ფეხბურთი

16:56 | 17.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: "ზუგდიდში მშობლებს არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ისაუბრეს ზუგდიდში არსებულ ბავშვთა აკადემიის დახურვის შემდეგ წარმოქმნილ საპროტესტო გამოსვლებზე. ითქვა უწმაწური სიტყვები ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის მიმართ, ბავშვთა მშობლები ხმაურიან განცხადებებს აკეთებდნენ - "ესენი ღუპავენ ქართულ ფეხბურთს, ამისთვის მოვიდნენ სათავეში".

კობიაშვილმა და მუჯირმა განმარტეს, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება:

ლევან კობიაშვილი: უეფას აქვს ეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ორი გუნდის შენახვას. როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბაზაზე ეს გუნდები ვარჯიშობენ, თამაშობენ, იქ ცხოვრობენ. უეფა-დან ამ პროექტის კურატორი გახლავთ ჟან-ფრანსუა დომერგი, რომელიც ამჟამად აქ გახლავთ ჩამოსული, კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ და მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ ზუგდიდში არსებული ე.წ. აკადემიის ფილიალი უეფას პროექტით ფუნქციონირებდა. საზოგადოებას და მათ შორის, მშობლებს, ფედერაციის ძველი ხელმძღვანელობა არასწორ ინფორმაციას აწვდიდა. უეფა წლიურად 200 000 ევროს გამოდის იმისთვის, რომ ორი ასაკობრივი გუნდი არსებობდეს და მათ ჰქონდეთ ვარჯიშები ევროპული სტანდარტებით. ზუგდიდის ე.წ. აკადემიის ფილიალი ამ თანხაში არ იყო და არც არის გათვალისწინებული. ეს დაიგეგმა კონკრეტული პიროვნებების ინტერესებიდან გამომდინარე, რაც მშობლებმა არ იცოდნენ.

...გული მწყდება ბავშვებზე, რადგან მათ არაფერი დაუშავებიათ. გულდასაწყვეტია. კიდევ ვიმეორებ, მათ მშობლებს და საერთოდ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ მიწოდებული. ზუგდიდელ ბავშვებს, რომლებიც სელექციისას დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, თბილისში გადმოვიყვანთ და ვეცდებით, დანარჩენი ბავშვებიც სადმე მოვახვედროთ.

...არავის ვაპატიებ იმ გამოთქმებს, რაც ზუგდიდში მოვისმინეთ. შეურაცხყოფას აყენებდნენ ფედერაციის თანამშრომლებს და მთლიანად ფედერაციას, თანაც, ისეთი ადამიანები, რომლებიც სტადიონზე ორჯერ არ იქნებიან ნამყოფნი. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.

...ხვალ მივდივართ ბათუმში, სადაც კლუბების ხელმძღვანელთა შეხვედრა იქნება. იქ ვისაუბრებთ ფინანსურ პრობლემებზეც. დეტალურად ამის შემდეგ გაგაცნობთ, თუ რა ითქმება.

დავით მუჯირი: ჩვენ ფაქტის წინაშე დავდექით, როცა ფედერაციაში მოსულებს სფფ-ის ზუგდიდის ე.წ. აკადემიის ფილიალი დაგვხვდა. განვმარტავ: ეს არ იყო უეფას გათვალისწინებულ ხარჯებში, ეს იყო კონკრეტული პიროვნებების ინტერესებისთვის შექმნილი გუნდი. ჩვენ არაფერს არ ვშლით, გვაქვს პროექტი, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს ბავშვთა განვითარებისთვის, მაგრამ თანხები დაიხარჯება მიზნობრივად. უკვე ჩამოყალიბებლია შესაბამისი განყოფილებები და დაიწყება მუშაობა ამ კუთხით.

...ეს მარტო ზუგდიდს კი არ ეხება, არამედ თბილისსაც, რადგან არც აქ, სფფ-ის თბილისის აკადემიაში არაა სწორად ყველაფერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126456