ფეხბურთი

18:00 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ჩივაძე ნაკრებში აღარ, მაგრამ ფედერაციაში იმუშავებს 

ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება, თუმცა იმუშავებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. და კონკრეტულად რა პოსტზე დაინიშნება თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი, ეს ჯერ უცნობია.

კობიაშვილსა და ჩივაძეს ხმაურიანი საუბარი არ ჰქონიათ, შეთანხმდნენ შემდგომ თანამშრომლობაზე და კობიაშვილმა გადაცემა “ღია მიკროფონში” განაცხადა, რომ ბატონი საშას გამოცდილება და გვერდში დგომა ქართულ ფეხბურთს სჭირდება.

ჩივაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ 60 წლის გახდა, ოთხი წლის განმავლობაში თავკაცობდა 21-წლამდელთა ნაკრებს. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა 16 მატჩი გამართა, 7 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 8 წააგო. ყველაზე სასიამოვნო იყო ჰოლანდიასთან გასვლაზე 1:0 გამარჯვება, თუმცა დიდი ანგარიშით დამარცხებებიც არ აგვცდა: ესპანეთთან 2:5 და 0:5, იმავე ჰოლანდიასთან 0:6.

ვინ შეცვლის ჩივაძეს, ჯერ უცნობია. ეს იანვარში გაირკვევა. ფედერაციის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ჯერ თავად მწვრთნელებთან შეთანხმდება და შემდეგ გასაჯაროვდება ინფორმაცია. მიმდინარე შესარჩევში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი გადაწურული აქვს.

0.119348