგორც კი ფონდი ფუნქციონირებას დაიწყებს, კლუბები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს ვეღარ მიიღებენ.

- ამაზე კლუბებს არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდათ. მაგალითად, ბათუმის “დინამომ” განაცხადა, ჩვენ ადგილობრივი მთავრობა წლიურად მილიონ ლარზე გაცილებით მეტს გვაძლევდაო, ახლა კი იგივე პირობები რატომ უნდა გვქონდეს, როგორიც მაგალითად “საპოვნელას”, ან “კოლხეთსო”. დავკონკრეტდეთ, როგორ მოხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ კითხვები რჩება.

- უნდა გადავეჩვიოთ, რომ მუშა პროცესი მიმდინარეობდეს და არა ისე, სახელმწიფო თანხა მივიღო და არაფერი ვაკეთო. არ შეიძლება, რომ მუნიციპიალური კლუბების ხელმძღვანელები არაფერს აკეთებდნენ დამატებითი სახსრების მოსაძიებლად და მხოლოდ საბიუჯეტო ფულს ელოდებოდნენ. კლუბებს იმდენი თანხა ჩაერიცხებათ, რამდენიც სუნთქვის საშუალებას მისცემთ, ხოლო რამდენად ღრმად ისუნთქებენ, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული.

- სპონსორების მოზიდვის მხრივ რა სიახლეებია?

- ფეხბურთის ფედერაცია სხვადასხვა კომპანიებთან აწარმობს მოლაპარაკებას, მაგრამ ასე კონკრეტულად ჯერ ვერაფერს გეტყვით. ჯერ კონკრეტული არაფერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118693