დღეს გაიმართა საქართველოს ძიუდოს ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ქართულ ძიუდოში ახალი სისტემის დანერგვას ეხება.
პროექტის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ ისაუბრეს.
პროექტის მიხედვით, საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო ადგილებზე გასული ძიუდოისტებისგან ჩამოყალიბდება კლუბები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საკლუბო ჩემპიონატში.
ამ ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ძიუდოისტები და კლუბები მიიღებენ საპრიზო თანხებს. ამით, ფაქტობრივად. მოგვარდება ნაკრებს მიღმა დარჩენილი ძიუდოისტების ანაზღაურების პრობლემა.
საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობით ამ ძიუდოისტებს ექნებათ საშეჯიბრო პრაქტიკა და ისინი აღარ იქნებიან წელიწადში მხოლოდ ერთი შეჯიბრის საქართველოს ჩემპიონატის მოლოდინში.
პრეზენტაციას დაესწრნენ მწვრთნელები და ძიუდოისტები, რომლებსაც უშუალოდ ეხება ეს პროექტი. დავით ქევხიშვილმა მათ დეტალურად აუხსნა პროექტის დადებითი მხარეები. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსდება.
www.gjf.ge