ინგლისის ჩემპიონატის მე-19 ტურის ცენტრალური შეხვედრა “კინგ პაუერ სთედიუმზე” გაიმართება, სადაც მე-2 ადგილოსანი “ლესტერი” უახლოეს მდევარს “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება.
“ლესტერის” სენსაციურ და საოცარ თამაშზე არაერთხელ დაგვიწერია და ამაზე აღარ შევჩერდებით. “მელიებმა” გასულ ტურში “ლივერპულთან” დაძაბულ ბრძოლაში წააგეს და 10 მატჩის შემდეგ პირველად დამარცხდნენ, თუმცა მე-18 ტურის შემდეგ ლიდერობა მაინც შეინარჩუნეს.
გუშინ ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ბორნმუთი” დაამარცხა და “ლესტერს” ერთი ქულით გადაუსწრო. “მელიებს” თუ პირველი წრის ჩემპიონობა სურთ, დღეს გამარჯვება უნდა მოიპოვონ, რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში, ბურთების უკეთესი სხვაობა ლონდონურ კლუბს აქვს და ლიდერად ის ჩაითვლება.
გამარჯვების მოპოვება კი, დღეს ძალიან რთული იქნება, რადგან “ლესტერის” მეტოქე “მანჩესტერ სიტია”, რომელმაც ქულები უკვე საკმარისად დაკარგა და ყველანაირად ეცდება, რომ 3 ქულა მოიპოვოს და “ლესტერს” გადაუსწროს, ხოლო “არსენალს” 1 ქულამდე მიუახლოვდეს.
კლაუდიო რანიერის თქმით, მის გუნდში შესანიშნავი განწყობა სუფევს. მათი მთავარი მიზანი ჩემპიონატში 40 ქულის მოპოვებაა და ამასთან ძალიან ახლოს არიან, ხოლო დარჩენზე ისინი შემდეგ იფიქრებენ. ისინი ყოველ მატჩში მოსაგებად გამოდიან და ცდილობენ, რომ გულშემატკივრები მაქსიმალურად გაახარონ.
მასპინძელთა ბანაკში კარგი სიახლეა. კლუბს ძირითადის ნახევარმცველი დრინკვოთერი დაუბრუნდა, თუმცა ერთი-ერთი ლიდერის ჯეიმი ვარდის თამაში საეჭვოა. გარდა ამისა, “მელიებს” ჯეიმსი და შლუპი ჰყავთ ტრავმირებულნი.
საინტერესოა, რომ ორივე კლუბს პრემიერლიგაში ყველაზე მეტი, 37-37 გოლი აქვთ გატანილი. “ლესტერის” გოლებიდან 28 ბურთი კი, რიად მაჰრეზზე და ჯეიმი ვარდიზე მოდის, ხოლო “სიტის” რიგებიდან ყველაზე მეტი, 7 გოლი სერხიო აგუეროს აქვს გატანილი.
“ქალაქელების” მთავარი პრობლემა ვინსენტ კომპანის ტრავმაა, რომელიც თავის გუნდს წინა ტურში დაუბრუნდა, თუმცა უმალ დაშავდა და კვლავ ლაზარეთში გადაინაცვლა. მის გარეშე, “სიტის” დაცვა ძალიან არასტაბილურია და ბევრ ბურთს უშვებს. კომპანის გარდა, სამირ ნასრია ტრავმირებული, ხოლო ნიკოლას ოტამენდის თამაში საეჭვოა.
იმ შემთხვევაში, თუ დღეს “სიტი” დამარცხდა, მე-3 ადგილსაც დაკარგავს, რადგანაც “ტოტენჰემს” ბურთების უკეთესი მაჩვენებელი აქვს.
გასულ სეზონში ამ კლუბების ორივე დაპირისპირება “სიტის” გამარჯვებით დასრულდა. “ქალაქელებმა” “კინგ პაუერ სთედიუმზე” ფრენკ ლამპარდის გოლით მოიგეს, ხოლო შინ დავიდ სილვასა და ჯეიმს მილნერის ბურთებით იმარჯვეს. თუმცა, წელს “ლესტერი” სულ სხვა გუნდია და “სიტის” ბევრად რთული მატჩები ელის.
29 დეკემბერი. “კინგ პაუერ სთედიუმი". 23:45 საათი (თბილისის დროით).
ლესტერი - მატჩესტერ სიტი
სავარაუდო შემადგენლობები
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, სიმპსონი, ფუჩსი, კანტე, დრინკვოთერი, მაჰრეზი, ოლბრაიტონი, ვარდი, ულოა.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, ოტამენდი, მანგალა, სანია, კოლაროვი, ფერნანდინიო, ფერნანდო, ტურე, დე ბრუინი, სილვა, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი