ფეხბურთი

17:24 | 14.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ ფედიჩკინი: “მოვახერხეთ ის, რომ ბათუმში ხალხი ფეხბურთისკენ შემობრუნდა”

გასულ სეზონში ბათუმის “დინამოს” წარმატებამ ქალაქში ფეხბურთისკენ შემოაბრუნა ბევრნი – დიდი თუ პატარა. წინა წლებში თუ ჩამკვდარი იყო ინტერესი, ახლა ასე აღარაა: კლუბის ხელმძღვანელობა მუდმივად ზრუნავს ფეხბურთის პოპულარიზაციაზე, აწყობს საზეიმო ღონისძიებებს, ხვდება ბავშვებს, საჩუქრებს ურიგებს და ასე შემდეგ.

რამდენიმე დღის წინ ბათუმის “დინამოს” დირექტორი ოთარ ფედიჩკინი და ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ფორვარდი გიორგი დემეტრაძე შეხვდნენ ბავშვებს, ეს იყო სოციალური პროექტი და ამის შესახებ “მსოფლიო სპორტი” ფედიჩკინს ესაუბრა. რა თქმა უნდა, კლუბის სხვა ამბებზეც ვკითხეთ:

ოთარ ფედიჩკინი: “ბევრს დაკარგული ჰქონდა ის გრძნობა, თუ რას ნიშნავდა ბათუმელთათვის ბათუმის “დინამო”. ჩვენ გვსურდა, რომ ხალხი ფეხბურთისკენ შემოტრიალებულიყო და ეს მოვახერხეთ. ეს ყველაფერი არაა, კიდევ ბევრს ვიმუშავებთ ამ კუთხით. კლუბი ხშირად ხვდება ბავშვებსა და ჭაბუკებს. ამჯერად გიორგი დემეტრაძესთან ერთად ვიყავით სკოლის მოსწავლეებთან. რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდათ ასეთ ფეხბურთელთან ერთად ყოფნა, მასთან საუბარი. ვცდილობთ, ბავშვებმა და ჭაბუკებმა ფეხბურთს მეტი დრო დაუთმონ, არ მოწიონ სიგარეტი, ქუჩაში უაზროდ არ იდგნენ. დღეს ქალაქში ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელებს სცნობენ, ესალმებიან. ეს მახარებს”.

- როგორც ვიცით, ეს სოციალური პროექტია და საჩუქრებს არიგებთ.

- ასეა. ჩვენს კლუბში მიღებულია, რომ პერიოდულად თანხას ვაგროვებთ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს ვეხმარებით. თავად ფეხბურთელებიც, რა თქმა უნდა, თანხას არ იშურებენ.

- ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება, როცა ბათუმში სტადიონი იქნება. ვიცით, რომ მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება და ბოლო დღეებში კიდევ რაიმე სიახლე ხომ არ ყოფილა?

- არა, მარტში ტენდერი გამოცხადდება და მაისში უკვე დაიწყება მშენებლობა. სტადიონი 20 000-იანი იქნება, სუფთა საფეხბურთო, სარბენი ბილიკების გარეშე. მზად კი, სტადიონი 2018 წლის დასაწყისისთვის იქნება. მანამდე კი ბაზა გვექნება “ანგისას” ტერიტორიაზე. გაისად სექტემბრისთვის მზად იქნება, მაგრამ მანამდე ვარჯიშები შეგვეძლება. ახლა მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ბაზაზე ტრიბუნები იქნება 1500-კაციანი და გაზაფხულზე უკვე იქ ვივარჯიშებთ, შემდეგ თამაშიც და დარწმუნებული ვარ, ტრიბუნები გაივსება ხოლმე. ბაზაზე განათებაც იქნება.

- პირველი წრე დასრულდა, ბათუმის “დინამო” მეექვსე ადგილზეა და რამდენად კმაყოფილი ხართ?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრავმების გამო ხშირად გვაკლდებოდა ფეხბურთელები, უკმაყოფილო არ ვარ. იყო პერიოდი, როცა 8 წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა. მეორე წრეში უკეთესი შედეგის იმედი გვაქვს.

- ერთი თვის წინ თურქულ “რიზესფორს” შეხვდით ამხანაგურ მატჩში. კიდევ იგეგმება ამხანაგური თამაშები ასეთ გუნდებთან?

- დიახ. ამ მატჩებს თურქული კომპანია ენდატოურ-ი გვიხერხებს, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ. გვაქვს მოლაპარაკება “ტრაბზონსფორთან” ამხანაგური მატჩის გამართავაზე, ასევე, თურქეთის პირველი ლიგის კლუბებთან.

- შეკრებას, ალბათ, თურქეთში გაივლით.

- ასეა. ანტალიაში წავა გუნდი.

- კიდევ რაიმე სიახლე ხომ არაა კლუბიდან?

- ქალთა ფეხბურთის გუნდის შექმნას ვაპირებთ. 30 გოგონა უკვე გვყავს და ეროვნულ ჩემპიონატში ვითამაშებთ. ამას უკვე ლიცენზირებაც გვავალდებულებს. ზოგადად კი, პოპულარიზაციაზე სულ ვზრუნავთ. გვსურს, რომ ბათუმის ”დინამო” ქალაქში ხალხს გონებაში უტრიალებდეს. უქომაგონ “რეალს”, “ბარსელონას”, “ბაიერნს” და სხვებს, მაგრამ უპირველესად მათი საყვარელი გუნდი ბათუმის “დინამო” იყოს – ეს გვსურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113514